ძალაუფლება იმდენად ძლიერი ცდუნებაა, რეალურად შენს თავს კარგავ - ღარიბაშვილის თქმით, პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ მან ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ მან ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა, სადაც საკუთარ შეცდომებზე ფიქრობდა. ამ თემაზე მთავრობის მეთაურმა გადაცემაში „ნოესთნ“ ისაუბრა. მისი თქმით, ათონზე გატარებული დრო მას ძალიან დაეხმარა.
„არ დაგიმალავთ, გადავდექი თუ არა, ძალაუფლება და პოლიტიკა იმდენად ძლიერი ცდუნებაა, რომ ყოველთვის გეძახის, მაგნიტია. აქ რეალურად შენს თავს კარგავ. დამერწმუნეთ, ამის დამარცხება ძალიან რთულია. გეტყვით ჩემს საიდუმლოს, როგორ გავაკეთე ეს. პირველი იყო საკუთარ თავთან ბრძოლის გამოცხადება და ყველა შეცდომის, ჩემი ყველა ნაბიჯის გაანალიზება. მაშინ დავინახე ჩემი ხარვეზები, შეცდომები, ყველაფერი. მათ შორის სხვების შეცდომები, მაგრამ საბოლოო ჯამში მივდიოდი მაინც ჩემს შეცდომასთან, იმიტომ, რომ ალბათ მე მოვაკელი ყურადღება. უფრო მეტი კონტროლი უნდა მქონოდა, ნაკლები ემოციურობა იყო საჭირო და უფრო მეტი ცივი პრაგმატიზმი.
და მეორე, ალბათ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის სიყვარული, რომელიც ყველაფერს გადაწონის. შეიძლება გაჰყვე ამ ცდუნებას და მერე უცებ ბრუნდები რეალობაში. და რეალობა რა არის? შენი ოჯახი. გახსენდება შვილები, მეუღლე, მშობლები, ახლობლები. ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ძვირფასნი არიან, ვინც ძალიან ბევრი სიკეთე გაგიკეთა. ეს ემოცია ერთვება შემდეგ და რეალურად ეს გადაგატანინებს ცდუნებას, რომელიც უკავშირდება ძალაუფლებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
კომენტარი