"მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი... ამასობაში ორნი მოვიდნენ და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება..." - ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ
"ფორმულას" მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ვახო სანაიას და მასთან ერთად მყოფ პირს, ცოლის ნათესავს რამდენიმე პირი თავს დაესხა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.
ვახო სანაია ამბობს, რომ დაზიანებები მიღებული აქვს თავისა და ფეხის არეში. ის "ფორმულასთან" საუბრის დროს იხსენებს, რომ კონფლიქტი მასსა და თავდამსხმელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო:
"ერთ-ერთმა პირმა გადაინაცვლა ოდნავ მოშორებით და იქედან დაიწყო გინება, შემდეგ შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს".
კომენტარი