სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ეჩხუბა სოზარი ალასანიას და რა მოხდა სუბარსა და ხიდაშელს შორის?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვეა დარჩენილი და პოლიტიკურ პარტიებს ხელჩართული ბრძოლა აქვთ გამართული. არჩევნების მოგება ყველას უნდა, მაგრამ საკითხავია, ვინ როგორ ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას?
ჩვენ ვწერდით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საბრძოლველად არენაზე უკვე საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატებიც იხმეს. „ალიანსი საქართველოსთვის“ საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატი სოზარ სუბარი იყო და როგორც ,,ალიანსში” ამბობდნენ მისი კანდიდატურა აღარ გადაისინჯებოდა. გადასინჯვის რა მოგახსენოთ, მაგრამ ,„ალიანსმა“ საკრებულოს თავჯდომარეობის თანამდებობა საერთოდაც, ღიად დატოვა. შესაბამისად, სოზარ სუბარი ,„ალიანსიდან“ თბილისის საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატი აღარ იქნება.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე „ალიანსმა“ ამომრჩევლებს და ოპოზიციონერ კოლეგებს სიურპრიზი გაუკეთა, თუმცა ვის ვინ გაუკეთა სიურპრიზი ეს კიდევ საკითხავია, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

„ალიანსმა“ ჩვეულ სტილს არ უღალატა და პოზიცია კიდევ ერთხელ შეიცვალა. ისე, მერყეობა და დღეში ათი პარასკევი ალასანიას და მის გუნდს რომ ახასიათებს ეს მგონი სიახლეს არავისთვის აღარ წარმოადგენს.

როგორც „ალიანსში“ განმარტავენ, იმ შემთხვევაში თუ ,,ალიანსი” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უმრავლესობით მოვა (რაც საეჭვოა), საკრებულოს თავჯდომარეობას იმ ოპოზიციურ ძალას შესთავაზებს, ვისაც „ალიანსის“ შემდეგ ყველაზე მეტი ხმა ექნება.

ალასანიას თქმით, მათი გადაწყვეტილება არჩევნების წინ რაიმე კონსულტაციების დაწყებას არ ნიშნავს.

„ალიანსის“ გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა კოლეგებმა შემდეგნაირად შეაფასეს.

„ალიანსის“ გადაწყვეტილება გიორგი თარგამაძისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა, სუბარის გადაწყვეტილება ოპოზიციის გაერთიანებასა და საერთო სტრატეგიის შემუშავებისთვის კარგი ნაბიჯია, თუმცა წინასაარჩევნოდ პოზიციების ცვლილებას თარგამაძე არაეფექტურად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს ოპოზიციის ამომრჩეველზე იმოქმედებს.

გაჩეჩილაძის თქმით სუბარმა გამარჯვების ფორმულა ვერ დაინახა და იმიტომ თქვა საკრებულოს თავჯდომარეობის კენჭისყვრაზე უარი.

„კონსერვატორი“ კუკავა სუბარის ნაბიჯს დადებითად აფასებს და არ გამორიცხავს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სიტუაცია შეიცვალოს და ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი კანდიდატით წარსდგეს.

კობა დავითაშვილმა არც აცია, არც აცხელა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთობისთვის თუ საჭირო გახდება სუბარის მსგავსად ისიც მოხსნის თავის კანდიდატურას. თხა თხაზე ნაკლები ნოღაიდელმა შეჭამაო, მასზეა ნათქვამი.

საინტერესოა, რატომ გადაიფიქრა სუბარმა საკრებულოს თავჯდომარეობისთვის ბრძოლა, რა არის ამის რეალური მიზეზი? ნეტავ, სად არის ძაღლის თავი დამარხული?

„დრონი. ჯი“-ს ინფორმაციით, სოზარ სუბარი „ალიანსიდან“ მიდის, დიახ არჩევნების შემდეგ სუბარი „ალიანსს“ დატოვებს (სხვათაშორის, „დრონი.ჯი“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ სუბარი საკუთარ კანდიდატურას მოხსნიდა, რაც როგორც დაინახეთ, გამართლდა კიდეც).

თურმე „ალიანსზე“ სუბარს კარგა ხანია აუცრუებია გული. მეტიც, სოზარს ალასანია მწარედ გაუკრიტიკებია მეტისმეტი ამპარტავნობის გამო და როგორც ამბობენ, სერიოზულად უკამათია კიდეც მასთან, თუმცა, პირში ენაჩავარდნილ ალასანიას მისი „დედიკო”, თინა ხიდაშელი გამოსარჩლებია და სუბარისთვის უთქვამს: შენ ირაკლის მადლობელი უნდა იყო პოლიტიკურ გვამად რომ არ გაქციეთო.
როგორც ჩანს, ეს ფრაზა, ალასანიამ „დედიკოს“ დაუფასა კიდეც. შედეგად კი - ხიდაშელი სიის პირველი ნომერი გახდა. თუმცა, სამაგიეროდ, თურმე სუბარი ისეა დაღოღმილი ხიდაშელ-ალასანიაზე, რომ შესაძლოა ღიად დაუპირისპირდეს კიდეცო - გვიყვებიან მისი გარემოცვის წევრები. წყაროს თქმით, სუბარი დარწმუნებულია, რომ ერთიანი კანდიდატის გარეშე ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდება და „ალიანსიდან“ წასვლაც სწორედ ამიტომ გადაუწყვეტია.
სუბარი თვლის, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ერთიანი კანდიდატი, რომ ვერ გამოკვეთა ამაში ლომის წვლილი „ალიანსს“ მიუძღვის. როდესაც სუბარი ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს მართავდა „რესპებს“ მისთვის თითი დაუქნევიათ და ოპოზიციასთან თანამშრომლობა აუკრძალავთ, ალასანიაა ჩვენი მერობის კანდიდატია და კონსულტაციები საჭირო აღარ არისო, გვიყვება წყარო.

სუბარი „ალიანსიდან“ ფაქტობრივად წასულია, საკრებულოს თავჯდომარეობაზე უარის თქმა სწორედაც, რომ ამას ნიშნავს. უბრალოდ, არჩევნებამდე „ალიანსს“ არ ტოვებს, უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ბოლომდე არ წირავსო, გვიმტკიცებს წყარო. ერთი სიტყვით, „ალიანსს“ სუბარი ხელიდან გამოეცალა.

„ალიანსს“ რაღა დარჩენია იმის გარდა, რომ საზოგადოებას უმტკიცოს ეს არის ნაბიჯი ერთობისკენ და მაგალითი იმისა, რომ არ ვიბრძვით თანამდებობისთვისო, აბა ხომ არ იტყვიან სუბარი „ალიანსიდან“ გარბისო? ამომრჩეველს დაანახეს, რომ თანამდებობისთვის არ იბრძვიან და მათთვის მთავარი ოპოზიციური ერთობაა. თანაც „ალიანსს“ იმედი აქვს, რომ ამ ნაბიჯით ამომრჩევლის გულს მოიგებს და მეტ ხმებს დააგროვებს, ისე ამ მხრივ, „ალიანსს“ ძალიან უჭირსო, ირწმუნება წყარო. წყაროს თქმით, ალასანია შეშინებულია, გამარჯვების შანსები ნაკლები მაქვსო.

აი, კიდევ რას გვიყვება წყარო, ოპოზიციაში ე.წ ყველაზე რეიტინგულმა კანდიდატმა ალასანიამ ნავთლუხში მაჟორიტარობის კანდიდატი, რომ წარადგინა, იმ მაჟორიტარს მთელი თავისი საახლობლო კარდაკარ ჩამოუვლია, არიქა ნავთლუხის მაცხოვრებლები წარდგენაზე მოსვლას არ აპირებენ და თქვენ მაინც მოდით, აბა თითო-ოროლა კაცი ხომ არ ვიდგებითო. იქაურობა მისი ახლობლებით ყოფილა სავსე. იქ თავმოყრილნი იმასაც კი ამბობდნენ, აბა ნაციონალები, რომ წარადგენენ თავიანთ კანდიდატს ნახეთ რა ამბავი იქნება, ხალხის რაოდენობა აქაურობას არ დაიტევსო.

წყაროს მტკიცებით, ალასანიას ყველაზე მეტად გლდანი-ნაძალადევის რაიონში ეშინია. გლდანში მხარდამჭერები საერთოდ არ მყავს და მიდექ-მოდექითო, ეუბნება ახლობლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100