"ქართული ოცნება" რუსეთის პროექტს "მამისონს" იწყებს, ხოლო ანაკლია გააჩერა - ლევან სამუშია
„ლელოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც საგანელიძე აცხადებს, რომ "ერთი სული აქვს', როდის გაიხსნება მამისონის უღელტეხილი.
მამისონის უღელტეხილის გახსნას „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი “ქართული ოცნების“ მხრიდან ღიად გაცხადებული რუსული პოლიტიკის ნაწილს უწოდებს.
„ეს არის რუსული ხაზი და მივმართავ ოცნების წევრებს, რომ ბარემ ბორდერიზაციაში მიეხმარეთ ჩრდილოეთ ოკუპანტებს. ყველა დასავლური პროექტი ანაკლიის სახით ჩაჩეხეს და გააჩერეს, საპასუხოდ ვღებულობთ იმას, რომ მეორე ჩრდილოურ პროექტს, მეორე როკის გვირაბს, უდიდეს საფრთხეს და საშიშროებას აანონსებენ, რაც არის რუსეთის ოცნება, რომ გახორციელდეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი პირობას დებენ, რომ უმოკლეს ვადაში განხორციელდება პროექტი. ეს ყველაფერი ძალიან მალე არჩევნების გზით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იქნება პასუხგაცემული და „ლელო“ იქნება ის ძალა, რომელიც ამას დაასრულებს,“-აცხადებს ლევან სამუშია.
რაც შეეხება დავით საგანელიძის განცხადებას, ამბობს, რომ უღელტეხილი აუცილებლად უნდა გაიხსნას. მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დალაგდეს, რადგან ეს ონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მამისონის უღელტეხილი რუსეთს საქართველოსთან აკავშირებს.
კომენტარი