სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიმიტრი შაშკინი: „ან ვიღაცას ვესროდი, ან ვიღაცა ჩემს ოჯახს ესროდა...“

საქართველოდან წასული დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ქვეყნიდან მისი და მისი ოჯახის წასვლას პოლიტიკურთან ერთად, პირადი მოტივიც ჰქონდა.

დიმიტრი შაშკინი ამ დროისთვის ვაშინგტონთან ახლოს ცხოვრობს, თუმცა, როგორც თვითონ აცხადებს, იქ მხოლოდ ისვენებს. შაშკინის თქმით, მაზოხისტი არ არის, რომ უყუროს, როგორ ხდება წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული ყველა კეთილი საქმის გადახაზვა:

„ახალ უმრავლესობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა, მე როგორც მოქალაქეს და თავისუფალ ადამიანს მაქვს აბსოლიტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და ფასეულობები. როდესაც მე ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე, ჩემი ქვეყანა ამ მომენტში შეიარაღებული კონფლიქტის აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში არ იმყოფებოდა.

დღეს ყველა იმ მიღწევისა და კარგი საქმის გადახაზვა ხდება, რაც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა და შესაბამისად მე არ ვარ „მაზოხისტი", ამ ყველაფერს ვუყურო"- ამბობს შაშკინი „რუსთავი2“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით არაპოლიტიკური, პირადი მოტივი, რის გამოც მან საქართველო დატოვა და ამერიკაში ოჯახთან ერთად გაემგზავრა, მის უმცროს შვილს 8 წლის გოგონას უკავშირდება, რომელსაც სახლის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი მისამართით ღია აგრესია გამოხატეს.

„მივხვდი, რომ დადგებოდა ძალიან მარტივი საკითხი, ან მე ვიღაცას ვესროდი, ან ჩემ ოჯახს ესროდნენ, ან მე მესროდნენ; სწორედ ამიტომ გადავწყვიდე დროებით მომეშორებინა ასეთი გარემოდან ჩემი ოჯახი, რომ ისინი საზოგადოების მცირე ნაწილის აგრესიის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ"- დასძინა შაშკინმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დეფიციტი, რომელზეც დღეს ირაკლი ალასანია საუბრობს, მას არ დაუტოვებია:
„მე როდესაც მოვედი მინისტრად, ივლისის თვეში, სამინისტროში დამხვდა სიტუაცია, როდესაც უფრო მეტი ვალდებულება გვქონდა აღებული, ვიდრე ჩვენ ამის შესრულების რეალური შესაძლებლობა გვქონდა. ეს იყო დაახლოებით 100 მილიონზე მეტი. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ მოიპარა და წაიღო ეს ფული.

როდესაც მე ამ საკითხზე ვესაუბრე ბაჩოს (ბაჩო ახალაია), იყო აღებული ვალდებულებები და ბაჩოს ჰქონდა იმედი, რომ სამინისტროს ბიუჯეტი შემოდგომაზე გაიზრდებოდა და ამის მოლოდინები არსებობდა, ვინაიდან ხაზინა ძალიან კარგად ივსებოდა, ამის შემდეგ იქნებოდა დაკმაყოფილებული მოთხოვნა და ყველა ვალდებულება"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ამავე დროს, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ მზად არის მისი მისამართით არსებულ ყველა ბრალდებასა და ნებისმიერ კითხვას შესაბამისი სტრუქტურების დაინტერესების შემთხვევაში პასუხი გასცეს.

„მე მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას, ახსნა განმარტება გავაკეთო ნებისმიერ ბრალდებაზე, რომელიც შეიძლება იყოს. თუ გამოიკვეთება ჩემს რომელიმე მოქმედებებში ჩემი ბრალეულობა მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100