სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხულოს მუნიციპალიტეტის სუფელ ტუნაძეებში აჭარის მთავრობის დაფინანსებით ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

სკოლის მშენებლობა ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.


დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ სოფელ ტუნაძეების მოსახლეობას ახალი სკოლის პროექტი წარუდგინეს და ის ადგილი მოინახულეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება.


პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს 4 სართულიანი შენობა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი, სველი წერტილები და ადმინისტრაციული დანიშნულების კაბინეტები. შენობაში განთავსდება სპორტული დარბაზი. პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ მოპირკეთებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.


ასევე, სრულად კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და დაიგება ბეტონის მონოლითური საფარი. მოეწყობა ლითონის კვადრატული ღობე. სკოლა იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბზა“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 647 467 ლარს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100