სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 სტუდენტი, 75 დასაქმებული, 65 პროფესიული კოლეჯის აღსაზრდელი, სასკოლო საგნებში გადამზადებული 19 ბენეფიციარი....

15 სტუდენტი, 75 დასაქმებული, პროფესიული კოლეჯის 65 აღსაზრდელი, სასკოლო საგნებში გადამზადებული 19 ბენეფიციარი.... - "ფონდი ნატახტარი“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველო“ საქველმოქმედო პროექტის - "იზრუნე მომავალზე" - ფარგლებში მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად განხორციელებული საქმიანობისა და ფინანსურ დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს.

„ფონდი ნატახტარის“ მიზანია საქართველოში მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებსა და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებზე ზრუნვა, რაც გულისხმობს მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას: აკადემიური თუ პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებას, და ზოგადად, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაზე ზრუნვას. წელს ფონდმა დახმარება გაუწია 177 ბენეფიციარს.

შეგახსენებთ, პროექტი 2011 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებულად ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლიდან პროექტში 15 წლის მოზარდებიც ერთვებიან. მანამდე პროექტის სამიზნე ჯგუფი იყო სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი 16-18 წლის და უფროსი ახალგაზრდები. 2015 წელს ფონდმა წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მათ შორის, სხვადასხვა სასკოლო საგნებში მომზადება 19 აღსაზრდელმა გაიარა; უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა კიდევ 5 ბენეფიციარი; კოლეჯებში პროფესიული უნარების დაუფლება კი, 2015 წლის მდგომარეობით, 65 მოზარდმა შეძლო. მოზარდებს სხვადასხვა ხელობისადმი აღმოაჩნდათ ინტერესი, როგორიცაა სადურგლო საქმე, კრიმინალისტიკა, თაბაშირ-მუყაოზე მუშაობა, კულინარია, ფარამაცევტის საქმე, ელექტროშედუღება, მეტყევეობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ტყავის აქსესუარების დამზადება, კომპიუტერული ქსელების მოწყობა, ავტოშეკეთება და სხვა.

დასაქმდა 75 ბენეფიციარი, მათ შორის, დასაქმება და სტაჟირება განხორციელდა კომპანია „ნატახტარის“ ქარხანაში, კერამიკულ საამქროში, ავტოსახელოსნოებში, სხვადასხვა სალონებში და წალენჯიხის ადგილობრივ ტელევიზიაში. დამსაქმებლებს შორის ასევე არიან, Coffe Break, DownTown, Leaving Stone, el cnetro, m group, სასტუმრო „ჰილტონი“, „მეტრო“, კაფე ბარი „იმპერიალი“, ელ-დეპო, ფეხსაცმლის საკერვალო საამქრო „მასიჩი“, კაფე „სთარზ“ (თელავი), კაფე „შუა ქალაქი“ (თელავი) და სხვა.

მნიშვნელოვანი იყო სტაჟირების მიმართულების გააქტიურებაც, რომელიც 52 აღსაზრდელმა გაიარა და სხვადასხვა ხელობა შეისწავლა, დასაქმების პერსპექტივით, როგორიცაა ავეჯის აწყობა, საკონდიტრო საქმე, ვიდეომონტაჟი, კერამიკაზე მუშაობა, ჭრა-კერვა, სტილისტობა, ვიზაჟი, ფეხსაცმლის კერვა, ვებდიზაინი, ივენთ მენეჯმენტი, ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინი და სხვა.

ავტომობილის მართვა შეისწავლა და შესაბამისი მოწმობა აიღო ხუთმა ბენეფიციარმა. მოზარდები, რომლებიც გავიდნენ მცირე საოჯახო სახლიდან და არ გააჩნიათ თანადგომის ქსელი, პროექტის ფარგლებში იღებენ შემდგომ მომსაურებებს: ბინის ქირას, კვებისა და მგზავრობისთვის საჭირო თანხას. ასეთების რიცხვი 31-მდე გაიზარდა.

2015 წლის ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა ხუთმა აბიტურიენტმა. 2015 წლის მონაცემებით, ფონდი ეხმარება 15 სტუდენტს. მათ სახელმწიფო უფინანსებს სწავლის გადასახადს, ხოლო თუ უნივერსიტეტის გადასახალი 2250 ლარზე მეტია, ფონდი ავსებს დანაკლისს. ფონდი ფარავს, აგრეთვე, სახელმძღვანელოებისა და ყოველდღიური საჭიროებებისთვის აუცილებელ ხარჯებს.

ფონდი „ნატახტარის“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს“ ბენეფიციარები სწავლობენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, კერძოდ, საქართველოს უნივერსიტეტში, სოხუმის უნივერსიტეტში, დავით აღმაშენებლის, სულხან საბა ორიბელიანის სახელობის, თავართქილაძის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მნიშვნელოვან პროფესიებს ეუფლებიან, როგორიცაა: ფსიქოლოგია, ტურიზმი, ჟურნალისიტიკა, ინკლიზიური განათლება, საჯარო მმართველობა, სამართალმცოდნეობა და სხვა.

ასოციაცია „ჩვენი სახელი - საქართველოს“ წარმომადგენელი მანანა ომარაშვილი დასძენს, რომ „პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ხორცილედება მიზნობრივად და ეტაპობრივად, თითოეული ბენეფიციარის ინეტრესი და ინიციატივა ჩვენთვის დასაყრდენია და ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპებია: ბენეფიციარების ჭეშმარიტ ინტერესებზე მორგებული მომსახურება, გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი, ტოლერანტობა და გუნდური მუშაობა“.

4 წლიანი სტატისტიკა ასეთი: 2012 წელს ფონდმა 72, 2013 წელს 152, 2014 წელს 167 და 2015 წელს 177 ბენეფიციარზე იზრუნა. სამი წლის განმავლობაში 426 544 ლარი, ხოლო ბოლო 2015 წელს 161 313 ლარი შეგროვდა.

ფონდი „ნატახტარი“ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა–კურთხევით 2010 წლის ნოემბერში შეიქმნა. პროექტი „იზრუნე მომავალზე“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს აძლევს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების შესაძლებლობას და ხელს უწყობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს მომზადებულები შეხვდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მოზარდებს დახმარებას უწევს ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველოს“ კვალიფიციური ფსიქოლოგების გუნდი. ფონდის დახმარებით საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა წვლილი შეიტანოს საქველმოქმედო პროცესში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100