სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შენი სხეული სამოთხეა

ნათია ფანჯიკიძის წერილი:


ბერლინის კაფეში, ჩემი იმ დროს თინეიჯერი დისშვილები, რომლებსაც უნდათ, რომ მათი დეიდა განსხვავებული, “ქულ” ტიპი იყოს, მეკითხებიან: ტატუ რატომ არ გაქვს? შენ მოგიხდება.

- მოდაშია, ხო? მინდა ნებისმიერი დიქტატისგან სრულად თუ არა, რამდენადმე თავისუფალი მაინც ვიყო, მათ შორის მოდისგანაც.

- ლამაზია, - მპასუხობენ.

ჰამბურგერების კაფეში, რომელშიც ვართ, ტატუსალონიცაა და მთელი პერსონალი თავიდან ფეხებამდეა მოხატული. ლამაზები ნამდვილად არიან. მათი თვალიერება მეც მომწონს. მაგრამ მათნაირობა არ მინდა, მათნაირად თუ მოვიხატე, მაშინ ხომ მათნაირი ვიქნები და არა განსხვავებული?

- რას ამბობთ აბა? წარმოიდგინეთ, სახლში სალვადორ დალის ორიგინალი რომ გეკიდოთ, მოვიდეს ვიღაც სალონის მხატვარი და რამე მიახატოს!?

ისეთი ავტორის ნამუშევარი ვარ. ჩასწორებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. - არ მეზარება ენად გაკრეფვა და საყვარელი ორი თინეიჯერი ბიჭიც დაბნეული მისმენს. საკითხის ასე გართულებას აშკარად არ ელოდნენ.

ნუ, როცა ძალიან დავიჭმუჭნები სიბერისგან, მერე შეიძლება ცოტა გავეხუმრო და მივახატო ჩემს სხეულს საკუთარი საფლავის ესკიზი, მაგალითად, იასამნის ან ბროწეულის ხე (ჯერ არ ვარ საბოლოოდ ჩამოყალიბებული), რომელსაც ფესვებით ვეყოლები ჩაბღუჯული და ჩემი სხეულის ნაშთისგან აიღებს საკვებს. მერე იმ ხეზე ჩიტები მოვლენ და დილაობით იმღერებენ სხვადასხვა გაზაფხულის ამბავს.

უმეტესწილად, საკუთარ სხეულსა და თმაზე “თავდასხმა” ემოციური დისბალანსის დროს ხდება ხოლმე. თმის შეჭრა-შეღებვა კიდევ ჰო, მაგრამ ნებით, თვით ვან გოგსაც არ მოვაწერინებდი ხელს ჩემს ძვირფას ტყავზე.

მინდა გაგიჩინოთ მეტი სიმპათია თქვენი სხეულის, თქვენი გარეგნობის მიმართ, ვინც ჯერ კიდევ ვერ შეძელით კომფორტულად ცხოვრობდეთ თქვენს სხეულში, ჰარმონიაში იყოთ საკუთარ გარეგნობასთან.

მოზარდობისას მცირედი დისჰარმონია, “მახინჯი იხვის ჭუჭულის” სინდრომი, საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება ნორმალურია. მაგრამ თანდათან, დროთა განმავლობაში სხეულის კომფორტულად მორგება, გარეგნობით დაკმაყოფილება თუ არ მოხდა, ადამიანი ნამდვილად ბევრ სიხარულს კარგავს ამით.

ცოტ-ცოტა დისკომფორტს და უკმაყოფილებას, ცოტას ყველაფერს არაუშავს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ადამიანი იმდენად გაზვიადებულად აღიქვამს უმნიშვნელო “ნაკლს” ან “ნაკლებს”, რომელიც დიდი შანსია, რეალურად არც არსებობდეს, რომ ამ დროს, დისმორფოფობიის, ფსიქიატრიული კონდიციის ეჭვის საფუძველი ჩნდება.

დისმორფოფობიით დაავადებული პაციენტების უმრავლესობა მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას. ბევრი მათგანი ეწევა ჩაკეტილ ცხოვრებას, არ გამოდის სახლიდან, არ ეჩვენება ხალხს, რომ ვერავინ შეამჩნიოს მისი “ნაკლი”.

აშლილობის კიდევ უფრო მძიმე ფორმაა დისმორფომანია, როცა პაციენტი ბოდვითი იდეითაა შეპყრობილი, გამოასწოროს სხეულებრივი “ნაკლი” და ხშირად, როცა ამაში პლასტიკური ქირურგები არ ეხმარებიან, მიდიან თვითდაზიანებაზე, თვითმკვლელობაზეც კი.

დაავადების ორივე ფორმა თავის მხრივ თან ერთვის სხვა მძიმე დიაგნოზს, თუმცა ამის შესახებ დაწვრილებით საუბრით არ დაგღლით. დღეს ვეცადოთ, ვისაც საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილების მსუბუქი გამოვლინება აქვს, იქნებ უკეთეს მეგობრობას მივაღწიოთ ჩვენივე მყუდრო სახლთან, სხეულთან, რომელიც გვერგო.

ჩემს თაობას ემახსოვრება, სკოლაში გვასწავლიდნენ ლექსს, “როგორ დაღუპა რქებმა ირემი”. ასეთი შინაარსი ჰქონდა: ირემს თავისი ფეხები უშნოდ მიაჩნდა, ლამაზი რქებით კი აღტაცებული იყო. ხოდა ერთხელ ლომი რომ გამოეკიდა, დაწუნებულმა ერთგულმა ფეხებმა კარგი სამსახური გაუწია, გვირგვინივით მშვენიერი რქებით კი ხის ტოტებში გაიხლართა. აბა?! ვინ იფიქრებდა.

ძალიან მინდა, კარგად გაიაზროთ, რამდენი სიამოვნების წყაროა თქვენი სხეული, რეალურად რამდენ ბედნიერებას განიჭებთ და რამხელა სამსახურს გიწევთ მისი თითოეული ნაკვთი. წარმოიდგინეთ, დირექტორი რომ იყოთ და რომელიმე თქვენს თანამშრომელს უშნოს, მსუქანს, მოგრეხილს ეძახდეთ, რა გულით გემსახურებათ? ხოდა რა გინდათ თქვენი საყვარელი მოკლე თუ პუტკუნა, მოგრეხილი თუ სწორი ფეხებისგან? ხომ დაგატარებთ აღმა-დაღმა, მიგარბენინებთ კიდეც, საფრთხე თუ შენიშნა. რას ერჩით ცხვირს, იქნებ ის დააშავა, მთელი სამყაროს სურნელი რომ შეგაგრძნობინათ? ხელების, ამ უჭკვიანესი წყვილის უკმაყოფილო იქნება სამართლიანი ადამიანი? ან რას იცრემლებთ თვალებს ფერადი ლინზებით, რა მნიშვნელობა აქვს ფერს, ის ხომ შრომობს? აღარ იცის, საით მიგახედოთ, რა დაგანახოთ, რა აღგაქმევინოთ. დაცქვეტილი ყურები არ მოგწონთ? ერთი წუთით წარმოიდგინეთ, სმენა რომ დაგიქვეითდეთ, როგორ დაგწყდებათ გული იმაზე, რისთვისაც დღეს მადლობას არ იხდით.

მიუხედავად იმისა, რომ ვერ გრძნობთ მის მიმართ ყოველწამიერ მადლიერებას, ისე მაინც აღიარეთ - თქვენი სხეული, თუ ის ტკივილს არ გგვრით, სამოთხეა.

თქვენი სხეული ულამაზესია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სილამაზის გამოგონილ სტანდარტებს. სტანდარტები სტანდარტული ხალხისთვისაა, მთლად რომ არ დაიბნნენ ცხოვრებაში. სინამდვილეში ნებისმიერი ფორმა სამყაროში იმსახურებს აღტაცებას. მთავარია, თქვენი ჰარმონიული კავშირი იგრძნობოდეს თქვენს “არქიტექტურასთან”. მაშინ ყველაფერი მშვენიერი და სულიერი ხდება, სავსე აურით, დადებითი ენერგეტიკით. თქვენს სიმყუდროვეს შემდეგ ნებისმიერი სხვა შეაფარებს თავს სიამოვნებით.

ჩაიწერეთ თქვენი ხმა და უსმინეთ. გეუცხოვათ? მანამდე უსმინეთ, სანამ თქვენად არ აღიარებთ. გადაიღეთ სელფები, ვიდეო სჯობს, ათვალიერეთ, სანამ ეს სახე, მოძრაობები ისე ახლობელი არ გახდება, როგორც სარკის ანარეკლი. დღეს ავტოთერაპიის უამრავი საშუალებაა.

არამარტო ის ნაკვთები, რომელსაც ვხედავთ, ჩვენს შინაგან ორგანოებთან სწორი კომუნიკაცია, მათი უხმო ერთგულების აღქმაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

იფიქრეთ მათზე, ესაუბრეთ, ყურიც მიუგდეთ, ხომ არაფერს გატყობინებენ. ერთხელ ერთ ქალს ვუსმენდი გაოცებული, სანამ ბავშვი არ იძრა, ფეხმძიმობა ვერ ვიგრძენიო. როგორ შეიძლება ასე უბრად, უკონტაქტოდ იყო შენს სხეულთან. არადა, რა მშრომელი, ორგანოების რა მხიარული და კეთილი კამპანიაა შეყრილი ჩვენ კანქვეშ.

სცადეთ, გონებაში დახატეთ თქვენი შინაგანი კონსტრუქცია, მაგალითად, წარმოიდგინეთ, როგორ შედის თეთრი ქვაფენილი ბილიკივით მშვენიერი თქვენი ხერხემალი ფილტვების სურნელოვან, ფოთლოვან ტყეში. ტყის მარცხენა მხარეს, გორაკის ქვეშ ულამაზესი პატარა სახლია, საკვამურებით და კომუნიკაციის უზადო სისტემით. დიდი ფუსფუსია გამართული, თბილა, გულიანი ატმოსფეროა.

აქეთ რა ხდება? ნაწლავების ულამაზეს ლაბირინთში ჟოლოს ნამცხვარი მოგზაურობს, შლაპიანი, პრინცესასავით მორთული.

ერთი წუთი დაუთმეთ ამ მარტივ ვარჯიშს. არ დაიზაროთ, მოკალათდით სავარძელში, თვალები დახუჭეთ და ყველა კუნთი მოადუნეთ. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა. ყველა კუნთი… მუცელში მოიხსენით დაჭიმულობა… ახლა დაიწყეთ აღქმა. სიმშვიდის, სიწყნარის, კომფორტის… შეაჩერეთ ყურადღება სხეულის ყოველ ნაწილზე სათითაოდ. შეიგრძენით სიმშვიდე ტერფებიდან, თანაბრად და თანდათან ამოყევით ზევით; სიწყნარე გულში, ყელში, ხელებში, თავის არეში… ისუნთქეთ ღრმად და გაუღიმეთ მზეს, დახუჭულ თვალებში რომ ანათებს ხოლმე.

გაიმეორეთ:

ბედნიერებაა ამ მშვენიერ სხეულში ცხოვრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100