მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალის ტიტულამდე განვლილი გზა
„ეს ქალბატონი არ გამოირჩევა არც ქალური სილამაზით და არც – ქარიზმით. ამომრჩევლებს, განსაკუთრებით კი ქალებს, ხიბლავთ, რომ ამ ფრიად ორდინალური გარეგნობის ქალბატონმა პოლიტიკაში თავბრუდამხვევ წარმატებებს მიაღწია“. -ასე დაახასიათა შპიგელმა თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი.
დიახ ეს ანგელა მერკელია..
გერმანიის კანცლერი მართლაც საოცარი ბედის ქალი გახლავთ. ის ხისტი რიტორიკითაა ცნობილი, შინაც და უცხოეთშიც პოპულარობით სარგებლობს, მისი წყალობით, გერმანია ისევ ათამაშებს კუნთებს.
ტონი პარსონსი გვიამბობს, როგორ გახდა ანგელა მერკერი მსოფლიო დონის ფიგურა.
მერკელს თავის დამკვიდრება უდიდესი კონკურენციის პირობებში მოუწია. გფრ–ს ქრისტიან–დემოკრატთა რიგებში ხომ უამრავი ცნობილი პოლიტიკოსი იყო. ისინი მერკელს ცივად შეხვდნენ. მათი აზრით, ანგელას მსოფლმხედველობა უფრო მწვანეებისკენ იხრებოდა, ვიდრე ქრისტიან–დემოკრატებისკენ. სამაგიეროდ, მერკელს მფარველობა გაუწია პარტიის ლიდერმა და გერმანიის იმჟამინდელმა კანცლერმა ჰელმუტ კოლმა.
კანცლერის მფარველობა მართლაც ძალზე წაადგა მერკელს. ეს დაეხმარა მას დაემკვიდრებინა თავი ახალ გარემოში. არაკეთილმოსურნეებმა უმალ შეარქვეს ანგელას "კოლის გოგონა".
მერკელის, როგორც პოლიტიკოსის, პოპულარობა იზრდებოდა. მან თავი გამოიჩინა როგორც მინისტრის პოსტზე მუშაობისას, ასევე ოპოზიციაში ყოფნისას. მერკელი მწვავედ აკრიტიკებდა გერმანიის მაშინდელ კანცლერ შრიოდერს ვლადიმერ პუტინთან ზედმეტი მეგობრობისთვის. მერკელმა მხარი დაუჭირა აგრეთვე ჯორჯ ბუშს ერაყში ძალის გამოყენებაში.
მერკელი ხანდახან ნამცხვრებს აცხობს და მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერება აქვს – ენერგიის დამზოგავ ნათურებს ხმარობს. ამბობენ, რომ სხვა პოლიტიკოსებს ძალიან კარგად ბაძავს, მაგრამ საჯაროდ ეს უნარი არასდროს გამოუმჟღავნებია. მისი პოლიტიკური გამოსვლები დიდი შთაგონებით არ გამოირჩევა, ზოგიერთმა ისიც კი შეიძლება თქვას, რომ მისი „სპიჩები“ საოცრად მოსაწყენია. მის მიტინგებზე მხარდამჭერთა შორის ბევრი ქალია. უმეტესობის თქმით, ისინი აქ იმიტომ მოდიან, რომ მისით აღფრთოვანებულები არიან.
გერმანელი კანცლერის იდუმალება მისი მმართველობის სტილმაც განაპირობა. ის ბერლინში, კანცლერის ოფისში, ცემენტითა და შუშით ნაგები, თეთრი ფუტურისტული ყუთის მეშვიდე სართულზე, დიდ კაბინეტში მუშაობს, კონრად ადენაუერის პორტრეტის ქვეშ. მას ქალი მრჩეველების გუნდი ეხმარება, რომელთაც „გოგოების ბანაკს“ ეძახიან.
მერკელის ქალიშვილობის გვარია კასტნერი. ანგელა დაიბადა 1954 წელს ჰამბურგში, პასტორის ოჯახში. 1957 წელს კასტნერები გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (გდრ) გადასახლდნენ. ამ ნაბიჯმა ბევრი გააოცა. გდრ–ს ხომ გერმანელები "საბჭოთა საოკუპაციო ზონად" მოიხსენიებდნენ. დასავლეთ გერმანიიდან გდრ–ში მხოლოდ ისინი გარბოდნენ, ვინც საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. იყო თუ არა ანგელას მამა სუკის, ან გდრ–ს შტაზის აგენტი? ამის შესახებ ისტორია დუმს. ფაქტია ის, რომ გდრ–ში მამამისი ხელმძღვანელობდა პასტორთა კოლეჯს და არ მონაწილეობდა არავითარ ოპოზიციურ მოძრაობაში.
პასტორის ოჯახში დაბადებულ–აღზრდილი ანგელა ღრმად მორწმუნე იყო. ამან ხელი არ შეუშალა ყოფილიყო ჯერ პიონერული ორგანიზაციის, შემდეგ კი "თავისუფალი გერმანული ახალგაზრდობის კავშირის" (კომკავშირის აღმოსავლეთგერმანული ვარიანტი) აქტივისტი. სკოლაში ანგელა ბრწყინვალედ სწავლობდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მისი წარმატებები მათემატიკაში, ფიზიკასა და რუსულ ენაში. მან სკოლა ფრიადზე დაამთავრა. შემდეგ კი სწავლა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე განაგრძო. პარალელურად ანგელა აქტიურად მუშაობდა "თავისუფალი გერმანული კავშირის" რიგებში, იყო მისი რაიონული განყოფილების მდივნის მოადგილე პროპაგანდის დარგში.
სიყვარული ყველას უნდაო, ამბობდა დიდი გოეთე. თუმცა, ბევრს არ უმართლებს სიყვარულში. ეს ისეთ ცნობილ მოღვაწეებსაც ეხებათ, როგორიც გერმანელთა რკინის ლედია.
ანგელა ჯერაც სტუდენტი იყო, როდესაც დაიწყო მისი რომანი ულრიხ მერკელთან. ისიც სტუდენტი და ფიზიკოსი იყო. მესამე კურსზე იყვნენ, როდესაც ჯვარი დაიწერეს. ასე გადაიქცა ანგელა კასტნერი მერკელად. ახალგაზრდებს თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა სიყვარული წარმავალია. მალე ანგელა და მისი ქმარი ერთმანეთს დასცილდნენ. ზოგიერთი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ეს იმის გამო მოხდა, რომ მათ ბავშვები არ ჰყავდათ. როგორც ჩანს, ანგელას კვლავაც უყვარდა თავისი ქმარი, რადგან გაყრის შემდეგაც მისი გვარი შეინარჩუნა. შემდგომში ქალი მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე პროფესორი, ქიმიკოსი იოაჰიმ ზაუერი გახდა. მათი რომანი 1984 წელს დაიწყო და დასრულდა 1998–ში.
ამერიკულმა ”ფორბსმა” სამჯერ მიანიჭა მას მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქალის წოდება. მერკერი არაერთხელ იკავებდა წამყვან პოზიციებს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიენების სიაშიც.
კონტინენტზე ყველაზე მრავალიცხოვანი მოსახლეობის მქონე და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერის სტატუსში ის ხელისუფლებაში უფრო დიდხანსაა, ვიდრე მის ევროპელ პარტნიორთა უმეტესობა. საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური გავლენით, მერკელი ისეთ ფიგურებს ჩრდილავს, როგორიც გორდონ ბრაუნია.
ანგელა მერკელმა ღირსეული ადგილი დაიკავა თანამედროვე დასავლელ ლიდერთა შორის. ამიტომაც კანონზომიერად შეარქვეს რკინის ლედი.
„ მიიჩნევენ, რომ ჩემი კარიერის მწვერვალს მივაღწიე. ამას არ ვეთანხმენი. მომავალში უფრო მეტის მიღწევის იმედი მაქვს“ – ამბობს მერკელი.
კომენტარი