სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ში სამშობიაროდან გაწერილი ჩვილი დაბადებისას... 270 გრამს იწონიდა (ვიდეო)

ლოს-ანჯელესში საახალწლოდ სამშობიაროდან გაწერეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მცირე წონის ახალშობილი, რომელიც სულ რაღაც 270 გრამს იწონიდა.

მელინდა სტარ გიდო ქვეყნიერებას 30 აგვისტოს მოევლინა, მაგრამ დეტალები და მისი დაბადების შემდეგ გადაღებული ფოტოები მხოლოდ ახლა გახდა საჯარო. როგორც „ასოშიეტედ პრესი“ აღნიშნავს, ახალშობილი ექიმის ხელისგულზე ეტეოდა. ჩვილი საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდა, რომელიც ორსულობის 24-ე კვირას ჩაატარეს. ნაადრევი მშობიარობის შესახებ გადაწყვეტილება დედის მაღალი არტერიული წნევის გამო მიიღეს. გოგონამ ინკუბატორში 5 თვე გაატარა, სადაც მას ჟანგბადი სპეციალური აპარატით მიეწოდებოდა, საკვები კი - სპეციალური მილაკით.

გაწერის შემდეგ მელინდა მესამე ყველაზე მცირე წონის ახალშობილი გახდა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც გადარჩა. გოგონას გასასვლელთან რეპორტიორთა ჯგუფი და რიგითი მოქალაქეები ელოდებოდნენ, რომლებმაც ის სახლში ოვაციით გააცილეს.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ის მომჯობინდა და რომ შემიძლია, ბოლოს და ბოლოს, სახლში წავიყვანო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩვილის 22 წლის დედამ ჰეიდი იბარამ.

ამჟამად მელინდა ორ კილოგრამზე ოდნავ მეტი წონისაა და თავს კარგად გრძნობს, თუმცა, იძულებულია, ჟანგბადი მაინც სპეციალური ნიღბით ისუნთქოს. ექიმები აცხადებენ, რომ ნიღაბი მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა საჭირო, ბავშვის ჯანმრთელობა კი სრულიად დამაკმაყოფილებელია.

მხედველობა და სმენა ახალშობილს ნორმალურად უვიტარდება. დადებითი შედეგი აჩვენა თავის ტვინის სკანირებამაც. ექიმები მელინდას მეთვალყურეობას მომავალშიც გააგრძელებენ.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მცირე ზომის ახალშობილის წონა, რომელიც გადარჩა და ახლა 7 წლისაა, 261 გრამი იყო.

video platform video management video solutions video player

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100