სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბატონო ზურა, ჩვენ ვიცით, ეს თქვენი ბრალი არ არის"!

სოციალურ ქსელშ ვრცელდება სალომე ბელქანიას წერილია ზოოპარკის დირეტორის შესახებ, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

მე არც ოცნება ვარ ქართული და არც მოძრაობა ნაციონალური. არც კრიზისებს ვმართავ და არც დახოცილი ცხოველების ფოტოების დადებით ვიმაღლებ რეიტინგს. არც მინდია ვარ რაჭიდან და არც ირაკლი მოსაშვილიდან. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მზიურში რომ მოხალისედ წავიდა, უამრავ ახალგაზრდასთან ერთად, ისეთი. არც ლომების, ვეფხვების, მგლების და ბეჰემოტის ქუჩაში სიარული მგონია წვიმის, თქვენი ან ცხოველების ბრალი. ზღვად ქცეული ზოოპარკიდან მკვდარი ცხოველების, მანქანების და ნაფოტების ამოღებაც არ მგონია "ოცნების" გმირობა.

მეგონა, ცხოველების მოვლა, გაზრდა, სიყვარული, მზრუნველობა, თავის გადადება და მათთან ერთად ცხოვრება, იმდენად ღირსეული საქციელი იყო, რომ შოკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის განცხადება, ხო, თუნდაც არასწორი განცხადება, მისი დადანაშაულების საფუძველი არ გახდებოდა. თუმცა, მე მხოლოდ მეგონა.

ჰოდა, ბატონო ზურა, იცით რა? დაგკითხონ, გამოგკითხონ, დაგაბრალონ, ცხოველები მოგიკლან, ზოოპარკი აღარ დაგიტოვონ. კრიზისების უმართაობა და პრემიერობაც თქვენ გადმოგაბრალონ. ვერეც თქვენ აგადიდებინონ, ესტაკადაც თქვენ მიგანგრევინონ, მეწყერიც თქვენ ჩამოგანგრევინონ და მზიურიც თქვენ დაგატბორინონ.

მერე რა?

თქვენ ის ზურა ხართ გურიელიძე, თბილისის ერთადერთ ზოოპარკს რომ უვლით, ცხოველებს სიცოცხლეს რომ უბედნიერებთ და იქ მისულ ბავშვებს, ბავშვობას რომ უხალისებთ. პინგვინებს ამ პირობებში რომ აპინგვინებთ, სპილოს რომ ეშვის ოპერაციას უკეთებთ და ლომის ბოკვერთან ერთად რომ თამაშობთ.

ბატონო ზურა, ჩვენ ვიცით, ვინ ხართ თქვენ!

გიცნობთ თქვენი შუმბათი, ბეგლარით, მაიმუნებით, ლემურებით, ლომებით და ვეფხვებით. იმათაც ვიცნობთ, ბატონო ზურა, "იმათ".

მე არ ვიცი, ვინ უფროა "ზოოპარკის" დირექტორი, თქვენ თუ "ის". ვის უფრო სჭირდება ვოლიერში გამომწყვდევა, ლომს თუ "მათ?"

უპასუხისმგებლობა, უსინდისობა, უსუსურობა, უძლურობა, უმოქმედობა, შიში, დაბნეულობა, არაკაცობა. ეს მათი "ბერკეტია." ისინი მხოლოდ ოცნებობენ. თქვენს და ჩვენს ხარჯზე ოცნებობენ.

ბატონო ზურა, ჩვენ ვიცით, ვინ ხართ თქვენ!

ბატონო ზურა, ჩვენ ვიცით, ეს თქვენი ბრალი არ არის!

ჩვენ ვიცით, თქვენ ადამიანი ხართ!

***

ჩვენ აქ ვართ, მზიურში, გმირთა მოედანზე, ვერეს ხეობაში, ბატონო ზურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100