სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სპეცოპერაცია დავასრულე, დანებება მსურს“, – ანდერს ბრეივიკის ზარები პოლიციაში (ვიდეო)

ერთ–ერთმა ნორვეგიულმა ტელეარხმა 22 ნოემბერს ეთერში გადასცა კუნძულ უტოიადან ტერორისტ ანდერს ბრეივიკის მიერ პოლიციაში განხორციელებული ზარების აუდიოჩანაწერი. აღმოჩნდა, რომ ბრეივიკი არ ტყუოდა, როცა აცხადებდა, რომ საშინელი სასაკლაოს მოწყობის დღეს პოლიციაში ათჯერ დარეკა, მაგრამ დაკავშირება მხოლოდ ორჯერ მოახერხა.

როგორც ირკვევა, ანდერს ბრეივიკმა პოლიციაში პირველად მაშინ დარეკა, როცა მის მიერ უდანაშაულო ახალგაზრდებისთვის ცეცხლის გახსნიდან დაახლოებით 50 წუთი გავიდა.

„გამარჯობა, მე მეთაური ანდერს ბერინგ ბრეივიკი ვარ, ნორვეგიის ანტიკომუნისტური წინააღმდეგობის მოძრაობიდან. უტოიადან ვრეკავ, დანებება მსურს“, – ამბობს ის მშვიდი ხმით. „გასაგებია. რომელი ტელეფონით რეკავთ?“ – კითხულობს ოპერატორი. „მობილურიდან ვრეკავ“, – პასუხობს ტერორისტი. „თქვენი მობილური ტელეფონიდან?“; „არა, ეს ჩემი არ არის, სხვა ტელეფონია...“

მეორეჯერ ბრეივიკმა იარაღის დაშვებიდან დაახლოებით ნახევარ საათში დარეკა: „ტამპლიერების სახელით ახლახან დავასრულე ოპერაცია, დანებება მსურს“, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილ ორმაგ ტერაქტს ნორვეგიაში 77 ადამიანი ემსხვერპლა, 150–ზე მეტი კი დაზარალდა. ანდერს ბრეივიკის მიერ ახალგაზრდულ ბანაკში მოკლულ ახალგაზრდებს შორის ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანიც იყო. ამჯამად ანდერს ბრეივიკი ერთკაციან საკანში, ქალაქ ილში იმყოფება.

ექსპერტები მისი ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად ჯერაც მუშაობენ და 320 გვერდიან დასკვნას 29 ნოემბერს გამოაქვეყნებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ანდერს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100