საახალწლო ბარათები, რომლებითაც ერთმანეთს ახალ წელს ილია და აკაკი ულოცავდნენ
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 2010 წლის 17 დეკემბერს ძველი ქართული მისალოცი ღია ბარათების პრეზენტაცია გაიმართა. სწორედ მუზეუმმა ჩაუყარა საფუძველი ორიგინალურ პროექტს, რომლის მიზანია, მუზეუმში დაცული XIX საუკუნის უნიკალური და ხელით დახატული საახალწლო მისალოცი ბარათების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
შარშან პირველად, ახალ წელს ისეთი მისალოცი ბარათებით აღნიშნავდნენ, რომლითაც საუკუნის წინ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და იაკობ ნიკოლაძე სხვა ცნობილ ქართველებს ულოცავდნენ. უნიკალური პროექტის მიზანი, ძველი ქართული საახალწლო ტრადიციების აღდგენა და გაცოცხლებაა.
მუზეუმის საცავებში დაცული უნიკალური მისალოცი ბარათების კოლექცია ფართო საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა. ეს ფერწერული თუ გრაფიკული მხატვრობის ძვირფასი ნიმუშები საუკუნის წინ შეიქმნა. ისინი ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა ფონდში, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებში ინახება. თითოეული მისალოცი ბარათი ერთ ეგზემპლარად შეიქმნა. ზოგიერთი მათგანის ავტორი კი დიდი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეა.
ბარათები გაზეთ “ივერიის“, “ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, თეატრალური და დრამატული კავშირების დაკვეთით იქმნებოდა. ამ ბარათებით საიუბილეო თარიღებსა თუ ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ექვთიმე თაყიშვილი, გიორგი ერისთავი და მრავალი გამორჩეული ქართველი.
კომენტარი