სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კვალიფიციური ექიმები და ინოვაციური ტექნოლოგია - კლინიკა „ენმედიცის“ ხარისხი და უპირატესობა

ჯანმრთელობა ერთადერთი არა, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რასაც ადამიანი ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდებოდეს, იტარებდეს გამოკვლევებს და ამოწმებდეს საკუთარ მდგომარეობას. საქმე ისაა, რომ ზუსტად არ ვიცით, რომელ კლინიკასა თუ ექიმს მივმართოთ, რათა თავი საიმედო ხელში ვიგრძნოთ.

კლინიკა „ენმედიცი“ ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე. გთავაზობთ ინტერვიუს კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილესთან ხათუნა კეკელაშვილთან, რომელიც უფრო დეტალურად აღწერს „ენმედიცის“ სხვადასხვა უპირატესობებს:

- რა სახის გამოკვლევები კეთდება კლინიკა „ენმედიცში“ და რამდენად თანამედროვე აპარატურა გაქვთ?

- ჩვენი კლინიკა ისტორიული კლინიკაა, გამომდინარე იქიდან, რომ ის 70 წელზე მეტია არსებობს. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს კლინიკურ ენდოკრინოლოგიას ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში დიდი მეცნიერის, პედაგოგისა და კლინიცისტის, ვაჟა ივერიელის თაოსნობით.

ათწლეულების განმავლობაში კლინიკის ბაზაზე თბილისის სამედიცინო აკადემიის ორი კათედრა ფუნქციონირებდა. კლინიკა დღესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზას წარმოადგენს, სადაც მიმდინარეობს დიპლომის შემდგომი მზადება სხვადასხვა საექიმო სპეციალობაში.

ტრადიციულად ეს არის ენდოკრინოლოგიური ცენტრი, თუმცა ბოლო წლებში მისი საქმიანობა გაფართოვდა სხვადასხვა მიმართულებით.

დღეს ცენტრი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით, მძლავრი ლაბორატორიით.

ჩვენ პრაქტიკულად ყველა სერვისი გვაქვს, რომელიც დაკავშირებულია ენდოკრინოლოგიასთან და არამხოლოდ...

გვაქვს ამბულატორიული ნაწილი, სადაც პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ მრავალმხრივი სამედიცინო დახმარება - რაღა თქმა უნდა, მძლავრი ენდოკრინოლოგიური სამსახური, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ასევე თერაპიული, კარდიოლოგიური, გასტროენტეროლოგიური, გინეკოლოგიური, რეპროდუქტოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ნევროლოგიური და სხვა სამსახურები - ყველა ეს მიმართულება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა შეფასდეს და მით უმეტეს მათი, რომლებსაც ენდოკრინოლოგიური პრობლემები აქვთ.

ასევე გვაქვს სტაციონარული სამსახური, სადაც მრავალმხრივი ქირურგიული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. მათ შორისაა ენდოკრინული ქირურგია, თვალის, მუცლის ღრუს, ღვიძლის ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ა.შ.

- ხარისხი და უპირატესობა, რომლითაც თქვენი კლინიკა სხვა კლინიკებისგან გამოირჩევა?

- ჩვენთან ყველა გამოკვლევა და პროცედურა კეთდება უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიით.

დანერგილია მკურნალობის აღიარებული და მოწინავე მეთოდები. ჩვენი დიაგნოსტიკური სამსახური გულისხმობს სხვადასხვა სახის კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ერთობლიობას, მაგალითად რენტგენოლოგიური, ულტრასონოგრაფიული მიმართულება, ღვიძლის ელასტოგრაფია, ასევე კეთდება ენდოსკოპიური კვლევები, როგორიცაა გასტროსკოპია, კოლონოსკოპია.

ლაბორატორიული კვლევები ფაქტიურად სრული სპექტრით არის წარმოდგენილი, რომლებიც კეთდება უახლეს ანალიზატორებზე, ბოლო თაობის რეაქტივების მეშვეობით.

ამის გარდა არის ისეთი სპეციფიკური გამოკვლევები, რომელიც შეიძლება ყველა კლინიკაში არ ტარდებოდეს. ასე მაგალითად: დიაბეტიან პაციენტებში (და არა მხოლოდ მათთან) ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის ხარისხის შეფასება გოჯ-მხარის ინდექსის განსაზღვრის გზით; ულტრასონოგრაფიული დენსიტომეტრია, რომელიც გვაძლევს ოსტეოპოროზის გამოვლენის საშუალებას; კარდიოლოგიური პროფილით, გარდა ჩვეულებრივი კარდიოგრამისა, კეთდება ასევე ექოკარდიოგრაფია, ოცდაოთხსაათიანი კარდიოგრამისა და წნევის მონიტორინგი ე.წ. „ჰოლტერის“ მეშვეობით, ასევე დატვირთვის ტესტი.

კლინიკის ოფთალმოლოგიური განყოფილება აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აპარატურით და აწარმოებს როგორც კონსერვატიულ, ისე ქირურგიულ მომსახურებას, მათ შორის ლაზერული ქირურგიის მიმართულებითაც.

კარგად არის განვითარებული გინეკოლოგიური სამსახური, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სრული მომსახურება როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული. შესაძლებელია ჩაიტაროთ სკრინიგული და ჩაღრმავებული კვლევები. როგორიცაა კოლპოსკოპია, ულტრასონოგრფია, მეტროსალპინგოგრაფია და სხვა.

რაც შეეხება ქირურგიულ ნაწილს, ჩვენი მომსახურება აქაც ძალიან მაღალი დონისაა. გვაქვს უახლესი აპარატურა. ინფრასტრუქტურა და საოპერაციო ბლოკის ორგანიზება შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.

აქაც შეხვდებით ისეთ სპეციფიკურ ტექნოლოგიებს, რომელიც შეიძლება ყველა კლინიკაში არ იყოს დანერგილი. მაგალითად, ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი, რომელიც კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის გარკვეული ტიპის ქირურგიულ ჩარევებს და პაციენტის მაქსიმალური დაცვისთვის არის მოწოდებული.

მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციისას ყველაზე ხშირი გართულებაა ხორხის შებრუნებითი ნერვის დაზიანება, რომელმაც შეიძლება ხმასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ამ აპარატურას კი ასეთი გართულების შემთხვევა მინიმუმამდე დაყავს.

ასევე შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის სიმსივნური წარმონაქმნების ოპერაციული აბლაცია სპეციალური რადიოსიხშირული და მიკროტალღური დანის მეშვეობით, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში წარმოებს.

ენდოკრინული ქირურგიის გარდა ჩვენთან არის გინეკოლოგიური ქირურგია, თვალის ქირურგია, ღვიძლის ქირურგია და ა.შ.

ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ორგანოზე ოპერაციები სრულდება როგორც ტრადიციული ღია წესით, ასევე ენდოსოპიური გზითაც. მათ შორის ქირურგიული და გინეკოლოგიური ლაპარასკოპიული ოპერაციები, ჰისტეროსკოპიული ჩარევები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო თვეებში დანერგილი ახალი ტიპის ოპერაცია ფარისებრ ჯირკვალზე - ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით, სადაც განაკვეთი პირის ღრუში, ქვედა ტუჩის შიგნითა ზედაპირზე სრულდება. ასეთ პაციენტებს კანზე განაკვეთი საერთოდ არ აქვთ. ამ მეთოდით პირველი ოპერაციები 2018 წლის იანვარში გაკეთდა.

- გაქვთ თუ არა ფილიალები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში?

- თბილისის ცენტრალური კლინიკის გარდა, გვაქვს ფილიალები თბილისსა და ბათუმში, რომლებიც საოჯახო მედიცინის ცენტრებს წარმოადგენენ. აქ პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი და მომსახურება, რაც გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვისთვის.

ჩვენი ლაბორატორია ძალიან მრავალფეროვან მომსახურებას უწევს პაციენტებს, არის ძალიან დატვირთული და იმისთვის, რომ მუდმივად ვიყოთ დარწმუნებული ჩვენს ხარისხში, გვაქვს ხარისხის სისტემა, როგორც შიდა, ასევე გარე კონტროლი, გვაქვს ურთიერთობა შვეიცარიის ლაბორატორიული ხარისხის კონრტოლის ცენტრთან და ისინი ბრმა მეთოდით გვიმოწმებენ ხოლმე ლაბორატორიის ხარისხს. ყოველწლიურად წარმატებით გავლილი შემოწმება შედეგების სანდოობის დადასტურებაა.

კლინიკა „ენმედიცი“ 2013 წლიდან სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატით - ISO 9001:2008. ამ სერტიფიკატის ფლობა უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან როგორც სამედიცინო, ისე მენეჯმენტის კუთხით. საერთაშორისო სერტიფიკატი ISO კომპანიის მაღალ ხარისხს უსვამს ხაზს და მომხმარებელს მის მიმართ კიდევ უფრო მეტი ნდობით განაწყობს.

- რამდენად კვალიფიცური ექიმები გყავთ და გადიან თუ არა, ისინი გადამზადებას სხვა ქვეყნებში, სადაც მედიცინა მაღალ საფეხურზეა?

- ყოველი ახალი მეთოდის დანერგვის წინ ჩვენი კლინიკა ძალიან დიდხანს და საფუძვლიანად ემზადება-ხოლმე. მაგალითად, ღვიძლის ქირურგიის დაწყების წინ ამ განყოფილების ექიმებმა ხანგრძლივი გადამზადება გაიარეს ლონდონში კინგს კოლეჯის (სამეფო კოლეჯის) ჰოსპიტალში, ენდოსკოპიური თიროიდექტომიისთვის კი გადამზადება თურქეთის ეგეს უნივერსიტეტის კლინიკაში გაიარეს.

ზოგადად, ჩვენი კლინიკა და მასში არსებული სხვადასხვა სამედიცინო მიმართულება დაკომპლექტებულია უმაღლესი კატეგორიის ექიმებისგან, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ პროფესიული განვითარების პროცესში, ისინი ყოველწლიურად გადიან სხვადასხვა ტრენინგებსა და პროგრამებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: http://enmedic.ge/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100