სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდში ტყვედ აყვანილი ყარყარაშვილი დახვრეტილი გოჩა ჯიქიას დედას მიუყვანეს (ვიდეო)

1992 წლის 15 მარტს გია ყარყარაშვილი, რამდენიმე ათეულ შეიარაღებულ მომხრესთან ერთად ზუგდიდში შესვლის მცდელობის დროს ტყვედ აიყვანეს. ყარყარაშვილი „სამხედრო საბჭოს“ მიერ სპეციალური მისიით იყო ზუგდიდში გაგზავნილი და „ელვისებურ შტურმს“ სწორედ მოულოდნელობის ეგექტის გათვალისწინებით გეგმავდა. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, სადაც ისინი დესანტის სახით ვერტმფრენიდან გადმოსხდნენ, მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა: ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა დაგეგმილი დესანტის შესახებ სანდო წყაროებიდან შეიტყვეს და გია ყარყარაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს. ყარყარაშვილს თან 12 სამხედრო პირი ახლდა, მათ შორის, ერთი ქალი. ოპერაციას თავდაპირველად ჯემალ ქობალია მეთაურობდა, რომელიც ფეხში დაიჭრა და ოპერაცია ბოლომდე მიხეილ(მიშა) დადიანმა მიიყვანა. ოპერაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი და გეგმის ავტორი კი გახლდათ ბიჭუნა (ბიჭი) შენგელია, რომელმაც ყარყარაშვილის მომხრეთა დასანახად საბრძოლო პერიმეტრის სიახლოვეს ორი ბენზინმზიდი განათავსა და მათ შეუტვალა, რომ ცეცხლის გახსნის შემთხვევაში დედაბუდიანად ამოიბუგებოდნენ როგორც ერთი, ასევე მეორე შეიარაღებული ჯგუფის წევრები. სწორედ ამ "ავანტურის" შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე ავტომატის ამარა დარჩენილმა გამსახურდიას მომხრეებმა, საერთო ჯამში, 67 ადამიანი აიყვანეს, მათგან შედარებით ნაკლებადაქტიურები ზუგდიდის ციხეში გადაიყვანეს, 12 პირი კი, გია ყარყარაშვილის მეთაურობით, ზუგდიდში ჩაიყვანეს.

მანამდე, ზამთარში, გია ყარყარაშვილი უკვე იყო ნამყოფი სამეგრელოში და კერძოდ, ზუგდიდში – კომენდანტის მისიით, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ სამხედრო ხუნტის ძალები სამეგრელოში შევიდნენ და ზუგდიდი „აიღეს“. სწორედ მაშინ, როცა ყარყარაშვილმა ახლანდელი სამხარეო ადმინისტრაციის (მაშინ პრეფექტურის) შენობის აივნიდან იქ შეკრებილ ხალხს მიმართა, ისტორიული სიტყვები თქვა, რომელიც დღეს ნაკლებადაა ცნობილი: „ხალხნო, ჩვენზე ამბობენ, თითქოს ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანა გვინდა – ეს საშინელი ცილისწამებაა და მეტსაც გეტყვით: თუ საქართველოში შევარდნაძე ჩამოსვლას დააპირებს, ამას პირველი მე აღვუდგები წინ იარაღით, რადგან მას საქართველოში ჩამოსასვლელი პირი არა აქვს“, – ამ სიტყვებზე ზუგდიდის მოსახლეობის ნაწილმა ტაშიც კი დაუკრა. თუმცა, როგორც გვახსოვს, მოგვიანებით ყარყარაშვილი არათუ იარაღით ხელში შეებრძოლა ედუარდ შევარდნაძეს, მისი მარჯვენა ხელი და თავდაცვის მინისტრიც გახდა.

ეს იყო ზუგდიდს „აღების“ პირველ დღეებში. ამის შემდეგ სულ მალე, „მხედრიონმა“ და სამეგრელოს მოდებულმა ათასი ჯურის შეიარაღებულმა ფორმირებამ უდანაშაულო მოსახლეობის დახვრეტა–აწიოკება დაიწყო. ერთ–ერთი ასეთი მსხვერპლი, რომელიც ზუგდიდის ცენტრში დედის თვალწინ დახვრიტეს, გოჩა ჯიქია იყო. 24 წლის არქიტექტორს მხოლოდ იმის გამო აუხირდნენ, რომ წვერი ჰქონდა მოშვებული. ერთ–ერთი ბატალიონის წევრმა მასში „ზვიადისტი“ ამოიცნო და ჰკითხა, შენი თანამოძმეები სად არიანო. შელაპარაკება დიდხანს არ გაგრძელებულა: ზუგდიდში დღეს ყველამ იცის, რომ როგორც კი სამხედრო საბჭოს მომხრე ფორმირების წევრმა ავტომატი გადატენა და გოჩა ჯიქიას დედა, რომელსაც მანამდე ხმა არ ამოუღია, მიხვდა – საქმე ცუდადააო, შვილს გადაეფარა და გვარდიელს ცრემლნარევი ხმით სთხოვა – ნუ მომიკლავ, შვილო, ეს ერთი მყავსო. ქალაქში დღესაც არიან თვითმხილველები, რომლებმაც დაინახეს, როგორ ჰკრა ხელი შეიარაღებულმა გვარდიელმა დედას, როგორ გაისროლა რამდენჯერმე გოჩა ჯიქიას მიმართულებით და როგორ დააყოლა: ზუსტად მაგიტომ ვკლავ, ერთი რომ გყავსო...

ახლა ისევ გია ყარყარაშვილის ტყვედ აყვანის ისტორიას მივუბრუნდეთ. იმ დროისთვის სამეგრელოდან ისევ განდევნილი იყვნენ სამხედრო საბჭოს ძალები და როგორც აღვნიშნეთ, ყარყარაშვილი ზუგდიდის ხელახლა „აღების“ მცდელობის დროს აიყვანეს. რადგან არსებობდა მასზე და მის მომხრეებზე შურისძიების საშიშროება, გამსახურდიას მომხრეები ტყვეებს თან დაატარებდნენ ყველგან, სადაც მანქანით გადაადგილდებოდნენ. ერთხელ ისე მოხდა, რომ გოჩა ჯიქიას სახლში მოუწიათ ასვლა და ყარყარაშვილიც თან აიყვანეს, ისე რომ, არც იცოდა, თუ მისი კომენდანტობის დროს დახვრეტილი ბიჭის ოჯახში მიდიოდა. თვითონ გოჩა ბახია ასე ჰყვება ამ სცენას:

„შევედით ოჯახში, სუფრას მივუსხედით... ყარყარაშვილიც თან გვახლავს...მინდოდა გასვლა და ცალკე ამეხსნა,რომ შემთხვევით მოვიყვანეთ...
გოჩას დედამ საქმე მოიმიზეზა, სამზარეულოში ტრიალებდა. ჩვენ სუფრას ვუსხედით. ბლომად ხალხი იყო. ყარყარაშვილი ვერ მიხვდა, სად იყო. გვეგონა იმ ქალბატონმაც ვერ იცნო შვილის მკვლელი.

დაღუპული ვაჟკაცის შესანდობარი უნდა გვეთქვა. დედამისი შემოვიდა სურათით ხელში... ყარყარაშვილს საცივის ბარკალი ხელიდან გაუვარდა...თავი არ აუწევია.
შესანდობარზე მადლობა გადაგვიხადა დედამისმა, ჭიქა ხელში აიღო და პირდაპირ ყარყარაშვილს მიმართა:
-შვილო გია, აწი მაინც არ დაგეხოცოს გოჩასთანა კარგი ბიჭები! – და გადაეხვია, მერე კი დააყოლა:
-რაც მას სიხარული დააკელით, შენს შვილებს მომატებოდეთო...“

ამ ეპიზოდის შემდეგ გია ყარყარაშვილმა, მისივე სურვილით, ზუგდიდის ეკლესიაში, ხატის წინაშე დაიფიცა, რომ ქართველების სისხლს არ დაღვრიდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ ამის უფლება სხვებისთვისაც არ მიეცა...

„იუთუბზე“ 2011 წლის ივლისში აიტვირთა ვრცელი ვიდეომასალა, სადაც ასახულია ზუგდიდში ტყვედ აყვანილი გია ყარყარაშვილისა და მისი თანმხლები პირების გადმოყვანა სოფელ რუხიდან ზუგდიდში, მათი პირველი შეხვედრა და საუბარი ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიის მეთაურთან – ლოთი ქობალიასთან, აქვე შეგიძლიათ მოუსმინოთ ყარყარაშვილისა და მისი თანმხლები პირების ინტერვიუებს, რომლებიც სწორედ მაშინ ჩამოართვეს. ეს, მართლაც უნიკალური კადრები დაწვრილებით არ განხილულა არც ერთ სატელევიზიო გადაცემაში, რომელიც აქამდე მომზადებულა სამოქალაქო ომის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100