რამდენს უხდის ნინო ბურჯანაძე ძაღლის მომვლელს, ექიმს, მძღოლსა და დაცვას?
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველა მომაკვდავ ცოდვას აბრალებს, მაგრამ დღემდე თავს იკავებს მათ კორუფციაში დადანაშაულებაში. ღიად, ფაქტებით და ხანგრძლივად საუბარს ერიდება მედიით, თორემ აქა-იქ გაჰკრავს ხოლმე ზოგიერთებს კბილს.
ცხადია, ბურჯანაძისთვის ეს თემა დახურულია, ტაბუ ადევს - „ქართული კორუფციული ოჯახის სიმბოლო“ - ანზორა ბურჯანაძის შთამომავალი, ნინო ბურჯანაძე, იგივე ნინო „მარგალიტაძე“ და იგივე „პრინცესა ხორბლის მარცვალზე“, სხვის კორუფციონერობაზე ხმას არ ან ვერ იღებს.
ხალხმა კარგად იცის - ვინ ვინ არის. თუმცა ნინო ბურჯანაძეს აქვს საყვარელი თემები და წინა კვირასაც კაჰკიოდა ერთ-ერთ არხზე - მიხეილ სააკაშვილს, ქუთაისის თეატრისათვის ზუსტად ისეთი სავარძლები შეუკვეთია, როგორც ლა-სკალას საოპერო თეატრშია და თითო ასეთი სავარძელი 6000 ათასი ევრო ღირსო. რა დროს 6000 ათასევროიანი სავარძლებია, ქვეყანა, ეკონომიკა თავზე დაგვემხო და იმ ფულით მიშა ადგეს, სამუშაო ადგილები შექმნას, ხალხს დაეხმაროსო.
ასე მეგონა, გია მაისაშვილი ლაპარაკობს-მეთქი. მაგან იცის ლონდონიდან სამიტინგოდ როცა ჩამოდის, ვიდრე ადაპტაციას გაივლის და გაერკვევა, რა ხდება ქვეყნაში, ისეთ სისულელეებს გადმოალაგებს ხოლმე, მერე მთელი კვირა თავისი ნათქვამის განმარტებებს იძლევა.
ისე, ნინოც ევროპიდან ახალი დაბრუნებულია, ამბობენ, ბერეზოვსკის შეხვდაო. მე იმან გამაოცა, ვის 6000-ევროიან სკამებზე ლაპარაკობს ბურჯანაძე? მაგნაირ და მაგ ფასის სკამზე თუ სავარძელზე ანზორა ბურჯანაძეს ერთი ადგილი რომ უდევს, ეგ არაფერია, მაგრამ თუ ქუთაისის თეატრში დაიდგმევა - დანაშაულია? ანზორ ბურჯანაძის ბიუჯეტიდან ნაპარავი მილიონების საქმე მორჩა? დავივიწყეთ და ჩაილურის წყალი დალია?
სხვა საქმე და სალაპარაკო ვერ მოძებნა ქვეყანაში ნინო ბურჯანაძემ, სავარძლებს რომ მისდგა? ანდა, რა ნამუსით ლაპარაკობს ეს ქალი სახელმწიფოსგან თუნდაც 6000-ევროიანი სავარძლების შეძენაზე იმის მერე, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ?
როცა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძეს წყნეთის აგარაკი სიმბოლურ ფასად გადასცა, იმ აგარაკის გაწყობა-გალამაზება ანზორ ბურჯანაძემ ითავა. ბურჯანაძეებმა, აგარაკის კეთილმოწყობა შარშანდელ გაზაფხულს დაამთხვიეს - მარტში დაიწყეს, არადა, 9 აპრილი კარს იყო მომდგარი და ბურჯანაძე ლამის ტიროდა, ფული არა გვაქვს, აქციები დავაფინანსოთო. ფულის სათხოვნელად კიევში, ლეონიდ კუჩმას სიძეს, ვიქტორ პინჩუკსაც ეწვია, მაგრამ პინჩუკმა უარით გამოისტუმრა.
ასეთია ბურჯანაძეთა ცხოვრების წესი - პოლიტიკაში სხვისი ფული უნდა დახარჯონ, მერე, როცა მოვლენ ხელისუფლებაში, მოქაფავენ და იმას შინ წაიღებენ. ამ გზით ნაშოვნი ფულით ანზორ ბურჯანაძემ წყნეთის აგარაკისთვის 27 კვიპაროსის ნერგი ჩამოატანინა.
აგარაკს დიდი შესასვლელი აქვს და ორ რიგად დარგო. თითო ნერგში ძია ანზორამ 300 ევრო გადაიხადა, ტრანსპორტირებისა და საბაჟო გადასახადის გარეშე და გერმანიიდან ჩამოატანინა.
კვიპაროსის ეს ჯიში მაღალ ზონებში ხარობს, იშვიათი ჯიშისაა და ამიტომაც ღირს ძვირი. ერთ რიგში 10 ხე დარგეს, მეორეში - 17. იქნებ არც ღირდეს 27 ცალი კვიპაროსი ამდენ სალაპარაკოდ, მაგრამ სხვა გზა არ ჩანს - ეს ქალი სხვას საყვედურობს, საქმეს რატომ არ აკეთებო, რა დროს სავარძლებიაო, ამ დროს კი, იმავე ბიუჯეტიდან სააკაშვილი თეატრს აშენებს, ეს კი კვიპაროებს რგავს...
ქალბატონო ნინო, შარშან ამ დროს, კარგად გაიხსენეთ, მთელ საქართველოს ულხინდა და ერთი გაჭირვებული არ იყო ქვეყანაში, პრინცესასავით რომ არ გენებივრათ და იმ კვიპაროსების ფულით გაჭირვებულს შესწეოდით?
ახლა კიდევ რატომ დავიხვიე ეს კვიპაროსები ხელზე, ამასაც მოგახსენებთ, როცა გაგანია მიტინგები მიდიოდა და ნინო ხალხის გასაჭირზე ნიანგის ცრემლებით მოსთქვამდა, იმ პერიოდში, არაერთი ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავეს მსუბუქი ხულიგნობისთვის, ზოგს 500 ლარი შეუფარდეს ჯარიმა, ზოგს - 1000 და გადახდის თავი რომ არ ჰქონდათ ამ ბიჭებს და მათ შორის ბურჯანაძის პარტიის მხარდამჭერებსაც, ზოგი 15 დღე აყურყუტეს ციხეში და ზოგი - ერთი თვე არადა, თითო კაცის გამოყვანას თითო კვიპაროსი ყელში ამოსდიოდა, ჰა, 1000-ლარიან ჯარიმას, „ორკვიპაროს-ნახევრით“ გადაიხდიდა და ოციოდე ახალგაზრდას ხედ არ გაიმეტებდა.მაგრამ რა ქნას - საკუთარი ფულით თანამებრძოლს ცოცხალი თავით არ გამოიხსნის ციხიდან, აი, პინჩუკს რომ მიეცა, ალბათ იმას დახარჯავდა.
ეგ კი არა, ადვოკატი არ აუყვანა თანაპარტიელებს და არასამთავრობოები იცავდნენ ნინოს სკამს და ამბიციებს ლამის შეწირულ ბიჭებს. მერე, მოგეხსენებათ, ის აგარაკი ჩამოართვეს ბურჯანაძეს საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის მიზეზით.
მოდით, ახლა ისიც დავითვალოთ, როგორ ნებიერად ცხოვრობს „ხალხზე გულდამწვარი“ „პრინცესა“ და მისი ოჯახი. ექს-სპიკერს, ზეობისას, 16-კაციანი დაცვა ემსახურებოდა და მათ ხელფასს სახელმწიფო უხდიდა. ახლა ნინო 10 მცველის იმედადაა. ამ 10 მცველიდან 5 ნინოს მუდამ თან ახლავს ორი მანქანით, ერთში ნინო და მისი დაცვის უფროსი ლევან ბურდული სხედან, მეორეში - 4 მცველი. მცველები ჰყავთ მის მეუღლეს - ბადრი ბიწაძესა და შვილს - რეზიკოსაც, ანუ სულ 12 მცველი ემსახურება ბურჯანაძეთა უსაფრთხოებას. იმ 5 კაციდან, რომლებიც წეღან არ ვახსენე, ერთი კომენდანტია, დანარჩენი 4 კი - ცვლაში, 2-2 მორიგეობენ ბურჯანაძეების დოლიძის ბინასთან - სადარბაზოსთან. ბურჯანაძეებს ემსახურებათ ძაღლის მომვლელიც - 10 წლის კავკასიური ძაღლი ანზორ ბურჯანაძეს აჩუქეს (აბა, ხომ არ იყიდდა!), ოჯახის ექიმი - კერძო და არა რომელიმე სადაზღვევო კომპანიის „ოჯახის ექიმი“, რომელსაც ხელფასს თავად უხდიან.
ასევე, ორი მოახლე, რომლებიც წლებია ამ ოჯახში მსახურობენ. ესეც 4 მომსახურე პერსონალი. ამას უნდა დავუმატოთ 5 მძღოლი - 2 ნინოს ავტომანქანებისა, ერთი ანზორ ბურჯანაძეს ემსახურება, თითოც - ბადრის და ანზორ და რეზიკო ბიწაძეებს. გამოდის, რომ დაცვიან, მძღოლიან-მომსახურე პერსონალიანად, ნინო ბურჯანაძის ოჯახს 21 ადამიანი ემსახურება.
კულუარული ინფორმაციით, მარტო ამ ხალხის სახელფასო ფონდი წლიურად დაახლოებით 160 000 დოლარს აღემატება. თვეში დაახლოებით - 13 500 დოლარია. ადრე ამ ყველაფერს სახელმწიფო უხდიდა ნინოს და მის ოჯახს და რა ქნას, ისევ ხალხის კისერზე ნებივრობს, წუხს და მშვიდობიანი გზით რომ ვერას ხდება, რევოლუციაზეც თანახმაა, ოღონდ საწადელს მიაღწიოს.
ახლა ავტომობილებს მივხედოთ. ბურჯანაძეებს 6 ავტომობილი ჰყავთ. ნინო ბიზნესკლასის „მერსედესით“ დადის. მისი 4-კაციანი დაცვა „მიცუბიშის“ „ჯიპით“. ანზორ ბურჯანაძე „ტოიოტა ლენდ კრუიზერს“ ამჯობინებს - ვერცხლისფერს, ბადრი ბიწაძესაც „ლენდ კრუიზერ პრადო“ ჰყავს - შავი. ანზორ ბიწაძეს - შავი „ბმვ“-„ბუმერი“, ხოლო რეზიკო ბიწაძე „ჰიუნდაის“ „ჯიპით“ დადის.
ამ „შავ ბუმერს' საინტერესო ისტორია აქვს. ის ანზორ ბურჯანაძეს აჩუქა (აბა, ხომ არ იყიდდა!) ყოფილმა პარლამენტარმა, „ომეგა-მოტორსის“ მფლობელმა, ზაზა ოქუაშვილმა. მაშინ, თბილისში მხოლოდ ორი ასეთი „ბმვ“ დადიოდა, ერთით – „დონ ანზორი“ და მეორეთი - თავად ზაზა ოქუაშვილი.
სწორედ „დიდმა ანზორმა“ აჩუქა პატარა ანზორს ეს მანქანა შარშანწინ. ამ ექვსივე ავტომობილის საბაზრო ფასი, მინიმუმ, 250-260 ათასი დოლარია. ყოველდღიურად 6 მანქანის თითქმის განუწყვეტელი მოძრაობა და შესაბამისი ოდენობის ბენზინი მიათვალეთ? აქვე, ამ მანქანების პროფმომსახურება? ეს, ვისაც არ ეზარება, დაიანგარიშოს და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ სოლიდური თანხაც გამოუვა.
გეხსომებათ, შარშან ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოშიც უჩივლა - იმ ბრძანებულების გაუქმებას ითხოვდა, რომლის ძალითაც ნინოს სამთავრობო დაცვა და სხვა პრივილეგიები მოუხსნა.
სხვათა შორის, ბადრი ბიწაძესას, ცხადია, როცა თანამდებობიდან გადადგა, მოეხსნა პრივილეგიები - დაცვა, პირადი მძღოლი, სახელმწიფო ავტომობილები, საწვავის და სხვა ხარჯები. ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ უსინდისობას თუ გავითვალისწინებთ, არ გაგიკვირდეთ, მალე მეორე სარჩელიც გააშანშალოს და ახლა ქმრისთვის ჩამორთმეული პრივილეგიების აღდგენა მოითხოვოს.
რა ქნას ნინო ბურჯანაძემ და მისმა ოჯახმა? თერჯოლის რაიონის რაიკომის მდივნობიდან მოყოლებული, ანზორ ბურჯანაძე ხომ მუდმივად ხალხის, ანუ სახელმწიფოს კისერზე მუქთად ცხოვრებასაა მიჩვეული, ნინოც ბავშვობიდან გაანებივრა და მიაჩვია კომფორტს - სხვის ხარჯზე.
შვილი მამის გაკვალულ გზაზე მიდის, რას ერჩით? არადა, ანზორ ბურჯანაძესაც, ერთ კაცს, ამდენი აღარ შეუძლია, მართალია, სიძეც ჩალიჩობს რაღაცას, მაგრამ ოჯახში მთავარი შემომტანი თუ შემტანი მაინც ანზორია. რაც მაგას ქვეყნის წინაშე „სიკეთე აქვს“ გაკეთებული, რაც მაგას ხალხი ჰყავს მოწამლული საფურაჟე ფქვილითა და ხორბლით, აბა, „სიკეთე“ არ უნდა გადავუხადოთ - უნდა ამოვიღოთ ჯიბიდან და მაგათ ოჯახის ფუფუნებას მოვახმაროთ, რაც ამოგვაცალეს და მოგვპარეს, ხომ ხედავთ, არ ჰყოფნით...
ისე, მიშა, რა დროს ლა-სკალა და 6000-ევროიანი სავარძლებია. ახლა საზენიტო დანადგარებსა და „გრადებს“ უნდა ყიდულობდე, რომ რუსეთის თანამედროვე მე-11 არმიას დაუხვდე, რომლის საქართველოში შემოძღოლაზე ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი ვერ მორიგებულან - არა, მე უნდა ვიყო სერგო ორჯონიკიძე, არა - მეო.
მაგათ პუტინი მოარიგებს: ერთი ორჯონიკიძე იქნებით, ერთიც - ფილიპე მახარაძე და თბილისს თუ აიღებენ ჩემი ჯარები, კრემლში დეპეშის გამოგზავნაზე ნუ იჩხუბებთ, ორივემ მოაწერეთ ხელიო - ეტყვის... (იმედია, მათ ოცნებებს ასრულება არ უწერია).
იმ დეპეშის თანამედროვე ვარიანტი, ალბათ, უკვე შედგენილიც აქვთ და სავარაუდოდ ასეთი იქნება: „ელვა - მოსკოვი, კრემლი. ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს. თბილისის თავზე ფრიალებს რუსეთის დროშა. გაუმარჯოს ხელახლა გასაბჭოებულ საქართველოს!“
ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ან ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე (გემოვნების და დამსახურების შესაბამისად). თუმცა, რუსული არმიის ამ ქართველ კომპასებს, იმედია, მანამდე ჩაუშლიან მზაკვრულ გეგმებს, ვიდრე საქართველოს დედაქალაქში საოკუპაციო ჯარებს მოგვაყენებენ...
კომენტარი