ობამა გადამწყვეტი დღისთვის ემზადება
მომავალ ხუთშაბათს პრეზიდენტი ობამა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას ეკონომიკური განვითარების გეგმას წარუდგენს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ გამოსვლას და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგიის სწორ განსაზღვრას, საპრეზიდენტო არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
ეკონომიკური სტაგნაციის და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტის წინაშე არც თუ ისე იოლი ამოცანა დგას. ბარაკ ობამამ ცოტა ხნის წინ განაცხადა:
“კონგრესს რამდენიმეეტაპიან გეგმას წარვუდგენ, რათა ცვილებები რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. საშუალო კლასის ოჯახები დაუყოვნებლივ უნდა დასაქმდეს. ბიზნესებს მუშახელის დაქირავება უნდა გავუადვილოთ და მშენებლები მშენებლობას დავუბრუნოთ. ქვეყნის გზების, რკინიგზების და აეროპორტების განახლება სასწრაფოდ დასაწყებია. ეს ყველაფერი ჩვენი ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს“.
უკანასკნელი გამოკითხვებით ობამას რეიტინგი 44 პროცენტამდეა დავარდნილი. ეს მისი პრეზიდენტობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გამოკითხულთა ორი მესამედი, თითქმის 65 პროცენტი აცხადებს, რომ მათ არ აკმაყოფილებთ ის, თუ როგორ ართმევს ობამა თავს მტკივნეულ ეკონომიკურ საკითხებს. გამოკითხვები ასევე ადასტურებს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომიკა იქნება.
დემოკრატებს შორის ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, თუ რამდენად აგრესიული უნდა იყოს ობამას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გეგმა. განიხილება რამდენიმე სტრატეგია: გადასახადის შემცირება იმ ბიზნესებისთვის, რომელიც მუშახელს ქირაობს, დიდი ხნის უმუშევართათვის სპეციალური ტრეინინგების ჩატარება, გადასახადის შემცირება საშუალო კლასის ამერიკელებისთვის, ახალი ბიუჯეტი სკოლების, ხიდების, გზების და სხვა ინფრასტრუქტურის განახლებისთვის და ასე შემდეგ.
ასევე მოსალოდნელია განახლდეს მოლაპარაკება კონგრესთან, რათა საბოლოოდ დამტკიცდეს ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ პანამასთან, კოლუმბიასთან და სამხრეთ კორეასთან. დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ამ პრიორიტეტების რაციონალურ დაბალანსებას კონგრესი დადებითად შეაფასებს და გეგმის საბოლოო სახე რესპუბლიკელებისთვისაც მისაღები გახდება.
პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ წესით მისი გეგმა ორივე პარტიის ინტერესებს უნდა აკმაყოფილებდეს და იმედს გამოთქვამს, რომ კონგრესი მას გვერდში დაუდგება. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებს დროებით დაივიწყონ პარტიული პრინციპები და ქვეყნის და ამერიკელი ხალხის ინტერესები მათზე წინ დააყენონ.
რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მას არ ეთანხმება. ჯო ველში, ილინოისის შტატის წარმომადგენელი კონგრესში, ამბობს, რომ რესპუბლიკელები არაფერ ახალს პრეზიდენტისგან არ მოელიან. ხუთშაბათს ის ობამას ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე დასწრებას არც აპირებს და აცხადებს, რომ ეს მორიგი პოლიტიკური შოუ იქნება. „მირჩევნია ჩემს ქალაქში გავფრინდე და ქალაქის მუნიციპალურ სხდომას დავესწრო, სადაც რეალური სამუშაო ადგილების შემქმნელები იკრიბებიან“ - ამბობს ის.
“მგონია, რომ ისევ ანალოგიური მასტიმულირებელი პაკეტი იქნება წარმოდგენილი. მასში მთავრობისთვის ძველებურად კიდევ უფრო მეტი საბიუჯეტო დანახარჯის და სესხის მოთხოვნა იქნება. უკვე სამი წელია ამას ვუყურებთ. ეს მეთოდი არ ამართლებს. ჩვენ იმ ნაბიჯების სრულიად საპირისპირო ქმედება გვჭირდება, და არა გამუდმებით ერთი და იგივე“.
ამიტომ პრეზიდენტ ობამას გეგმას რესპუბლიკელებმა შესაძლოა მხარი არ დაუჭირონ. ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი ლარი საბატო პოლიტიკის ცენტრის დირექტორია. ის თვლის, რომ ობამამ უფრო მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას. თუმცა, იმასაც აღიარებს, რომ ბევრს მოითხოვს ობამა თუ ცოტას, რესპუბლიკელები მას არცერთ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერენ. პროფესორ საბატოს სხვა ექსპერტებიც ეთანხმებიან, მათ შორისაა როჯერ ჰიკი, ლიბერალთა მხარდამჭერი ორგანიზაციის დირექტორი.
„პრეზიდენტმა ფოკუსირება თუ იმაზე გააკეთა, რა დათმობაზე უფრო წავლენ რესპუბლიკელები, მისი იმიჯი ამერიკელ ხალხში კიდევ უფრო დაზიანდება. ისინი იფიქრებენ, რომ ობამა კრიზისს სწორად ვერ აღიქვამს“.
ასეა თუ ისე, 8 სექტემბრის გამოსვლა და მასზე დიდად დამოკიდებული, ეკონომიკის შემდგომი განვითარება, პრეზიდენტ ობამას კარიერაში გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. ობამას პრესმდივანი, ჯეი კარნი, თვლის, რომ ობამას ახალი გეგმა ქვეყანაში უმუშევრობას შეამცირებს. ეკონომიკის სპეციალისტების დიდი ნაწილი კი შიშობს, რომ უმუშევრობა ამერიკაში 9 პროცენტიან მაჩვენებელთან კიდევ ერთი წელი მაინც იტრიალებს.
კომენტარი