კაცებს რომ მენსტრუაცია ჰქონოდათ...
გლორია სტეინემი, 1986
გლორია სტეიტმანი ამერიკელი ფემინისტი, სოციალური და პოლიტიკური აქტივისტი და ჟურნალისტია. საზოგადოებამ ის 1960-1970 წლებში გაიცნო, როგორც ქალთა ლიბერალური მოძრაობის ლიდერი. ქართული გამოცემა identoba.com მისი ერთ-ერთი საინტერესო სტატიის თარგმანს აქვეყნებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
ინდოეთში ცხოვრებამ გამაცნობიერებინა, რომ მსოფლიოს თეთრკანიანი უმცირესობა საუკუნეების განმავლობაში გვაიძულებდა, დაგვეჯერებინა, თითქოს თეთრი კანი ადამიანს უპირატესს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში, ერთადერთი, რასაც თეთრი კანი მართლა აკეთებს, ისაა, რომ თეთრკანიანებს ულტრაიისფერი სხივებისა და ნაოჭების მიმართ მოწყვლადობას უმაღლებს. .
ფროიდის წაკითხვამ მხოლოდ და მხოლოდ სკეპტიკური განწყობა გამიჩინა “პენისის შურის” მიმართ. ბავშვის გაჩენის შესაძლებლობის გამო “საშვილოსნოს შურის” არსებობა უფრო ლოგიკურია. და სინამდვილეში, ისეთი გარეგანი და დაუცველი ორგანო, როგორიც პენისია, კაცებს მხოლოდ უფრო უძლურებს ხდის.
თუმცა, ახლახანს, მაინც უხერხულობით დავიწვი, როცა ერთი ქალი ჰყვებოდა, როგორ მოუვიდა მენსტრუაცია მოულოდნელად (მის კაბაზე წითელი ლაქა გაჩნდა, საჯარო კრებაზე გაცხარებული კამათისას). მერე კი ამიხსნა, რომ, როდესაც ეს თვალნათელი მოვლენა ჩურჩულით ამცნეს, მან მთლიანად მამაკაცებისგან შემდგარ აუდიტორიას მიმართა: “უნდა გეამაყებოდეთ, რომ თქვენს სცენაზე ისეთი ქალი დგას, რომელსაც მენსტრუაცია მოუვიდა. ეს ალბათ ერთადერთი ნამდვილი მოვლენაა, რაც ამ ჯგუფში წლების განმავლობაში მომხდარა.”
სიცილი. შვება. მან ნეგატიური პოზიტიურად აქცია. რაღაცნაირად მისი ისტორია ინდოეთსა და ფროიდს დაუკავშირდა, და მიმახვედრა, თუ რა ძალა აქვს პოზიტიურ აზროვნებას. ნებისმიერი “უპირატესი” ჯგუფის ნიშან-თვისება ამ ჯგუფის უპირატესობის დასადასტურებლად გამოიყენება და პირიქით, “დაქვემდებარებული” ჯგუფის ნებისმიერი თვისება – მისი მდგომარეობის გასამართლებელ საბუთად. შავკანიან მამაკაცებს დაბალანაზღაურებად სამსახურებს სთავაზობდნენ, რადგან ისინი თეთრკანიან მამაკაცებზე “ძლიერებად” ითვლებოდნენ, მაშინ, როცა, ყველა ქალს დაბალანაზღაურებადი სამსახური იმიტომ უნდა ჰქონოდა, რომ “სუსტები” არიან. როგორც ერთმა პატარა ბიჭმა თქვა, როცა ჰკითხეს, უნდოდა თუ არა, დედამისივით იურისტი გამოსულიყო: “არა, ეს ქალის სამსახურია”. ლოგიკას არაფერი აქვს საერთო ჩაგვრასთან.
და რა მოხდებოდა, უცებ, სასწაულებრივად, კაცებს რომ ჰქონოდათ მენსტრუაცია და ქალებს _ არა?
რა თქმა უნდა, მენსტრუაცია გახდებოდა შესაშური, ღირსეული, მამაკაცური მოვლენა:
კაცები იამაყებდნენ მისი ხანგრძლივობითა და რაოდენობით.
პატარა ბიჭები მასზე ილაპარაკებდნენ, როგორც _ მამაკაცობის შესაშურ საწყის წერტილზე. ამ დღეს აღნიშნავდნენ საჩუქრებით, რელიგიური რიტუალებით, საოჯახო სადილებითა თუ წვეულებებით.
ძლიერების თვიური მუშაობის დანაკარგის თავიდან ასაცილებლად კონგრესი დისმენორეის (1) ეროვნულ ინსტიტუტს დააარსებდა. ექიმები ძალიან ცოტა კვლევებს ჩაატარებდნენ გულის დაავადებების შესახებ, რომლებისგანაც კაცები ჰორმონალურ დონეზე იქნებოდნენ დაცული, თუმცა, გამოიკვლევდნენ ყველაფერს მენსტრუალური სპაზმების შესახებ.
ჰიგიენური საშუალებები სახელმწიფოს დაფინასებული და უფასო იქნებოდა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კაცი მაინც გადაიხდიდა ისეთი პრესტიჟული ბრენდებისათვის, როგორიცაა პოლ ნიუმენის ტამპონები, მუჰამედ ალის საფენები, ჯონ ვეინის მაქს საფენები და საფენები: ჯო ნამატ ჯოკ შილდსი – “იმ ბედნიერი ახალგაზრდობის დღეებისთვის”.
სტატისტიკური კვლევებით დადასტურდებოდა, რომ კაცები მენსტრუაციის პერიოდში უფრო წარმატებულები არიან სპორტში და მეტი ოლიმპიურ მედლებს იგებენ.
მემარჯვენე პოლიტიკოსები და რელიგიური ფუნდამენტალისტები იტყოდნენ, რომ მენსტუაცია (“men(მამაკაცი”) – სტრუაცია) დასტურია იმისა, რომ მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ ემსახურონ და იბრძოლონ ღვთისა და სამშობლოსათვის. (“ სისხლი უნდა გასცე, რათა მიიღო იგი”), დაიკავონ მაღალი პოლიტიკური თანამდებობა (“როგორ შეეძლებათ ქალებს ჰქონდეთ ძალაუფლება, პლანეტა მარსის მიერ მართული თვიური ციკლის გარეშე”), იყვნენ მღვდლები, მინისტრები ან თავად ღმერთი (“უფალმა სისხლი გაიღო ჩვენი ცოდვებისთვის”), ან კიდევ რაბინები (“თვიური სიბინძურეებისგან განწმენდის გარეშე, ქალები უწმინურები არიან”).
მამაკაცი ლიბერალები და რადიკალები, კი იტყოდნენ, რომ ქალი თანასწორია, უბრალოდ _ განსხვავებული; და რომ ნებისმიერ ქალს შეუძლია, შეუერთდეს მათ რიგებს, იმ შემთხვევაში, თუ აღიარებს მენსტრუალური უფლებების მნიშვნელოვნებას. (“ყველაფერი სხვა, სხვა საკითხია”) ან იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავს ჭრილობას მიაყენებს ყოველთვიურად (“რევოლუციისათვის სისხლი უნდა გაიღო”)
ქუჩის ბიჭები სლენგს გამოიგონებდენ (“სამ-საფენიანი ტიპია”) და, ქუჩის კუთხეში ხელის ჩამორთვევისას, იტყოდნენ:
- “კარგად გამოიყურები, ძმა”,
- “ხო ძმა _ ნაჭრებზე ვარ”.
სატელევიზიო გადაცემები საკითხს ღიად გააშუქებდნენ. (ბედნიერი დღეები: რიჩი და პოსტი ცდილობენ, დაარწმუნონ ფონზი, რომ ის ისევ ისეთია, როგორიც მანმადე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მენსტრუაცია ორჯერ გადაუცდა. ჰილ სთრით ბლუზი: მთელი უბნის ციკლი ერთ პერიოდში მოექცა); ასევე მოიქცეოდნენ გაზეთები: ( “ზაფხულის ზვიგენების შემოტევა საფრთხეს უქმნის მენსტუაციის მქონე კაცებს”. “მოსამართლე სექსუალური მოძალადის ბოდიშში თვიურის თემაზე საუბრობს”), და ასევე ფილმებიც (ნიუმენი და რედფორდი ფილმში – “მოსისხლე ძმები”)
კაცები დაარწმუნებდნენ ქალებს, რომ სექსი “თვის ამ ნაწილში” უფრო სასიამოვნოა. ლესბოსელებს დააბრალებდნენ, რომ სისხლის და, შესაბამისად, სიცოხცლის შიში აქვთ, და ერთადერთი, რაც მაგათ უშველით, ერთი კარგი მენსტრუაციიანი კაცია.
სამედიცინო სკოლები ქალების მიღებას შეზღუდავდნენ (“შესაძლოა სისხლის დანახვაზე გული წაუვიდეთ”)
რა თქმა უნდა, ინტელექტუალები უფრო ლოგიკურ და მორალურ არგუმენტებს შემოგვთავაზებდნენ. მთვარისა და პლანეტების ციკლთა გაზომვის ბიოლოგიური უნარის გარეშე როგორ შეუძლიათ ქალებს ისეთი საგნების ათვისება, რომლებიც დროისა და სივრცის აღქმას, მათემატიკურ აზროვნებას ან კიდევ ნებისმიერი რამის გაზომვას მოითხოვს? ფილოსოფიასა და რელიგიაში როგორ შეიძლება, ქალებმა აინაზღაურონ ბუნებრივი დანაკლისი იმისათვის, რომ სამყაროს რიტმისგან მოწყვეტილნი არიან? ან კიდევ არ შეუძლიათ სიმბოლური სიკვდილი და აღდგომა ყოველთვიურად?
მენოპაუზა აღინიშნებოდა, როგორც პოზიტიური მოვლენა, სიმბოლო იმისა, რომ კაცმა უკვე საკმარისი ციკლური სიბრძნე დააგროვა ცხოვრებაში და მეტი აღაც არის საჭირო.
ლიბერალური მამაკაცები, ყველა სფეროში ეცდებოდნენ, კეთილები ყოფილიყვნენ. ის ფაქტი, რომ “ამ ხალხს” ბუნებრივი უნარი არ აქვთ ცხოვრების გასაზომად, ისედაც საკმარისი სასჯელია, – იტყოდნენ ისინი.
და როგორ რეაგირებას ასწავლიდნენ ქალებს? შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ მემარჯვენე ქალი, რომელიც, უბრალოდ, ეთანხმება ამ არგუმენტებს ერთგული და გაღიმებული მაზოხიზმით. (“თანამედროვე ყოფა ოჯახის ქალებს აიძულებს, საკუთარ თავს ყოველთვიურად მიაყენონ ჭრილობა,” – ფილის შლაფლი)
მოკლედ რომ ვთქვათ, აღმოვაჩენდით იმას, რაც, წესით, უკვე უნდა აღმოგვეჩინა _ რომ ლოგიკა ლოგიკის შემქმნელის ხელშია. (მაგალითად, აი იდეა თეორისტებისა და ლიგიკოსებისთვის: თუ ქალები ნაკლებად რაციონალურები და მეტად ემოციურები არიან მენსტრუაციის დასაწყისში, როცა ქალური ჰორმონი ყველაზე ცოტა რაოდენობით გამოიყოფა, რატომ არ შეიძლება ლოგიკურად დავასკვნათ, რომ ამ დღეებში ქალები წესით უნდა იქცეოდნენ ისე, როგორც კაცები იქცევიან მთელი თვის განმავლობაში? დანარჩენი ინტერპრეტაციები თქვენთვის მომინდვია).
სიმართლე კი ის არის, რომ კაცებს რომ მენსტრუაცია ჰქონოდათ, ძალაუფლეობრივი არგუმენტები არასოდეს დაილეოდა.
კომენტარი