ლატვიამ აფხაზეთის КВН-ის გუნდს ვიზა არ მისცა და რუსული პასპორტები „თავზე გადაახია“
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის აფხაზურმა გუნდმა ვერ შესძლო მონაწილეობის მიღება ლატვიის ქალაქ იურმალაში ჩატარებულ დასკვნით ფესტივალზე, სადაც მანამდე ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებული მხიარულები და საზრიანები იკრიბებოდნენ - ლატვიამ გუნდის წევრებისთვის ვიზების მიცემაზე უარი განაცხადა. ლატვიელებმა აფხაზები პასპორტების გაყალბებაში დაადანაშაულეს და ვიზის გაცემაზე უარის ოფიციალურ მიზეზად სწორედ ეს მიუთითეს.
გუნდის ხელმძღვანელმა, ვიანორ ბებიამ „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ მათთვის მოულოდნელი იყო ლატვიის საგარეო უწყების გადაწყვეტილება. აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური რიგის გადაწყვეტილებას უკვე უწოდა „პოლიტიკური ფარსი“ და ერთობს სასაცილო განცხადებაც გააკეთა - ლატვიასთან ჩვენს დამოკიდებულებას გადავხედავთო, თუმცა, რა იგულისხმება ამ განცხადებაში, ცოტა ძნელი სათქმელია, რადგან ლატვია, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, საერთოდ არ განიხილავს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას.
„რუსეთში ლატვიის საელჩომ აფხაზეთის მოქალაქეებს ვიზების გაცემაზე უარი იმ მოტივით უთხრა და მიზეზად ის დაასახელა, რომ მათ ყალბი რუსული, საზღვარგარეთის პასპორტები აქვთ“, - თქვა ბებიამ. როგორც ცნობილია, აფხაზეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც, იმავდროულად, რუსეთის მოქალაქეებიც არიან, სწორედ რუსული საზღვარგარეთის პასპორტები აქვთ.
„ამას გარდა, ჩვენს რუსულ პასპორტებში ჩარტყმულია იმ ქნეყნების ვიზები, სადაც ჩვენ გასტროლებზე ვიყავით. ეს არის ვიზა აშშ-სა და თვითინ ლატვიაშიც კი, სადაც 2009 წელს იურმალის ფესტივალზე ვიყავით ჩასულები“, - გაოცებულია ბებია. აფხაზი მხიარულები და საზრიანები მოსკოვში 7-დან 20 ივლისამდე ამაოდ ელოდნენ ლატვიის საელჩოდან დადებით პასუხს.
პეოცესში ჩაერთნენ მოსკოვბში აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლობა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო. იმ იმედით, რომ ლატვიელები, ბოლოს და ბოლოს, მაინც გასცემდნენ ვიზებს გუნდის წევრებზე, მათ კიდევ ორ კვირას მოცდა გადაწყვიტეს, მაგრამ ყველა მცდელობა, მიეღოთ ნებართვა და გუნდი ლატვიაში შესულიყო, უშედეგოდ დასრულდა.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ ღვინჯიამ აღშფოთება გამოხატა ლატვიის საელჩოს ქმედების გამო: „აფხაზური გუნდი იურმალის ფესტივალის მრავალგზის გამარჯვებულია, რომელსაც პასპორტებში ამ ქვეყნისა და სხვა ქვეყნების უამრავი ვიზა აქვს ჩარტყმული“, - შეახსენა მან ლატვიას, მაგრამ ამაოდ.
„ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების ახსნა რაციონალური თვალსაზრისით“, - თქვა ღვინჯიამ, - „თანაც, ლატვიის მხრიდან პირველი არ არის, როცა ეს ქვეყანა ჩვენს მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. არადა, აფხაზეთის ისტორიაში არ არის მოვლენა, რასაც შეუძლია ასეთი უარყოფითი დამოკიდებულების გამოწვევა აფხაზეთის, როგორც ქვეყნისადმი“(?! - ლ.ბ.)
ოფიციალური განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა. მასში მშვიდი ტონით ახსნილია, რომ აფხაზურ მხარეს ოფიციალურად განემარტა ვიზების გაცემაზე უარის თქმის მიზეზები და მას შეუძლია ლატვიის საელჩოს ეს გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში გაასაჩივროს.
კომენტარი