სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკი: „თუ რამეს ვაკეთებთ, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მოცემული დახმარებით ყველამ შეძლოს სარგებლობა“

ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ყურადღებას ამახვილებს უფასო სასადილოების ხელმიუწვდომლობაზე მძიმე დაავადებების მქონე პირთათვის და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ამ მოქალაქეებისთვის სპეციალური ტრანსპორტი გამოყოს: “საქართველოს ბევრ რეგიონში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასო სასადილოებია გახსნილი, მაგრამ უფასო სადილის მიღების უფლებით სარგებლობა ყველა შეჭირვებულს როდი შეუძლია. მარტოხელა, მძიმედ დაავადებულ, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს სასადილომდე დამოუკიდებლად მისვლა არ ძალუძთ, სადილის მიმტანი კი არავინ ჰყავთ! ხოლო, სამწუხაროდ, მწოლიარე ავადმყოფებისთვის საკვების შინ მიტანას, მოცემული სახელმწიფო პროგრამა არ ითვალსწინებს.


ჩემი საქველმოქმედო ფონდი თბილისში მსგავსი პრობლემების მქონე 600 ადამიანზე ზრუნავს. მათი უმრავლესობა მოხუცი, ავადმყოფი და ყველასგან მიტოვებულია... ამ ხალხს მხოლოდ ფონდი პატრონობს! ჩვენი ბენეფიციარებისთვის სოციალური სასადილოებიდან სადილი ყოველდღიურად მიგვაქვს, მაგრამ არ ძალგვიძს ყველა გაჭირვებულს დავეხმაროთ!


ამიტომ მსურს მივმართო საქართველოს სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობას და პირადად თბილისის მერს, ნარმანიას: რა აზრი აქვს ადამიანს მისცე უფასო სადილი, თუ ის მას ადგილზე ვერ მიირთმევს და ვერც სახლში წაიღებს?! მიმაჩნია, რომ თუ რამეს ვაკეთებთ, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მოცემული დახმარებით ყველამ შეძლოს სარგებლობა, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა!


იყავით კეთილები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არჩევნებზე მხარს გიჭერენ, ნუ ეტყვით მათ უარს კვებაზე - დღეში ერთხელ მაინც, მრავალი მათგანი ხომ ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს და შიმშილით დაიღუპება.
მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დაკავდეთ ამ პრობლემის გადაჭრით და გამოყოთ ტრანსპორტი, რომელიც მუნიციპალური სასადილოებიდან მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ, ავადმყოფ ადამიანებს საკვებს შინ მიუტანს!“ - წერს ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100