სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე რეიტინგული ქართული ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ (CDI) განაახლა მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში. მონიტორინგი ხორციელდება 2014 წლის 15 აპილიდან 2014 წლის 30ივნისის ჩათვლით და მოიცავს საინფორმაციო პორტალის ტიპის 12 ყველაზე რეიტინგულ ქართულ ვებგვერდს: netgazeti.ge, droni.ge, pirveliradio.ge, liberali.ge, news.ge, presa.ge, civil.ge, tabula.ge, reportiori.ge, for.ge, dfwatch.net, palitratv.ge. მოცემული, მესამე პერიოდის ანგარიში მოიცავს მედიამონიტორინგის შედეგებს 24 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით.

ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

· 2012 და 2013 წლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით ონლაინ მედიაში კვლავ შეიმჩნევა გაუმჯობესება როგორც ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის, ასევე სუბიექტთა ობიექტური გაშუქების კუთხით.

· მონიტორინგის მესამე პერიოდშიც, 2013 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, პოზიტიური ცვლილებები შეიმჩნევა ვებგვერდებზე presa.ge, droni.ge, tabula.ge

· მონიტორინგის მოცემულ პერიოდში უარყოფითი განწყობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნათლად შეიმჩნევა ვებგვერდებზე reportiori.ge და for.ge.

· მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ქართული ოცნების“,მთავრობისა და პრემიერმინისტრის საქმიანობა გაშუქდა.

· კვლავ ნაკლები სიხშირით შუქდებოდა მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო საქმიანობა; ვებგვერდები მეტ ყურადღებას უთმობდნენ პოლიტიკური პარტიებისა და სახელისუფლებო ძალების გაშუქებას.

· არჩევნების მოახლოებასთან ერთად ონლაინ მედიაში მერობის კანდიდატთა გაშუქება არ გახშირებულა.

netgazeti.ge

მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში netgazeti.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე არ შეიმჩნეოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. მაღალ დონეზე იყო დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (8%), პრემიერმინისტრის (19%), მთავრობისა (28%) და კოალიცია „ქართული ოცნების“ (37%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ დაფიქსირებულა (იხ. დიაგრამა 1). მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდი ნაკლები სიხშირით აშუქებდა მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობას და ძირითად ყურადღებას პოლიტიკურ პარტიებსა და სახელისუფლებო სტრუქტურებს უთმობდა.

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდმა აქტიურად გააშუქა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები წინასაარჩევნო პერიოდში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით (მაგალითად: „საიას კვლევა: ცესკო ოპოზიციისა და სახელისუფლებო კანდიდატების მიმართ არათანმიმდევრულია“, 11.06.2014; „არასამთავრობოები: 2014 წლის წინასაარჩევნოდ უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე 2013 წელს, 14.06.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ netgazeti.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდის ჟურნალისტები მაღალ დონეზე იცავენ ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს. აქტიურად შუქდებოდა ცნობები წინასაარჩევნო პერიოდში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.

droni.ge

მონიტორინგის ამ პერიოდში droni.ge-მ შედარებით ნაკლებად აქტიურად გააშუქა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ვებგვერდზე არ შეიმჩნევა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად პრემიერმინისტრი (39%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (15%), კოალიცია „ქართული ოცნება“ (10%) და მთავრობა (9%) გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ დაფიქსირებულა(იხ. დიაგრამა 2).

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში, გასულ წლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, ვებგვერდზე შეიმჩნევა ცვლილებები როგორც ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის, ასევე სუბიექტთა გაშუქების ბალანსის კუთხით. droni.ge-ზე აღარ გვხვდება შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ droni.ge ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდმა ნაკლები სიხშირით გააშუქა პოლიტიკური საკითხები.

pirveliradio.ge

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში pirveliradio.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. ვებგვერდზე არ შეიმჩნეოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (26%), მთავრობის (23%), პრემიერმინისტრისა (22%) და კოალიცია „ქართული ოცნების“ (14%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის მიმართ არ დაფიქსირებულა (იხ. დიაგრამა 3). მერობის კანდიდატების გაშუქებისას დადებითი ტონის შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ერგო დავით ნარმანიას (27%), ასმათ ტყაბლაძესა (27%) და დიმიტრი ლორთქიფანიძეს (20%) (იხ. დიაგრამა 4), რაც განაპირობა იმან, რომ ვებგვერდი ხშირ შემთხვევებში უკომენტაროდ აშუქებდა კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებსა და დაპირებებს.

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდმა საკმაოდ აქტიურად გააშუქა მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო შეხვედრები. რუბრიკაში „წინასაარჩევნო შეხვედრები“ ცალკეულ სტატიებში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო შეხვედრების შესახებ (მაგალითად: „წინასაარჩევნო შეხვედრები“, 5.29.2014; „წინასაარჩევნო შეხვედრები“, 5.30.2014; „წინასაარჩევნო შეხვედრები“, 2.06.2014; „წინასაარჩევნო შეხვედრები“, 3.06.2014). უნდა არინიშნოს, რომ ამ რუბრიკის სტატიები საკმაოდ ობიექტურად იყო მომზადებული და არ შეიმჩნეოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე კანდიდატის მიმართ.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ pirveliradio.ge საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. ვებგვერდმა აქტიურად გააშუქა საარჩევნო სუბიექტთა წინასაარჩევნო შეხვედრები.

liberali.ge

მონიტორინგის ამ პერიოდში liberali.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე არ შეიმჩნეოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. მაღალ დონეზე იყო დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (53%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (18%), პრემიერმინისტრისა (16%) და კოალიცია „ქართული ოცნების“ (5%) საქმიანობა გაშუქდა. აღსანიშნავია უარყოფითი ტონის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მთავრობის (45%) გაშუქებისას(იხ. დიაგრამა 5), რაც განაპირობა იმან, რომ ვებგვერდმა ვრცლად გააშუქა სხვადასხვა ორგანიზაციის საკმაოდ კრიტიკული მიმართვები მთავრობის მიმართ (მაგალითად: „საია: ხელისუფლებამ ვერ შეძლო წინასაარჩევნოდ ძალადობრივი ფაქტების პრევენცია“, 13.06.2014; „პრემიერის განცხადებები წინასაარჩევნო პროცესებზე უარყოფითად აისახება“, 3.06.2014). დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები მონიტორინგის სხვა სუბიექტების მიმართ არ დაფიქსირებულა. მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდი ნაკლები სიხშირით აშუქებდა მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობას და ძირითად ყურადღებას პოლიტიკურ პარტიებსა და სახელისუფლებო სტრუქტურებს უთმობდა.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ liberali.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. შეიმჩნევა კრიტიკული განწყობა ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. მაღალ დონეზეა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

news.ge

მონიტორინგისაღნიშნულ პერიოდში news.ge-მ კვლავ საკმაოდ აქტიურად გააშუქა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ვებგვრდზე არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები მონიტორინგის მოცემულ პერიოდში არ დაფიქსირებულა.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (30%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (24%), პრემიერმინისტრისა (24%) და კოალიცია „ქართული ოცნების“ (10%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ დაფიქსირებულა(იხ. დიაგრამა 6). ვებგვერდი ნაკლები სიხშირით აშუქებდა მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობას და ძირითად ყურადღებას პოლიტიკურ პარტიებსა და სახელისუფლებო სტრუქტურებს უთმობდა.

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდი აქტიურად აშუქებდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე მოპოვებულ ინფორმაციას.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ news.ge ობიექტურად აშუქებს წინასაარჩევნო პროცესებს. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვებგვერდზე მერობის კანდიდატთა გაშუქება არ გახშირებულა.

presa.ge

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში presa.ge ძირითადად საარჩევნო სუბიექტების გაშუქებას უთმობდა ყურადღებას. ვებგვერდზე არ შეიმჩნეოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად პრემიერმინისტრის (28%), კოალიცია „ქართული ოცნებისა“ (22%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (21%) საქმიანობა გაშუქდა. მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ყველა სუბიექტის გაშუქებისას ვებგვერდზე ჭარბობდა დადებითი ტონის მაჩვენებლები (იხ. დიაგრამა 7), რაც განაპირობა იმან, რომ ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო პოლიტიკური პარტიების პროგრამებსა და წინასაარჩევნო დაპირებებზე. დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებელი პრემიერმინისტრის (37%) გაშუქებისას კი განაპირობა იმან, რომ ვებგვერდმა აქტიურად გააშუქა პრემიერის მიმართვები და განცხადებები, სადაც ის ხშირ შემთხვევებში საკუთარ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებს უსვამდა ხაზს (მაგალითად: „პრემიერის მიმართვა სრულიად საქართველოს“, 26.05.2014; „პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გერმანიაში - ერთობლივი განცხადება“, 28.05.2014; „რა ხდებოდა პრემიერის პრესკონფერენციაზე?“, 4.06.2014; „პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა ხევსურეთში“, 10.06.2014). თბილისის მერობის კანდიდატთა გაშუქებისას ვებგვერდზე ჭარბობს დადებითი ტონის მაჩვენებლები (იხ. დიაგრამა 8).

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდი საკმაოდ აქტიურად და ამომწურავად აშუქებდა საარჩევნო სუბიექტთა პროგრამებსა და დაპირებებს. აღსანიშნავია სპეციალური რუბრიკა, რომელიც აშუქებდა სხვადასხვა თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატთა საარჩევნო პროგრამებს (მაგალითად: „ასეთია ქუთაისის მერობის კანდიდატთა მთავარი გზავნილები“, 26.05.2014; „რას გვპირდებიან ახალციხის მერობის კანდიდატები?“, 30.05.2014; „რა გეგმები აქვთ ოზურგეთის მერობის კანდიდატებს?“, 9.06.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ presa.ge-მ საკმაოდ აქტიურად და ამომწურავად გააშუქა საარჩევნო სუბიექტთა წინასაარჩევნო საქმიანობა. ვებგვერდზე არ შეიმჩნევა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ზალის მიმართ. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

civil.ge

მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში civil.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე არ შეიმჩნევა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. მაღალ დონეზეა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად პრემიერმინისტრის (31%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (25%), მთავრობისა (17%) და პრეზიდენტის (9%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ დაფიქსირებულა (იხ. დიაგრამა 9). სუბიექტების გაშუქებისას ვებგვერდზე ჭარბობს ნეიტრალური ტონი. მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო საქმიანობა civil.ge-ს აქტიურად არ გაუშუქებია.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდმა აქტიურად და ამომწურავად გააშუქა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები (მაგალითად: “Mayorial Candidates”, 25.05.2014; “CEC: Number of Voters 3, 429, 748”, 10.06. 2014; “Gamgebeli Candidates”, 10.06.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ civil.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მაღალ დონეზეა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.ვებგვერდი დეტალურად აშუქებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

tabula.ge

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში tabula.ge-მ კვლავ საკმაოდ ობიექტურად გააშუქა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ვებგვერდზე დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. პოლიტიკურ პარტიებს შორის შედარებით აქტიურად შუქდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა კომენტარები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (36%), მთავრობის (25%), პრემიერმინისტრისა (17%) და კოალიცია „ქართული ოცნების“ (9%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა მთავრობისა (35%) და კოალიცია „ქართული ოცნების“ (27%) გაშუქებისას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი ტონი გვხვდებოდა რესპონდენტთა განცხადებებში და არა ჟურნალისტთა ტექსტებში. tabula.ge-ს ჟურნალისტები მონიტორინგის პერიოდში თავს იკავებდნენ პოლიტიკური შეფასებებისა და დაუსაბუთებელი მსჯელობისგან. დადებითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პრემიერმინისტრს (20%) ერგო, რაც განაპირობა იმან, რომ ვებგვერდი აქტიურად აშუქებდა პრემიერის პრესკონფერენციებსა და მიმართვებს, სადაც ის უმეტეს შემთხვევებში დადებითად აფასებდა საკუთარ საქმიანობას (მაგალითად: „პრემიერი: კანცლერს მივაწოდეთ ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე“, 2.06.2014). დადებითი ან უარყოფით ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები სხვა სუბიექტების გაშუქებისას არ დაფიქსირებულა (იხ. დიაგრამა 10). მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდზე ნაკლები სიხშირით შუქდებოდა მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობა და მეტი ყურადღება იყო გამახვილებული პოლიტიკური პარტიებისა და სამთავრობო უწყებების საქმიანობაზე.

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდმა აქტიურად გააშუქა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები წინასაარჩევნო პერიოდში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით (მაგალითად: „საია: წინასაარჩევნოდ, ხელისუფლებამ ძალადობის პრევენცია ვერ შეძლო“, 11.06.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ tabula.ge-მ საკმაოდ ობიექტურად გააშუქა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდზე არ დაფიქსირებულა. აქტიურად შუქდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა კომენტარები.

reportiori.ge

მონიტორინგის აღნიშნულპერიოდში reportiori.ge-ზენათლად შეიმჩნეოდა ერთი მხრივ უარყოფითი განწყობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო მეორე მხრივ დადებითი განწყობა მმართველი პარტიის მიმართ. მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდზე შეგვხვდა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (21%), კოალიცია „ქართული ოცნების“ (20%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (19%) და პრემიერმინისტრის (15%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (40%), ხოლო დადებითი ტონის მაღალი პროცენტული მაჩვენებლები პრემიერმინისტრს (27%), კოალიცია „ქართულ ოცნებას“ (21%), „ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციასა“ (19%) და მთავრობას (17%) ერგო (იხ. დიაგრამა 11).

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდზე განთავსდა არაერთი ვიდეო მასალა, რომლებშიც უკიდურესად უარყოფითად იყო წარმოჩენილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი (მაგალითად: „მიხეილ სააკაშვილი КГБ-ს ეფრეიტორი“, 11.06.2014; „მადლობა გიორგი გაბედავას“, 13.06.2014). აღსანიშნავია, რომ ეს მასალები განთავსებული იყო უკომენტაროდ, ავტორის მითითების გარეშე. არჩევნების მოახლოებასთან ერთად მსგავსი ვიდეო მასალის უკომენტაროდ გაშუქება შეიძლება მხოლოდ ემსახურებოდეს ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის დისკრედიტაციის მცდელობას. ასევე, აღსანიშნავია სტატია „ქართული ოცნების“ ახალი სახეები“ (24.06.2014), რომელშიც სტატიის ავტორი უაღრესად დადებითად აფასებს კოალიცია „ქართული ოცნების“ სამ წევრს.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მონიტორინგის მესამე პერიოდში reportiori.ge-ზე ნათლად შეიმჩნევა უარყოფით განწყობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო დადებით განწყობა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ. მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდზე შეგვხვდა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები.

for.ge

მონიტორინგის პირველ და მეორე პერიოდებთან შედარებით for.ge-ზე საგრძნობლად მოიმატა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკამ. მონიტორინგის მესამე პერიოდში შეგვხვდა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (26%), მთავრობის (20%), კოალიცია „ქართული ოცნებისა“ (15%) და პრემიერმინისტრის (9%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (62%) გაშუქებისას (იხ. დიაგრამა 12). მერობის კანდიდატების გაშუქებისას აღსანიშნავია უარყოფითი ტონის მაღალი მაჩვენებელი ნიკა მელიას (88%) გაშუქებისას (იხ. დიაგრამა 13).

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში for.ge საკმაოდ ხშირად აქვეყნებდა ინტერვიუებს ისეთ რესპონდენტებთან, რომლებიც უკიდურესად კრიტიკულად იყვნენ განწყობილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. შეგვხვდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჟურნალისტი თავად არ მალავდა უარყოფით განწყობას ამ პარტიის მიმართ (მაგალითად, სტატიაში: „კახეთში ხუმრობენ - მილიარდერი ავირჩიეთ და ღარიბაშვილი შეგვრჩა ხელშიო“, 29.05.2014). ასევე, სტატიას „თეა წულუკიანს ხათუნა გოგორიშვილის ადგილას აჰმედ იმამყულიევის გამო...“ (6.06.2014) დართული ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის, ისეთი ფოტო, სადაც ის არაბუნებრივ პოზაში იყო დაფიქსირებული და შესაბამისად, უარყოფით განწყობას ქმნიდა პოლიტიკოსის მიმართ.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ for.ge-მ საკმაოდ დაუბალანსებლად და არაობიექტურად გააშუქა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ვებგვერდზე ნათლად შეიმჩნევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ამ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას, დისკრედიტაციის მცდელობა.

dfwatch..net

მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში dfwatch.net კვლავ საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე არ შეიმჩნეოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (49%), მთავრობის (24%), პრემიერმინისტრისა (15%) და კოალიცია „ქართული ოცნების“ (6%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (25%) ერგო. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები მონიტორინგის სხვა სუბიექტების გაშუქებისას არ დაფიქსირებულა (იხ. დიაგრამა 14). მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდზე ნაკლები სიხშირით შუქდებოდა მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობა და მეტი ყურადღება იყო გამახვილებული პოლიტიკური პარტიებისა და სამთავრობო უწყებების საქმიანობაზე.

დადებითი ტონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა პრემიერმინისტრის (16%) გაშუქებისას, რაც განაპირობა იმან, რომ მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდმა არა ერთი სტატია დაუთმო პრემიერის განცხდადებებს, სადაც ის ძირითადად დადებითად აფასებდა საკუთარ საქმიანობას (მაგალითად: „Georgian PM expects ‘adequate assessment’ of his efforts”, 4.06.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ dfwatch.net საკმაოდ ობიექტურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

palitratv.ge

მონიტორინგის მოცემულპერიოდში palitratv.ge საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე არ შეიმჩნეოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად პრემიერმინისტრის (32%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (31%), მთავრობისა (14%) და პრეზიდენტის (12%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ დაფიქსირებულა. უარყოფითი ტონის შედარებით მაღალი მაჩვენებლები ერგო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ (19%) და პრემიერმინისტრს (16%) (იხ. დიაგრამა 15). მერობის კანდიდატთა გაშუქბისას დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებლები ერგო დავით ნარმანიასა (38%) და დიმიტრი ლორთქიფანიძეს (36%) (იხ. დიაგრამა 16).

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში palitratv.ge-ზე არაერთხელ შეგვხვდა რედაქციის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი გამოკითხვა. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს სიუჟეტებში დაცული იყო მოსაზრებათა ბალანსი და წარმოდგენილნი იყვნენ რესპონდენტები განსხვავებული შეხედულებებით დასმული საკითხის მიმართ (მაგალითად: „რას უკავშირებთ ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე გახშირებული თავდასხმების ფაქტებს?“, 27.05.2014; „რომელი პოლიტიკური სუბიექტის წინასაარჩევნო დაპირება დაგამახსოვრდათ და რომელია ყველაზე დამაჯერებელი?“, 29.05.2014; „როგორ აფასებთ პრემიერის განცხადებას, რომ არჩევნებში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებს?“, 3.06.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ palitratv.ge კვლავ ობიექტურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

დასკვნა

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ონლაინ მედიაში მერობის კანდიდატთა გაშუქება არ გახშირებულა. ვებგვედების უმეტესობა ძირითად ყურადღებას კვლავ პოლიტიკური პარტიებისა და სახელისუფლებო სტრუქტურების გაშუქებას უთმობდა.

2012 და 2013 წლებში განხორციელებულ საარჩევნო მედიამონიტორინგთან შედარებით ქართულ ონლაინ მედიაში კვლავ შეინიშნება პოზიტიური ცვლილებები ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით აღსანიშნავია presa.ge, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მუშაობის სტილი. მონიტორინგის სუბიექტთა ობიექტური გაშუქების კუთხით გააუმჯობესეს მუშაობა ვებგვერდებმა droni.ge და tabula.ge-მ.

მონიტორინგის მესამე პერიოდში ვებგვერდებზე reportiori.ge და for.ge შეინიშნება უარყოფითი განწყობა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობით“ მიმართ.მონიტორინგის პირველ და მეორე პერიოდთან შედარებით ონლაინ მედიაში სხვა ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100