სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არჩევნებმა დაგვანახა, რომ ოპოზიცია სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს"

"ვთქვათ, დღეს ბურჯანაძე და ოქრუაშვილი გაერთიანდნენ, ხვალ კი _ ნოღაიდელი და ოქრუაშვილი, მაგრამ ეს რა არის? ეს შესაკრებთა გადანაცვლებებია, ხომ? და მგონი, ყველამ ვიცით, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. შეიძლება ხალხი 20 წელი ერთსა და იმავე ადამიანს გზავნიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, ისეთ ადამიანს, რომელიც სულ ბოლო ადგილზე გადის? არა, ხომ? ხოდა ვიმეორებ, რომ დღეს ქვეყანაში ახალი გენერაციის ოპოზიციაა საჭირო. ამ ახალი გენერაციის ოპოზიციად კი მხოლოდ ალასანიას და თარგამაძეს ვთვლი", – განუცხადა "დრონი.ჯი"-ს ექსპერტმა სოსო ცინცაძემ.
– არჩევნები დასრულდა და ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც აქციებით იმუქრებოდა, შემოდგომამდე ტაიმ-აუტი აიღო, ადგილობრივმა არჩევნებმა ხომ არ გამოაჩინა, რომ ოპოზიცია რეალურად სუსტია? რა დაგვანახა ამ არჩევნებმა, ბატონო სოსო?
– არჩევნებმა, რბილად რომ ვთქვათ, დაგვანახა ის, რომ ოპოზიცია სერიოზულ მკურნალობას და მკურნალს საჭიროებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ძვირადღირებულ პრეპარატებზე. ისე, მათ თუ "ავერსის" და "პე-ეს-პე"-ს წამლები იხმარეს, გაკოტრდებიან კიდეც. ნუ, ეს ხუმრობით. ერთს გეტყვით, დღეს ძალზე მწვავე პრობლემა დგას ოპოზიციის ერთობის თვალსაზრისით და მომავალში, როდესაც გათამაშდება ორი მთავარი პრიზი, ვგულისხმობ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, აქაც არ უნდა გვქონდეს იმედი იმისა, რომ ოპოზიცია გაერთიანდება. ამიტომ უმჯობესია ოპოზიციამ გაითავისოს ეს, სხვა კურსი აიღოს და თავისი დრო და, რაც მთავარია, ის ნდობის ფაქტორი, რომელიც მათ მიმართ ჯერ კიდევ დარჩა საზოგადოებაში, ტყუილად ერთობისთვის ბრძოლაში არ დახარჯოს. ჩემი აზრით, უახლოეს 5 წელიწადში ქართული ოპოზიცია ვერ გაერთიანდება.
– არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადაჯგუფებების პროცესი დაიწყო, "ალიანსი საქართველოსთვის" დაიშალა, თქვენი აზრით, ძალა, რომელიც არჩევნების შედეგებით, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ალტერნატივად გამოიკვეთა, უნდა დაშლილიყო? რატომ დაიშალა "ალიანსი"?
– თავიდანვე მიმაჩნდა, რომ "ალიანსი" არაბუნებრივი ერთობა იყო. დიახ, "რესპუბლიკელების" და ალასანიას კავშირი არაბუნებრივი გახლდათ. ჩემთვის ძნელად დასაჯერებელი იყო ის, რომ როდესაც შეიქმნა "ალიანსი", "ახლებმა" და "რესპუბლიკელებმა", ანუ ისეთმა მძიმეწონიანმა ფიგურებმა, როგორებიც არიან გამყრელიძე და უსუფაშვილი, ალასანიას უთხრეს, მოდი, იყავი ჩვენი ლიდერი, ჩვენ კი შენი რიგითი თანამებრძოლები ვიქნებითო. მათთვის ირაკლის მიწვევა სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ რა იყო, იცით, მათ ერთი თქვეს, მაგრამ მეორე აღარ თქვეს, ანუ ალასანიას არ მისცეს თავისუფლად მოქმედების საშუალება, კარტბლანში არ მისცეს. ისინი ითხოვდნენ, რომ ირაკლის ყველა თავისი ნაბიჯი ჯერ მათთან შეეთანხმებინა. ქართულ სინამდვილეში კი კოლექტიური ხელმძღვანელობა ლირიკაა. ლიდერი ლიდერია, მოდით ასე ვთქვათ, და ყოველ წამს არ უნდა უთანხმებდეს გადაწყვეტილებებს თანამებრძოლებს. თავიდანვე ჩანდა, რომ "ალიანსის" ფუნდამენტი მყარი არ იყო. საშენი მასალა არ ვარგოდა, "ალიანსი" გერმანული ცემენტით კი არა, კასპის ცემენტით იყო ნაშენი. აქედან გამომდინარე, რაც მალე დაიშლებოდა "ალიანსი", მით უკეთესი იქნებოდა. `ალიანსი~ არჩევნებამდე 6 თვით ადრე რომ დაშლილიყო, ალასანია მეტ ხმებს აიღებდა. "რესპუბლიკელებთან" გაერთიანებით ალასანიამ ის სოლიდური რეზერვუარი დაკარგა, რომელსაც ზვიადისტები ჰქვია.
– ანუ სხვების მსგავსად თქვენც მიიჩნევთ, რომ ალასანიამ "რესპუბლიკელების" გამო ხმები დაკარგა, რა ბედი ელით ამ პარტიებს მომავალ არჩევნებზე?
– დღეს ბევრი ფიქრობს, რომ რადგან ალასანიამ 19 პროცენტი აიღო, ეს "ალიანსის" დამსახურებაა. მე კი ასე არ ვფიქრობ. დიახ, ალასანია "რესპუბლიკელების" გარეშე მეტ ხმებს დააგროვებდა. ძალიან კარგია რომ დაიშალნენ, მომავალ არჩევნებზე უკვე გამოჩნდება, ვინ რისი პოტენციის მატარებელია. ალასანიასთვის სახიფათო იყო პოლიტიკურად წარუმატებელ პარტიასთან ალიანსი. იცით, ხანდახან ლიდერს გამარჯვებაში ხელს მისი თანამებრძოლები და გარემოცვა უშლის ხოლმე. აი, დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილს მხარს უჭერს, მაგრამ არ მოსწონთ მისი გარემოცვა. ალასანიას შემთხვევაშიც ასე იყო და აი, ახლა უკვე მას წარმატების დიდი შანსები აქვს. მას დღეს ჰყავს ორი ძალზე ძლიერი თანამებრძოლი აბაშიძე და დოლიძე და ამ სამ მუშკეტერს შეუძლია ხალხში სიმპატია დაიმსახურონ. აი, ასეთი პოლიტიკური პასეანსი გვაქვს დღეს.
– ბურჯანაძე, ოქრუაშვილი და ნოღაიდელი, სავარაუდოდ, "ალიანსს" ქმნიან, რამდენად გაამართლებს მათი "ალიანსი" და დადგება თუ არა მათ გვერდით საზოგადოება, ბურჯანაძე შემოდგომიდან ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქციების დაწყებასაც კი გეგმავს...
– ეგ ფრონტი ჯერ არ შემდგარა. მოლაპარაკებები ბევრი გვინახავს, მაგრამ მოლაპარაკება მოლაპარაკებად დარჩენილა. აქციების დრო წავიდა. ვფიქრობ, რომ აპრილის აქციები, გალიების დადგმა ქუჩაში და ქუჩების გადაკეტვები ოპოზიციის ძალზე სერიოზული შეცდომა იყო. რაც არ უნდა გვიმტკიცოს ქალბატონმა ბესელიამ, რომ ეს შეცდომა არ იყო, ან, თუ გნებავთ, თავისი ჩიქორთული ქართულით რაც არ უნდა ენამოჩლექით დაგვაჯეროს ეს ქალბატონმა ზურაბიშვილმა, რასაკვირველია, ეს შეცდომა იყო და ისევ იგივეს თუ აპირებენ, ამით ვერაფერს მიაღწევენ. საერთოდ, ქუჩის აქციებს დაწყებული პარიზის კომუნიდან და იგივე გერმანიის სპარტაკიდან, ყოველთვის თან ახლავს ძალზე სერიოზული მედროვეთა და ნაძირალათა ფენა. ამიტომ ქუჩის აქციები ძალზე საშიშია, ეს ორლესული მახვილია. რაღა დროს რადიკალიზმი და ქუჩის აქციებია, ნუ, როგორც ჩანს, საყმაწვილო სენს რომ ეძახდნენ კლასიკოსები, ეს საყმაწვილო სენი გაუხანგრძლივდა ჩვენს ოპოზიციას. საყმაწვილო სენით სიბერემდე რომ ავად იყო, ეს უკვე არანორმალურია, ეს კლინიკური შემთხვევაა.
– როგორ აფასებთ ნოღაიდელისა და გაჩეჩილაძის მიუნხენში ვიზიტს, რეალურად რა მოლაპარაკებებს შეიძლება აწარმოებდნენ ისინი. ჩვენი ინფორმაციით, ისინი კრემლის მაღალჩინოსნებს ხვდებიან და ხელისუფლების დამხობის გეგმას ამუშავებენ... – ნოღაიდელი და გაჩეჩილაძე ვერაფერს დაგეგმავენ და ვერც არეულობას მოაწყობენ, რადგან ხალხი ქუჩაში აღარ გამოვა. მაგ.: მე, ალერგია მაქვს აქციებზე, არ დავდივარ და ღმერთმა დამიფაროს, რომ იქ როდესმე გამოვიდე და სიტყვა ვთქვა. მიტინგზე შეკრებილი ხალხი ბრბოს მაგონებს, რომელიც გრძნობით კი არა, ინსტიქტით მოქმედებს. ეს გზა უპერსპექტივოა და მათ არაფერი გამოუვათ. თუ გვინდა ცივილიზებული სახელმწიფო შევქმნათ, უნდა დავამკვიდროთ ერთი წესი, ის, რომ ხელისუფლების ცვლის ერთადერთი უალტერნატივო გზა არის არჩევნები. ზოგი ოპოზიციონერი ამბობს, ამ საარჩევნო გარემოში ვერ გაიმარჯვებო, თუმცა მათ გასაგონად ვამბობ, რომ ყველა არჩევნებში შესაძლებელია გამარჯვება. არჩევნებს ნებისმიერ რეჟიმს მოუგებ, თუ ძლიერი ოპოზიციონერი ხარ. შეუძლებელი არაფერია, მთავარია გამარჯვება რა ეღირება. ჩვენთან გამარჯვების ფასი მხოლოდ ერთ კონვერტირებულ ვალუტაშია – მაღალ პროფესიონალიზმში და ეს ვალუტა ოპოზიციას არა აქვს. როდესაც არჩევნებზე ვალუტის ნაცვლად კუპონით მიდიხარ, არჩევნებს ვერ მოიგებ. ევროა უკვე მსოფლიოში და შენ კიდევ არჩევნებზე კუპონით მიდიხარ? ახლა რასაც ვიტყვი, ამის წაკითხვა ბევრს არ ესიამოვნება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა. ჩემი აზრით, ქვეყანას სჭირდება ახალი გენერაციის ოპოზიცია. ამ ახალი გენერაციის ოპოზიციად კი მხოლოდ ალასანიას და თარგამაძეს მივიჩნევ.
– თუმცა, ორივეს ხელისუფლებასთან გარიგებულ ოპოზიციონერებად მიიჩნევენ, რადგან რადიკალიზმით არ არიან მოხიბლულნი...
– იცით, რადიკალიზმი ცივილიზებული მეთოდი არ არის. 21-ე საუკუნეში, როდესაც მსოფლიოში ლიბერალური ტენდენციებია, რადიკალიზმი მისაღები აღარ არის. ჩემთვის რადიკალიზმი მისაღებია მხოლოდ დისკუსიის დროს და არა ქმედების დროს. აი, თარგამაძის გამოსვლა პარლამენტში, პრეზიდენტის იქ ყოფნის დროს რადიკალური იყო, იგივე ალასანიას ბევრი გამოსვლაა ხოლმე რადიკალური, მაგრამ ეს ცივილიზებული რადიკალიზმია და მისაღებია კიდეც. გალიების და კლეტკების დადგმა და შიგ ბომჟების ჩასმა, რადიკალიზმი კი არა, მაზოხიზმია. საბოლოოდ ეს აქციები აღმოჩნდა კიდეც კოლექტიური ხარაკირი. ვიმეორებ, კი ბატონო, იძახონ რამდენიც სურთ ამ ზურაბიშვილმა და სხვებმა, ჩვენ აქციებით მაინც მივაღწევთ მიზანსო, რასაც მიაღწევენ, ვნახავთ. ვთქვათ, დღეს ბურჯანაძე და ოქრუაშვილი გაერთიანდნენ, ხვალ კი – ნოიღაიდელი და ოქრუაშვილი, მაგრამ ეს რა არის? ეს შესაკრებთა გადანაცვლებებია, ხომ? და, მგონი, ყველამ ვიცით, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. შეიძლება ხალხი 20 წელი ერთსა და იმავე ადამიანს გზავნიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, ისეთ ადამიანს, რომელიც სულ ბოლო ადგილზე გადის? არა, ხომ? ხოდა ვიმეორებ, რომ დღეს ქვეყანაში ახალი გენერაციის ოპოზიციაა საჭირო და ასეთი ოპოზიციონერები მხოლოდ ალასანია და თარგამაძე არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100