რატომ ებრძვიან „ვეფხისტყაოსანს“ ნაირა გელაშვილი და რობერტ სტურუა
თავის დროზე, ჯერ კიდევ ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვებამდე, ზვიად გამსახურდიას წაკითხული ჰქონდა საჯარო მოხსენება რუსთაველსა და მის პოემაზე, სადაც ასეთ თვალსაზრისს ავითარებდა:
„...იმპერია ჩვენ მარტო პოლიტიკურად კი არ გვებრძვის, არამედ სულიერად გვებრძვის; მას სურს, რომ ჩვენი ერის კულტურა, ისტორია არ იქნეს გასული ფართო ასპარეზზე, რომ არ იყოს ჯეროვნად გაშუქებული. აი, თუნდაც რუსთველი... თუნდაც რუსთველის შემოქმედების საერთაშორისო მასშტაბით, მსოფლიო მასშტაბით განხილვა, გაშუქება ამ იმპერიას არ აწყობს, იმიტომ, რომ ის დამპყრობელი ერი, რომელმაც ჩვენ დაგვიპყრო და დაგვიმონა, თვლის თავის თავს ჩვენზე უფრო კულტურულ ერად, ჩვენზე უფრო დიდი ისტორიის პატრონად, ჩვენზე უფრო დიდი მწერლების პატრონად.
როდესაც გამოირკვევა, რომ თურმე რუსთველის ბადალი მათ არავინ არ ჰყავთ, ეს მათთვის წამგებიანია პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ის ქვეყანა, რომელიც მათ დაიმონეს და თავისი იმპერიის შემადგენელ ნაწილად აქციეს, თურმე მათზე მაღლა დგას კულტურული თვალსაზრისით და კულტურული უპირატესობა გააჩნია. ამიტომ მათ ეს არ აწყობთ, ამიტომ ყოველნაირად ხელს უშლიან ამას.
თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ის რუსთაველის ინსტიტუტი, რომელიც აქ არსებობს – ფაქტიურად არ არსებობს; ეს რეალური ინსტიტუტი არ არის, ეს ფიქტიური დაწესებულებაა... რუსთველოლოგიის განყოფილება არაფერს არ აკეთებს რუსთაველთან დაკავშირებით. იქ ყველანაირი სხვა თემები მუშავდება, გარდა რუსთაველისა; რუსთაველზე იქ თუ რამე იკითხებოდა, სხვათა შორის, გაგიკვირდებათ და გაოცდებით, იკითხებოდა მხოლოდ ნეგატიური თვალსაზრისით; ლანძღავდნენ რუსთაველს, აკრიტიკებდნენ და ამცირებდნენ ყოველნაირად და ზოგჯერ ძალიან კურიოზულ მოსაზრებებსაც გამოთქვამდნენ, რაღაც მდარე პოეტად სახავდნენ – იყო ასეთი შემთხვევებიც. მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს შემთხვევითი არ იყო, ამას გამიზნული ხასიათი ჰქონდა!“
ყოველივე ზედმიწევნით ნათლადაა ჩამოყალიბებული: ზემოთაღნიშნულის შემდეგ გასაკვირი აღარ გახლავთ ის თავგამოდება, რომლითაც კრემლის ქართველი სატრაპები აძაგებენ „ვეფხისტყაოსანს“. მათ უნდა დაუმტკიცონ დიდ უფროს ძმებს, რომ ქართველების უპირველესი მესიტყვე ერთი რიგითი მეზღაპრე და მოშაირეა, და საქართველოშიც ისევე აქვთ საკუთარი ეთნოკულტურული განათლების შუქი შემოსატანი, როგორც ხელემსკის და გრებნევს შეჰქონდათ დაღესტანში.
ინებეთ მაგალითი, თუ რუსულ სკოლადამთავრებული და რუსულ კულტურაზე დამყნილი რეჟისორი რობერტ სტურუა რას ბრძანებდა „ვეფხისტყაოსანზე“:
„მეჩვენება, რომ ესაა ირონიული ნაწარმოები ქართულ ზნე-ჩვეულებებზე, რადგანაც ავტორი პირდაპირ ვერ წერს ქართველების სიმდაბლეზე, რომანტიზმით უკეთებს კონტრასტს ჩვენს ცხოვრებას... არ შეიძლება, დაიჯერო, რომ ეს არის შენი ენციკლოპედია, რომელიც გამოხატავს ქართულ სულს...არანაირ ქართულ სულს არ გამოხატავს, რადგან ლაპარაკია მხოლოდ იდეალებზე, რომანტიზმზე და არცერთი სიტყვა არაა სიმართლისა.“
ინტელიგენციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა – მწერალმა ნაირა გელაშვილმა საჯაროდ დაგმო რუსთაველის პოემა და აღნიშნა:
„დასავლელმა ლიტერატურათმცოდნემ მითხრა: „როდემდე უნდა იყოთ ისეთი პოემით აღფრთოვანებული, სადაც მთავარი გმირი სტუმარ პრინცს მიპარვით კლავსო?“ და იქვე დასძინა, რომ ეთანხმებოდა სტუმარს.
რობერტ სტურუასა და ნაირა გელაშვილისებრ პრიმიტიულად აღმქმელ მკითხველთათვის (შეურაცხყოფას არ ვაყენებთ ერთის რეჟისორულსა და მეორის ბელეტრისტულ ღვაწლს) ზვიად გამსახურდიას დაწერილი აქვს შესანიშნავი ეგზეგეტიკური ნაშრომი „ვეფხისტყაოსანზე“, რომელსაც ქართველთა უმადური ნაწილი დღეს ან არ ცნობს, ან არ იცნობს, რადგან იგი ტაბუდადებულ ნაპრეზიდენტარს ეკუთვნის: მასწავლებლები არ ასწავლიან სკოლაში, პუბლიცისტები არ ციტირებენ, მეცნიერები გვერდს უვლიან.
არადა, რობერტ სტურუასა და ნაირა გელაშვილის მსგავსი „მეტრების“ მიერ დამოძღვრილი ახალგაზრდებისთვის რაოდენ საშურია პოემის იგავსიტყვიერი შინაარსის ეგზეგეტიკური ცოდნა, რათა ფსევდორუსთველოლოგებმა მათ არ შეაჩეჩონ ხელში გეოგრაფიულ–სათავგადასავლო პოემად, სამიჯნურო ლექსად ან – ისტორიულ ეპოსად. ამიტომ, ჯერ არს პოემის საიდუმლოსთვის საღვთისმეტყველო გასაღების მორგება:
გამსახურდია აღნიშნავს, რომ, როდესაც რუსთაველმა პოემის თაობაზე გვამცნო: „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“, ამით თავად მიგვითითა იმ იგავსიტყვიერ ხერხზე, რომლითაც მისი ქარაგმების ენა უნდა გაგვეგო. საკმარისია, ვთარგმნოთ პოემის გმირების სპარსული და არაბული აღმოსავლური სახელები, რომ ამ სახელების სიმბოლოებსაც და მათ დანიშნულებასაც მივაკვლევთ – „ვეფხისტყაოსანი“ ადამიანის მიერ ღმერთთან დაკარგული ერთობის აღდგენის პოემაა: ნესტან–დარეჯანი (სპარსულად „ნესტ–ან–დარე–ჯაჰან“ – „ის, რაც არსად არ არის“) საღმრთო სიბრძნე და მადლი – რაც ადამიანმა თავისი ცოდვების გამო დაკარგა, ჯურღმულში ჰყავთ დამწყვდეული ქაჯებს, ანუ ცოდვისმიერ ქვენა ზრახვებს:
ბოროტებას, შურს, სიავეს, უკეთურებას, სიბილწეს – და იმისათვის, რათა დავიბრუნოთ იგი, საჭიროა გაერთიანდეს საღმრთო სიყვარული (რასაც თარგმანში ნიშნავს „ტარიელი“), სარწმუნოება (რასაც ნიშნავს „ავთანდილი“) და იმედი (რასაც გადმოგვცემს სახელი „ნურადინ ფრიდონი“), ისე, როგორც ამისაკენ, სრულყოფილების მისაღწევად, მოგვიწოდებს პოემაში გონება („თინათინი“), ხოლო „ახალ აღთქმაში“ – პავლე მოციქული: სარწმუნოების, იმედისა და სიყვარულის მეშვეობით“ (იხ. 1კორ. 13, 13).
ამდენად, რუსთაველი გვმოძღვრავს, თუკი ადამიანი შეძლებს საკუთარ პიროვნებაში მოუყაროს თავი რწმენას, იმედსა და სიყვარულს – დაამარცხებს მიწიერ ვნებებს და მოიპოვებს ზენაარ მადლს – შეუერთდება საღმრთო სიბრძნეს, რისი დასტურიცაა ტარიელისა და ნესტანის ბედნიერი შეერთება;
ამ გზით ადამიანი დაიბრუნებს უფალთან მისასვლელ გზას!
ამ ახსნის შემდეგ თუ რომელიმე განმანათლებელ რუსს გაუჩნდება ნებისმიერ თავის მწერალთან რუსთაველის გაპაექრების სურვილი, მოვიდეს – ჰა ბურთი და ჰა – მოედანი!
კომენტარი