სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: არავის ვეჯიბრებით, ტერიტორიები დაგვიბრუნონ და თავი გაგვანებონ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "არავისთან შესაჯიბრი არაფერი გვაქვს - ტერიტორიები დაგვიბრუნონ და თავი დაგვანებონ".

ამის შესახებ პრეზიდენტმა გუშინ მდინარე ალაზანზე რეაბილიტირებული ჰიდროელექტროსადგურის "ალაზანი I" დათვალიერებისას განაცხადა და კახეთის რეგიონისთვის ამ ჰესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო გამოჩნდა, როგორც მთავარი ალტერნატივა. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვინმეს ვეჯიბრებით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანაზე ვფიქრობთ. არავისთან შესაჯიბრი არაფერი გვაქვს - ტერიტორიები დაგვიბრუნონ და თავი დაგვანებონ. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, რომელსაც ნავთობი და გაზი არ აქვს, აშენებს ახალ ენერგეტიკულ ობიექტებს, გზებს - ყველა მიმართულებით, ალამაზებს არსებულ ქალაქებს და აშენებს ახალ ქალაქს, ავითარებს ეკონომიკას და აუმჯობესებს საკრედიტო რეიტინგებს მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს მაჩვენებლები იკლებს.

ე.ი. არსებული გამოწვევების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, როდესაც სულ გვემუქრებიან და გვაშანტაჟებენ, ჩვენი ქვეყანა მაინც წინ მიიწევს. ეს ორი ფაქტორის კომბინაციით - საქართველოში განხორციელებული სწორი რეფორმებითა და ჩვენი ხალხის უსაზღვრო ნიჭიერებით აიხსნება.

ეს ვრცელდება, მათ შორის, ჩვენ ენერგეტიკულ ობიექტებზე. ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ შენდება ჩვენთან ყველაფერი, ის არის, რომ აქ კორუფცია არ არის. რამდენი ნავთობი და გაზიც არ უნდა გქონდეს, კორუფციის პირობებში, შედეგს ვერ მიაღწევ. სხვა შემთხვევაში არც ეს გაკეთდებოდა და აშენდებოდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის პროგრამაზეც ისაუბრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100