სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23 წლის ყელგამოჭრილი ბიჭი სენაკის ცენტრში ბიძამ იპოვა

სენაკში შემზარავი მკვლელობა მოხდა: 23 წლის ირაკლი ფარულავას სენაკის ცენტრში ყელისა და გულმკერდის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და ქუჩაში ყელგამოჭრილი დატოვეს. პარალელურ ქუჩაზე მყოფმა ირაკლი ფარულავას ბიძამ სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ ახლოს „ახალგაზრდა ბიჭს ყელი გამოჭრეს“, ხოლო როცა ქუჩაში დაგდებულ სულთმობრძავ დაჭრილთან მივიდა, მასში ძმისშვილი ამოიცნო. ირაკლი ფარულავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიებას უკვე ჰყავს ეჭვმიტანილები. პოლიცია 24 წლის უტა წოწონავასა და მის ოთხ თანამძრახველს ეძებს - სწორედ მათი ვინაობის საბოლოოდ დადგენისა და აყვანის შემდეგ გაირკვევა ამ შემზარავი მკვლელობის დეტალები, მანამდე კი ფარულავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობა ახალგაზრდებს შორის ერთი დღით ადრე მომხდარმა უთანხმოებამ გამოიწვია, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილსა და მსხვერპლს შორის მცირე შელაპარაკებაში გამოიხატა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი უტა წოწონავა ირაკლი ფარულავას მეზობლად ცხოვრობდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი და მოკლული მეგობრობდნენ კიდეც.

ამჟამად სენაკში, წოწონავების სახლში არავინაა - უტა წოწონავას დედ-მამამ სახლი მაშინვე დატოვა, როგორც კი მომხდარი მკვლელობის შესახებ შეიტყო. სამეგრელოში ასეთ შემთხვევებში გავრცელებული სახლ-კარის გადაწვის პრევენციის მიზნით, წოწონავების სახლთან მკვლელობიდან ერთ საათში უკვე მობილიზებული იყო სენაკის საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი - ისინი სახლთან ამ დრომდე მორიგეობენ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ფარულავას ოჯახის წევრების მხრიდან ამ სახის შურისძიების არანაირი მცდელობა არ ყოფილა.მომხდარის შესახებ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ნათესავები საუბრობენ და ამბობენ, რომ მკვლელობის გამო უტა წოწონავას მშობლებიც შოკირებულნი არიან.

ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის წინადღეს უტა წოწონავა და ირაკლი ფარულავა შეკამათდნენ. მათი შელაპარაკება ფარულავას მიერ წოწონავასთვის მიცემულმა შენიშვნამ გამოიწვია, რომელიც ამ უკანასკნელმა მის პირად საქმეში ჩარევად და შეურაცხყოფად აღიქვა. მეგობრებს შორის შელაპარაკება ერთი-ერთზე მოხდა, ასე რომ, ვერავინ ამბობს, დაემუქრა თუ არა მოკვლით ან სხვა სახის შურისძიებით წოწონავა მეგობარს. დანარჩენმა ახალგაზრდებმა, რომლებიც მკვლელობის წინადღეს მეგობრებს შორის მომხდარ შელაპარაკებას შორიდან ადევნებდნენ თვალყურს, მხოლოდ წოწონავას ფრაზა გაიგონეს: „ჯერ ერთი, ეგ შენი საქმე არ არის და, მეორეც, მაგ სიტყვებით შეურაცხყოფას მაყენებ“.

როგორც ჩანს, სასტიკი შურისძიება წოწონავამ სწორედ ამ სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაგეგმა. მეორე დღეს იგი ოთხ თანამძრახველთან ერთად ირაკლი ფარულავას მაშინ ჩაუსაფრდა, როცა ის შინ ბრუნდებოდა და პასუხი მოსთხოვა. ხელახლა დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და, წინასწარი ვერსიით, ჩხუბის დროს წოწონავამ დანა გამოიყენა - მან მეგობარი და მეზობელი სასიკვდილოდ გაიმეტა.

უტა წოწონავას პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ეძებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100