არ იცით, ვინ დაიწყო 2008 წლის ომი? – „კვირის პალიტრა“ გეტყვით...
წერილს, რომელიც „კვირის პალიტრამ“ ინკოგნიტო თვითმხილველებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე შეგვიძლია დავარქვათ „გაცხადებული ღალატის ქრონიკა“: წერილში აღწერილი დეტალი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში რუსი „სამშვიდობოების“ ჩართვის მიზეზს ეხება და ირიბად მიანიშნებს, რომ „რუსული აგრესია“ (სწორედ ეს შერბილებული, დიპლომატიური ტერმინია გამოყენებული) ქართული მხარის ქმედებით იყო გამოწვეული.
რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, წერილი იწყება ასე: „წინასწარ ვიცით, რომ ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, შეიძლება რუსულმა მხარემ თავის სასარგებოდ გამოიყენოს. ართქმაც არ შეიძლება, რადგან აგვისტოს ომის ამ ერთმა ეპიზოდმა, სავარაუდოდ, კრემლს საბაბი მისცა, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გაემართლებინა და მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინა, როგორ დაესხნენ თავს ქართველი მებრძოლები რუსულ სამშვიდობო ძალებს“.
არავინ იცის, აუკანკალდა თუ არა ხელი რედაქტორს, როცა ამ წერილის გამოქვეყნების ვიზა გასცა, მაგრამ „კვირის პალიტრის“ წერილის ამ ტონის დასაწყისი, მინიმუმ, იმას მაინც უნდა გაფიქრებინებდეს, რომ სააშკარაოზე გამდის უტყუარი მტკიცებულება, ფაქტი, რომელსაც სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროები ადასტურებენ და ფაქტი, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო ფართო საზოგადოებისთვის.
ასე უნდა იყოს, არა? მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ: წყარო იმაზე მოულოდნელად არაკომპეტენტური და, შესაძლოა, არარსებულიც კია, ვიდრე თქვენ გგონიათ, ან ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნება ითვალისწინებს:
ციტატა:
„"კვირის პალიტრა" რამდენიმე თვითმხილველს ესაუბრა. თუმცა შესაძლოა, მომხდარის მომსწრე იყოს ასზე მეტი მებრძოლი, რომლებიც მაშინ ცხინვალისკენ მიიწევდნენ.“
რა შთამბეჭდავია, არა? „კვირის პალიტრამ“ ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით სიცხადე შეიტანა საკითხში, რომელზეც კარგა ხანს დაობდნენ და განცხადებების გაკეთების დროს ფრთხილობდნენ მსოფლიო დონის პოლიტიკოსები და დიპლომატები: იძიებდნენ, შიფრავდნენ, ერთმანეთს ადარებდნენ სხვადასხვა წყაროების ინფორმაციას... მარტო აიდი ტალიავინის კომისიამ 2.000-ზე მეტი მოქალაქე და სამხედრო პირი გამოჰკითხა, ხოლო რონალდ ასმუსმა, სანამ დაწერდა წიგნს „მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“. ათასზე მეტი სტატია, ნარკვევი, სიუჟეტი და ბლოგი წაიკითხა - როგორც ქართული, ასევე რუსული...
არადა, რა მარტივი ყოფილა: იპოვე თვითმხილველი (სასურველია, რამდენიმე) ესაუბრე, მერე მათი ნაამბობი გაამყარე ვარაუდით, რომ შესაძლოა, ამ ამბის თვითმხილველი ასზე მეტი მებრძოლიცაა და წავიდა...
ციტატა:
„ყველაფერი კი ასე დაიწყო:
8 აგვისტოს, დილის ექვსის ნახევარზე, საარტილერიო მომზადების შემდეგ ზემო ნიქოზიდან ცხინვალისკენ ქართული არმიისა და პოლიციის რამდენიმე დანაყოფი და მძიმე ჯავშანტექნიკა დაიძრა.
თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ერთ-ერთი დანაყოფი, რომელიც ორ ასეულამდე მებრძოლს აერთიანებდა, ზემო ნიქოზიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გავიდა, რათა ცხინვალის ქუჩებში დასავლეთიდან შესულიყო.
კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი დანაყოფები ფეხით გადაადგილდებოდნენ და სოფლიდან რვაასიოდე მეტრის გავლის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალების ზედა ქალაქს მიუახლოვდნენ.
ჯერ კიდევ ზემო ნიქოზში, ოპერაციის დაწყების წინ მათ, ისევე, როგორც სხვა მებრძოლებმა, მიიღეს მკაცრი გაფრთხილება, რომ არავითარ შემთხვევაში პირველებს ცეცხლი არ გაეხსნათ რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" მიმართულებით, რათა რუსებს ბრძოლის დასაწყებად საბაბი არ მისცემოდთ.
ამ ბრძანების თანახმად, დანაყოფებმა რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" ქალაქს (რომელიც მავთულხლართით შემოღობილ 300მX120მ ფართობზე განლაგებულ რამდენიმე შენობას აერთიანებდა) მარცხნიდან ორასიოდე მეტრის მოშორებით შემოუარეს.
ამ დროს ცხინვალიდან სროლის ხმა უკვე ისმოდა, მაგრამ სამხედრო ქალაქში მყოფი რუსი "ცისფერჩაფხუტიანები" მშვიდად იყვნენ. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე შენობის სახურავზე განლაგებულ საცეცხლე წერტილებში იდგა და თვალს ადევნებდა მათი გვერდის ავლით 200-მდე ქართველი მებრძოლის გადაადგილებას.
დანაყოფების მებრძოლებმა ჩათვალეს, რომ მშვიდობიანად აუარეს გვერდი რუსულ სამხედრო ქალაქს და უკვე ცხინვალისკენ აპირებდნენ დაშვებას, რომ შეამჩნიეს - მათ ორი შავი "ჯიპი" (ოღონდ არა სამხედრო პიკაპები") წამოეწია. ქართველმა მებრძოლებმა იფიქრეს, რომ ეს რომელიმე მინისტრის ან მაღალჩინოსანი სამხედროს მანქანები იყო, რადგან ასეთი ძვირად ღირებული "ჯიპებით" მაშინ (და ახლაც) მხოლოდ მაღალჩინოსნები გადაადგილდებოდნენ და მეთაურობასთან შესახვედრად მოემზადნენ, მაგრამ ორივე მანქანამ მოულოდნელად მოუხვია და ქართულ დანაყოფსა და რუსულ სამხედრო ქალაქს შორის, რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" პოზიციებიდან ჩრდილოეთის მხარეს, დაახლოებით 150-200 მ-ის მოშორებით გაჩერდა.
მეწინავე "ჯიპიდან" სწრაფად გადმოვიდა ორი შავფორმიანი მამაკაცი, რომლებმაც, როგორც პროფესიონალებს შეჰფერის, ცალ მუხლზე ჩაიჩოქეს და რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" სამხედრო ქალაქისკენ РПГ-7 ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებიდან ორჯერ გაისროლეს. მერე მანქანებში ჩასხდნენ და ორივე "ჯიპმა" დიდი სიჩქარით დატოვა იქაურობა.
სახტად დარჩენილმა მებრძოლებმა ვერც დაინახეს, სად აფეთქდა ეს რეაქტიული ჭურვები, მაგრამ მცირედი დაყოვნების შემდეგ სამხედრო ქალაქის ერთ-ერთი შენობის სახურავიდან რუსმა "ცისფერჩაფხუტიანებმა" ტყვიამფრქვევებიდან საპასუხო ინტენსიური ცეცხლი გახსნეს(!).“
გასაგებია, მსოფლიო?
ჩვენ, ქართველებმა, არათუ „მძინარე ცხინვალს“ დავუშინეთ ჭურვები, არამედ ჩვენმა მაღალჩინოსნებმა რუს სამშვიდობოებს ორი ყუმბარა („რეაქტიული ჭურვი“-ეფექტის გასაძლიერებლად) ესროლეს და მათი აგრესია გამოიწვიეს, მაშინ როცა ისინი ცეცხლის გახსნაზე არც კი ფიქრობდნენ, შენობის სახურავზე დასეირნობდნენ და სეირს უყურებდნენ.
ქალბატონო ტალიავინ, აწ გარდაცვლილი მისტერ ასმუსის დამხმარეებო - რას იღამებდით თვალებს მაგ წყაროებში ქექვით, განა „კვირის პალიტრის“ მისამართის გაგება ასეთი რთული იყო? მაინც ყველას გაჯობათ ქართულმა, „ყველაზე სანდო და მაღალტირაჟიანმა“ გაზეთმა, ყველას გადაგიჯოკრათ: სულ რამდენიმე თვითმხილველს ესაუბრა და ეგრევე გაარტყა - აი, როგორც დაიწყო რუსული აგრესია!..
არ დაიწყოთ ახლა აღშფოთება: ასე როგორ შეიძლებაო, წყარო თუ ასეთი არასანდოა, სჯობს, ასეთი ინფორმაცია საერთოდ არ გამოქვეყნდესო, საქართველოს გარდა სხვა ქვეყანას ვერსად ნახავთ, სადაც დღემდე ქართველები ამტკიცებენ ჯიუტად - ომი ჩვენ დავიწყეთო, შე მამაცხონებულო, თუ იცი, რომ ამ ამბავს რუსული მხარე სათავისოდ გამოიყენებს, რაღას აქვეყნებდიო და ეგეთი, ინტრიგნული გამოხტომები! თქვენა, ბეჩა, ეტყობა, არ გიგრძვნიათ, რას ნიშნავს, ექსკლუზივი რომ ტანში შეგიჯდება და ხელებს აგიქავებს - გინდა თუ არა, დამწერე და გამომაქვეყნეო...
არადა, ეს რონალდ ასმუსი ნახეთ, რას წერს, თანაც, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით:
„მოგვიანებით ისიც გახდა ცნობილი, რომ არცერთი რუსი სამშვიდობო 7 აგვისტოს, ცხინვალზე საარტილერიო იერიშის დროს არ დაღუპულა, როგორც ამას რუსები ავრცელებდნენ. ქართული საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლის კორექტირება არ ხდებოდა სამშვიდობო ძალების შტაბზე, არადა, ამ შტაბების სახურავებზე(როგოეც “ნიჟნი”, ასევე “ვერხნი გოროდოკში”) რუსი სამშვიდობოების არტილერისტები ქართული მხარის პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას ახდენდნენ, პირველი რუსი სამშვიდობო კი 8 აგვისტოს დილით დაიღუპა, ორმხრივი სროლის დროს, ცხინვალის სამხრეთით, როცა სამშვიდობოების შტაბიდან ქართულ შსს-ს დანაყოფებს მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი.“ (რონალდ ასმუსი: „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“).
ხედავთ? „სამშვიდობოები“ სახურავებზე კი არ დასეირნობდნენ, ქართული პოზიციების მიმართ ცეცხლის კორექტირებას ახდენდნენ და სწორედ სამშვიდობოების შტაბიდან ქართული შსს-ს დანაყოფებს მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლიო... ეს მოსყიდული ამერიკელები. რას არ დაწერენ. სატნები მაგნები.
აჰა, კიდევ:
„როცა ერთი ქართული, 41-ე ბატალიონი ჩრდილოეთიდან ცხინვალში მობრუნდა, რუსი სამშვიდობოებისა ჯავშანმანქანებსა და ქვეით ჯარს გადააწყდა. ქართველებს ნაბრძანები ჰქონდათ, სამშვიდობოებისთვის ცეცხლი არასდიდებით არ გაეხსნათ, თუ ისინი არ გახსნიდნენ ცეცხლს. 41-ე ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა შალვა დოლიძემ ბრძანება შეასრულა და რუსი სამშვიდობოების გატარების ბრძანება გასცა. სამწუხაროდ, ეს მისი უკანასკნელი ბრძანება გამოდგა – ქართულ შენაერთებთან მოახლოებულმა რუსებმა უეცრად ცეცხლი გახსნეს, დოლიძეც გამოასალმეს სიცოცხლეს და მისი რამდენიმე ოფიცერიც.“ (რონალდ ასმუსი: „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“).
ჰმ, აქ კიდევ უარესი რამ დაუწერიათ - ქართველებმა მთავარსარდლის ბრძანება შეასრულეს და სამშვიდობოები გაატარეს, მათ კი ქართველებს ცეცხლი გაუხსნესო... არ გინდა ამის დაჯერება? ჩვენი რუსი ძმები განა ასე მოიქცეოდნენ?..
სანამ ზოგიერთები რონალდ ასმუსის წიგნის საწინააღმდეგოდ აიდი ტალიავინის კომისიის დასკვნას მოიხმობენ, ისიც აღვნიშნოთ, რომ ბევრისთვის გასაკვირად, ტალიავინის კომისიის დასკვნაში არსად არის ნათქვამი, რომ ომი საქართველომ დაიწყო. იქ ნათქვამია, რომ საქართველომ დაიწყო კონკრეტული ოპერაცია, მაგრამ ასევე ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ ამ ოპერაციამდე რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოვიდნენ შეიარაღებული ფორმირებები. ხოლო რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის ნაწილები,რომლებიც არ შეადგენდნენ სამშვიდობო ჯარების ნაწილს, შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე, ვიდრე რუსეთი ამას აცხადებს.
ეს როგორ? ააა, გასაგებია: როგორც ჩანს, რუსეთის არმიის რეგულარულმა ნაწილებმა, იცოდნენ რა ქართველების სისხლისმსმელობის ამბავი, წინასწარ დაიკავეს საქართველოს ტერიტორია, ანუ მანამდე, სანამ ქართული მხარე ოპერაციას დაიწყებდა.
ალბათ, ისიც წინასწარ იცოდნენ, შავი ჯიპიდან რომ ორი მამაკაცი გადმოვიდოდა, ცალ მუხლზე დაიჩოქებდა და რუს სამშვიდობოებს ორ რეაქტიულ ჭურვს ესროდა. ჰო და, იფიქრეს, მოვლენების ეპიცენტრთან ახლოს ვიქნებითო.
ნუ დაიწყებთ ახლა, სხვა ქვეყნის საზღვრების დარღვევა უცხო ქვეყნის ჯარის მიერ უკვე აგრესიააო. ელოდებოდა ხალხი შავ ჯიპს, საიდანაც ორი მამაკაცი უნდა გადმოსულიყო... განა ეს აგრესიაა?
„კვირის პალიტრის“ სენსაციურ აღმოჩენას კი სასწრაფოდ აიტაცებენ რუსული საინფორმაციო საშუალებები: ინტერენეტპორტალები რუდუნებით გადათარგმნიან, ტელევიზიები კი - გაასიუჟეტებენ. თუმცა, ეს ხომ „კვირის პალიტრამ“ წინდაწინ იცოდა - „წინასწარ ვიცით, რომ ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, შეიძლება რუსულმა მხარემ თავის სასარგებოდ გამოიყენოს...“
გამოიყენებს და, იჯდეირა და იკითხონ... მთავარია, რეიტინგი მოიმატებს.
კომენტარი