ბრიტანელი ჟურნალისტები შეცდნენ და კომპიუტერული თამაში დოკუმენტურ კადრებად გაასაღეს
ბრიტანელ ჟურნალისტებს ან შეეშალათ, ან შეგნებულად წავიდნენ ავანტურაზე: ინგლისურმა ITV-მ დოკუმენტურ ფილმში კომპიუტერული თამაშის კადრები ჩართო. ფილმი მუამორ კადაფისა და ირლანდიის რესპუბლიკური არმიის IRA-ს კავშირების შესახებ იყო გადაღებული, ხოლო ტექსტში ნათქვამი იყო, რომ მაყურებლები ხედავენ 20 წლის წინანდელ ჩანაწერს, სადაც ჩანს, როგორ აგდებენ ირლანდიელი ტერორისტები ბრიტანულ ვერტმფრენს ლიბიიდან მოწოდებული იარაღით .
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეთერში მოხვდა საბრძოლო შეტაკების ფრაგმენტი სიმულაციური თამაშიდან „არმა-2“. PC Gamer-ის მიმომხილველმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ტელეჟურნალისტები შეცდომაში შეიყვანა კლიპმა, რომელიც 2011 წლის მარტში „იუთუბზე“ გამოქვეყნდა. ვიდეოში გამოყენებული იყო ზუსტად იგივე ფრაგმენტი თამაშიდან და მისი დასათაურება ასეთი გახლდათ: „IRA-ს მებრძოლი ბრიტანულ ვერტმფრენს აფეთქებს - 1988“.
თამაშის შემქმნელმა კომპანიამ აღშფოთება გამოთქვა, ტელეკომპანიამ კი ბოდიში მოიხადა, განაცხადა რა, რომ ამოქმედდა ადამიანური შეცდომის ფაქტორი, ხოლო ჟურნალისტებს ნამდვილად ჰქონდათ ის კადრი, რომელზეც ტექსტში იყო საუბარი.
ვიდეო: ფრაგმენტი თამაშიდან „არმა-2“, რომელმაც, სავარაუდოდ, ბრიტანელი ჟურნალისტები შეცდომაში შეიყვანა.
კომენტარი