სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელ ასაკშია გათხოვება იდეალური?

ყველა ასაკში გათხოვებას თავისი პლუსები და მინუსები აქვს. მოდი, ვნახოთ და შემდეგ განვსაჯოთ, მაინც რა ასაკში სჯობს, შევქმნათ ოჯახი.

18 წელი

პლუსები: ამ ასაკში მარტივია საქმროდ ისეთი შესაფერისი კანდიდატურის მონახვა, რომელსაც ანამნეზში არ ჰყავს არც შვილები პირველი ქორწინებიდან და მით უმეტეს, არც ყოფილი ცოლი.

თავისთავად, არ არსებობს ეჭვიანობის საბაბიც: "რატომ მივიდა ისევ მასთან, ნუთუ თავად ვერ შეაკეთებს ონკანს, ჩამოკიდებს თაროს ან გამოცვლის წყლის მილს"; გაბრაზდე ქმრის ზედმეტი ხარჯის გამო: "ჯერ ჩვენი შვილია ფეხზე დასაყენებელი, იმ ქალბატონს კი თავადაც კარგი ხელფასი აქვს, რაში სჭირდება ამის ალიმენტები".

ერთი სიტყვით, ადრე დაქორწინების პლუსი იმაშია, რომ შენ ქმრის ცხოვრებაში ერთადერთი და პირველი ხარ.

მინუსები: საკმარისია, აურიო ჰორმონების მოზღვავება და ვნება სიყვარულში, რომ რისკი იმისა, რომ ყოფილი ცოლი თავად გახდე, დიდია.

ბავშვი: იმ დროს, როცა შენი დაქალები დროს ატარებენ, შენ ბავშვის აღზრდითა და ღამეების თენებით ხარ დაკავებული, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საოცრება მოხდება - გვერდით თანატოლივით გიდგას საკუთარი შვილი.

25 წელი

პლუსები: ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ყველაზე მყარი ოჯახები 23-27 წლის ასაკში იქმნება. ალბათ, მათ აზრში მართლაც არის სიმართლის მარცვალი.

ამ დროისთვის აღარ გიქრის, თანაც, 3-4 წელში აღმოჩნდება, რომ ყველა წესიერი მამაკაცი უკვე დაკავებულია.

მინუსები: მოულოდნელად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ 25 - ჯერ კიდევ არ არის სრულწლოვანება და რომელიმე თქვენგანმა ვერ მოილია დროსტარება.

ინტერესების არათანხვედრა, როცა ერთი ოჯახის ბიუჯეტს უფრთხილდება, მეორეს კი შეუძლია ღამის კლუბებში გაანიავოს მთელი ქონება - ყველაზე სათუთ გრძნობასაც ბზარს გაუჩენს.

ბავშვი: ბავშვი ბედნიერი იქნება, რადგან დედამისს მასთან ერთად შეეძლება იხტუნოს, ირბინოს და ეთამაშოს დამალობანა და ისე მოიქცეს, თითქოს დედა კი არა, მისი უფროსი დაა.

30
წელი

მინუსები: "დემოგრაფიული ხვრელი! ყველა მამაკაცი დაკავებულია!" - მართლაც, ამ ასაკში მამაკაცების უმეტესობა ჰიმენეს ბორკილებქვეშ იმყოფება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვის მინდორზე თამაშიც და სხვისი ქმრის წაყვანა, მაგრამ რატომ, როცა შეგიძლია, მაგალითად, უცხოელს გაჰყვე ცოლად, რომელსაც შენი 30 წლით ვერ გააკვირვებ?

პლუსები: შედარებისთვის: გერმანიაში დასაქორწინებელი მამაკაცის საშუალო ასაკი - 33 წელია, ავსტრიაში - 31, შვეიცარიაში - 35. სამაგიეროდ, თუ შესაფერისი მამაკაცი ნაპოვნია, შესაძლებელია ისეთი დღესასწაულის მოწყობა, როგორიც მხოლოდ თქვენ გინდათ და არა ქმრის ნათესავებსა და ახლობლებს (როგორც ცნობილია, ვინც ქორწილს იხდის, სტუმრებსაც ის და მხოლოდ თავისი გემოვნებით ეპატიჟება).

ბავშვი: ამ ასაკში ბავშვის გასაზრდელად გაქვს როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე, ასევე ჯანმრთელობა.

35 წელი

პლუსები: არაჩვეულებრივი ასაკია დაქორწინებისთვის, რადგან თუკი ირგვლივ მიმოიხედავ, მიხვდები, რომ დროა, ბედზე აღარ იწუწუნო და აღარც დაიწუნო. თანაც, თუ კარგად დააკვირდები, ისინი, ვინც 18 წლის ასაკში დაქორწინდნენ, უკვე განქორწინდნენ.

მთავარია, არ ჩათვალო შენი ასაკი ახალი ნაცნობობისთვის უვარგისად. პირიქით, სწორედ ამ ასაკშია ყველაზე მომხიბვლელი ქალი. ასე რომ, ამაყად წინ გასწი!

მინუსები: მოგიწევს ააწყო ურთიერთობა არა მხოლოდ შენს ახალ ქმართან, არამედ მის "ძველ" ცოლთან და მის შვილებთანაც.

ბავშვი: ზუსტად ის დროა, რომ დაორსულდე და გააჩინო, თუ აქამდე ეს არ გაგიკეთებია. 35 წლის ზევით ციკლი ნელ-ნელა (ხან კი სწრაფადაც) უკუსვლას იწყებს, ხშირად კი ქალის ჯანმრთელობაც მას მიჰყვება. მშობიარობა და ბავშვი კი ორგანიზმს გაგიახალგაზრდავებს.

45 წელი

პლუსები: ამ ასაკში გამოცდილება უკვე მოჭარბებულია, ხოლო ვარდისფერი სათვალე მეორე ცხოვრებისთვის არის გადადებული. თუ შენ შეძლებ დააბალანსო კომპრომისები სიყვარულის გამო და საკუთარი ინტერესები, მაშინ ქორწინება შენს ცხოვრებაში საუკეთესო იქნება, რაც ოდესმე მომხდარა (თუნდაც ის რიგით პირველი ან მეორეც არ იყოს). ბედნიერებისგან ბრწყინვასაც ვერავინ დაგიშლის.

მინუსები: კარგი იქნება, თუ რჩეული შენზე ახალგაზრდა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიჭირდებათ სექსში ჰარმონიის მიღწევა.

ყველამ იცის, რომ 45 წლის ქალი ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ასაკშია, მაგრამ ვინმეს გაუგია მამაკაცზე მსგავსი რამ? მართალია, არავის, რადგან ამ ასაკიდან მოყოლებული მამაკაცის სექსუალური აქტივობა ჩაქრობას იწყებს.

ბავშვი: ზოგიერთი, განსაკუთრებით გაბედული ქალი 50 წლის ასაკშიც აჩენს შვილს, მაგრამ ალბათ ასაკობრივი ცენზი - 43 წელი - ეკო-კლინიკებში ტყუილად არ მოუგონიათ. ასე რომ, სჯობს, ენერგია სხვა პროექტებზე დახარჯოთ.

50+

პლუსები: არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რაიმე დაუმტკიცო ოჯახს და დაასაბუთო შენი არჩევანი: "ნეტავ მოეწონება დედას ჩემი არჩევანი?" (სხვათა შორის, თუ ჯერ კიდევ აკეთებ ამას, შენი ფსიქოლოგიური ასაკი ბევრად პატარაა ბიოლოგიურისაზე - პირველ რიგში, ეს არის მიზეზი, რომ გიხაროდეს; მეორეც - სჯობს, გადახედო წინა სამ პუნქტს და იმით იხელმძღვანელო).

ასე რომ, ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას უნდა იხელმძღვანელო მხოლოდ კრიტერიუმით "ჩემია თუ არა", არ იფიქრო სხვების აზრზე და იცხოვრო მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის.

მინუსები: ადაპტაციის პროცესი "მარტოობიდან სხვასთან ერთად ცხოვრებამდე" ამ ასაკში ბევრად რთულად მიმდინარეობს - ეს არა მხოლოდ დაგროვილი გამოცდილებაა, არამედ წლებით გამომუშავებული ჩვევები და დადგენილი წესები, რომლის დათმობაც გაგიჭირდება საყვარელი ადამიანის გამო.

მსგავსმა წვრილმანებმა: "სამზარეულოს ჩვარი უნდა ეკიდოს ონკანზე და არ უნდა ეგდოს ნიჟარაში!" ან "რა საჭიროა ამხელა ხმაზე უგულშემატკივრო საფეხბურთო გუნდს" შეიძლება მოწამლოს ოჯახური ცხოვრება.

ბავშვი: გადაერთე შვილიშვილებზე. თუმცა ეს პროგრამის აუცილებელი პუნქტი არ არის, თუნდაც გაზრდილი შვილები სულ სხვაგვარად ფიქრობდნენ და შვილს გასაზრდელად გაჩეჩებდნენ.

ვფიქრობთ, ნებისმიერ ასაკში ქორწინებას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. გასაგებია, რომ პასპორტში ჩაწერილ ციფრებში კი არ არის საქმე, არამედ ადამიანში, რომელმაც გული და ხელი გთხოვათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100