სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არის ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი, რომლის ცვლილებები დამოკიდებულია საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე და მოლოდინებზე.

ლარის კურსის დროებითი ცვლილება გამოწვეულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით:

1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციით;

2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით.

3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნით, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორების პარალელურად ჩვენს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ იზრდება. მეტიც, გასულ თვეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ფასების კლება დაფიქსირდა.

ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალურად დგას, ეფუძნება სასესხო პორტფელის გადაჭარბებულ დოლარიზაციას. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავს რიგი კომპლექსური ზომების გატარებას, მათ შორის:

1. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც;

2. უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით.
შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.

დარწმუნებულნი ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს პოზიტიური მოლოდინების შექმნას და ლარის კურსის დასტაბილურებას“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100