კიევში 10 ათასი ადამიანი ტიმოშენკოს სამართლებრივ დევნას აპროტესტებს
კიევში იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესი დაიწყო. ყოფილ პრემიერ-მინისტრს, როგორც ცნობილია, რამდენიმე სახის ბრალდება აქვს წაყენებული. პირველივე სხდომა სკანდალით დაიწყო. ტიმოშენკომ პეჩორის სასამართლო დაადანაშაულა იმაში, რომ ის დამოუკიდებელად არ მოქმედებს. მისი თქმით, მოსამართლე როდიონ კირეევი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დაქმედებარებაშია, რომელსაც ერთდროულად უფლება აქვს უხელმძღვანელოს გამოძიებას და გაათავისუფლოს მოსამრთლე. ნორმალურ ქვეყანაში ამას ინტერესთა კონფლიქტი ჰქვია - განმარტა ექს-პრემიერის ადვოკატმა.
სასამართლოს მიმართ წაყენებული ბრალდებების შემდეგ, ტიმოშენკო ქუჩაში გაემართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ ტიმოშენკოს მომხრეები და მიწინააღმდეგეები დგანან და მათ შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, პეჩორის სასამართლოს შენობასთან დაახლოებით 1500 ადამიანია შეკრებილი. თუმცა, ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ხრეშატიკზე, 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომელნიც ტიმოშენკოს მხარდამჭერი აქციის გამართვას გეგმავენ.
დღევანდელი სასამართლოს შესახებ ინფორმაცია, თავად იულია ტიმოშენკომ, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. როგორც ჩანს, პრემიერი ამ გზით მხარდამჭერების სოლიდური რაოდენობის აქციაზე შეკრებას ვარაუდობდა. ტიმოშენკოს წინააღმდეგ, უკრაინაში სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთი, ფულის უკანონო ხარჯვას ეხება, მეორე, სასწრაფო დახმარების მანქანების შეძენის ცნობილ სკანდალს, ხოლო მესამე - რუსეთთან ბუნებრივი აირის შესახებ კონტრაქტების ხელმოწერას, რის შემდეგაც, სახელმწიფოს დიდი ფინანსური ზარალი მიადგა.
აღსანიშნავია, რომ ტიმოშენკოს პროცესის საჯაროობა თავად პროკურატურამ მოითხოვა. უკრაინის გენერალური პროკურორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი რეზონანსული საქმე, რომელიც საჯარო სახეებს ეხება, თუ გრიფით „საიდუმლო“ არ ტარდება, უნდა განიხილებოდეს ღიად. უკრაინის პროკურატურამ, რამდენიმე კვირის წინ, იულია ტიმოშენკო ორიოდე საათით დააპატიმრა, თუმცა უკრაინაში აკრედიტირებული უცხოეთის სალეჩოების აქტიური ჩარევის შემდეგ, ექსპრემიერი გაათავისუფლეს.
კომენტარი