სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი თარგამაძე პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს

გიორგი თარგამაძე საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში დღეიდან ოფიციალურად ჩაება. ამის შესახებ განცხადება გიორგი თარგამაძემ ქდმ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების "ქრისტიან-დემოკრატების" ერთობლივ კონფერენციაზე გააკეთა.

"ალბათ სიმბოლურია, რომ ეს განცხადება გაკეთდა დღევანდელ დღეს - პეტრე-პავლობის დღესასწაულზე და კონფერენციაზე, რომელსაც ჩვენი ევროპული მეგობრები ესწრებიან. ჩვენი განზრახვიდან ჩანს, თუ რა მიმართულებით უნდა იაროს საქართველომ. ესაა ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი ამოცანა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ საქართველოს, როგორც თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ეს შეუძლია მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიულ იდეოლოგიას. ესაა, ის იდეები, რისთვისაც მე და ჩემი თანამოაზრეები ვიბრძოდით ყველა არჩევნების დროს. ჩვენ, 27 ოქტომბრის არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. ყველა არჩევნებში მონაწილეობას არა თუ აქვს აზრი, არამედ, ესაა ჩვენი პიროვნული, პარტიული და ეროვნული ვალდებულება. მე იდეალისტი ვარ და ღრმად მწამს, რომ ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული პოლიტიკით შეიძლება ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა თარგამაძემ. კითხვაზე რატომ ვერ მოხერხდა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმება, თარგამაძემ განმარტა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა საკუთარი კანდიდატურა უკვე დააყენა და აღნიშნული შეკითხვა მასთან მიმართებაში "უადგილოა". "სამწუხაროდ, ეს თემა აქტუალური უკვე ორი თვეა აღარაა, რადგან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ზოგიერთი პარტიის ლიდერმა უკვე დააყენა საკუთარი კანდიდატურა. ასე, რომ ეს თემა ჩემთან მიმართებაში უადგილოა. თუმცა, ეს არ გამორიცხავს თანამშრომლობას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში 27 ოქტომბრის არჩევნები არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი და დიდი ალბათობით, გაიმართება მეორე საპრეზიდენტო ტური, მე ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან ერთად მზად ვარ სათანამშრომლოდ. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისთვის ეს შეიძლება იყოს გარკვეული პრაიმერი. ასე, რომ საინტერესო არჩევნები გველის", - აღნიშნა თარგამაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100