„მაგდა პაპიძე იტყუება“ - ინტერვიუ გარდაცვლილის ბავშვობის მეგობართან
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის განცხადებებით აღშფოთებულნი არიან მისი მეუღლის ომარ ქაფიაშვილის მეგობრები. ამის შესახებ Droni.ge-ს გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარმა შოთა დიდიშვილმა განუცხადა.
შოთა დიდიშვილი: მაგდა პაპიძე საუბრობს სასამართლოზე რაღაც სისულელეებს, თითქოს მისი ქმარი ლოთი და პათოლოგი იყო და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. საერთოდ ომარის ყველა მეგობარი და ვინც მას იცნობდა ყველა კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს, რადგან მართლა ტყუილია.
არ ყოფილა ომარი ასეთი, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც აღმერთებდა თავის ცოლ-შვილს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძალიან უყვარდა, პატივს სცემდა და ცივ ნიავს არ აკარებდა არც ცოლს და არც შვილს.
-დიდი ხანი იცნობდით ომარს? როგორი ადამიანი იყო?
-ომარს ვიცნობდი ბავშვობიდან. ძალიან უშუალო ადამიანი იყო, ძალიან თბილი, ყურადღებიანი. მიჭირს მასზე წარსულ დროში ლაპარაკი. ვისაც გინდათ კითხეთ და გეტყვიან როგორი კარგი ადამიანი იყო. ნაცნობს, მეგობარს გასაჭირში თუ დაინახავდა დასახმარებლად გარბოდა.
-თავად მაგდას თუ იცნობდით?
-მაგდასაც ვიცნობდი, ყოველდღიური შეხება მქონდა მასთან, ლუკოილის კალონკაზე მარკეტში მუშაობდა და სიგარეტის საყიდლად რომ შევდიოდი ყოველდღე მიწევდა ნახვა. ომარზე ხშირად ბოლო პერიოდში მაგდას ვნახულობდი, რადგან ომარი ჯარში იყო.
-მაგდას როგორ დაახასიათებთ?
-ახლა ყველანაირად შემეცვალა მასზე წარმოდგენა, მაგრამ აქამდე მასზე ცუდი აზრის არ ვიყავი, ჩვეულებრივი გოგო მეგონა, ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შეიძლება რახან ჩემი მეგობრის ცოლი იყო, მაგიტომ არ ვაძლევდი თავს უფლებას მასზე ცუდად მეფიქრა.
-მაგდამ აღიარა, რომ მის ცხოვრებაში სხვა მამაკაცი არსებობდა. ამის შესახებ რაიმე თუ იცოდით? ომარს ჰქონდა ეჭვი?
-ვერაფერს გეტყვით, ამაზე არაფერი ვიცი. ჩემი აზრით ეჭვი რომც ჰქონოდა, შესაბამის რეაგირებას მოახდენდა, მაგრამ არა ისეთს როგორსაც მაგდა ყვება. მცხეთაში წამიყვანაო და ფეხისწვერებზე დამაყენა და სისულელეებიო, ამას ომარი არ გააკეთებდა, გამორიცხულია, ხომ გეუბნებით აღმერთებდა თავის ოჯახს, ხელის გულზე ატარებდა ორივეს.
-რაიმე ეჭვები თუ გაქვთ ნაცნობებს და მეგობრებს იმის შესახებ რა მოხდა სინამდვილეში?
-არანაირი ეჭვი არ მაქვს მე პირადად, ვერ ვხვდები რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მე უბრალოდ მინდა ხალხმა გაიგოს, რომ ომარი არ იყო ისეთი როგორც მას მაგდა ახასაითებს. საზოგადოებამ მაგდას სიტყვები აიტაცა და თითქოს ხელს აფარებენ, ვაიმე საწყალი დედაო და სისულელეებს საუბრობენ. გული მტკივა, რომ ომარის სახელი ასე შეიბღალა, არ იყო ომარი ის კაცი, რომ ესე მომხდარიყო მის ცხოვრებაში და არ იმსახურებს რომ მისი სული შეურაცხყონ.
კომენტარი