სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთში ინტერპოლის მიერ ძებნილი ვახტანგ გვრიტიშვილი დააკავეს

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მიწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საფრანგეთის სამართალდამცავებმა თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი ვახტანგ გვრიტიშვილი დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გვრიტიშვილს ბრალად ედება ანგარებით ადამიანის გატაცება, ყაჩაღობა წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ, ბინაში შეღწევით თავდასხმა მოქალაქის პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ერთვის თან. ასევე, ის ბრალდებულია დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით მრავალი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 1994 წლის იანვარში ვახტანგ გვრიტიშვილმა თანამზრახველებთან ერთად ფულის გამოძალვის მიზნით ნეშან მინასიანის შვილი, ვაზგენ მინასიანი გაიტაცა. ვაზგენ მინასიანი მოგვიანებით გათავისუფლებული იქნა მშობლების მიერ 75 000 აშშ დოლარის გადახდის შედეგად. იმავე წლის თებერვალში დამნაშავეებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნეშან მინასიანმა შეიტყო მისი შვილის გამტაცებლების ვინაობის შესახებ და კვალის დაფარვის მიზნით, ვ. გვრიტიშვილი თანამზრახველებთან ერთად, 1994 წლის 19 თებერვალს, ყაჩაღურად თავს დაესხა მინასიანების ოჯახს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ნეშან მინასიანი, ფლორა მინასიანი და ვაზგენ მინასიანი, ხოლო ამ უკანასკნელის დამ - გაიანე მინასიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
2011 წლის 15 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ვახტანგ გვრიტიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 2011 წლის 3 ნოემბრიდან, იგი თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებული გადაყვანილია საფრანგეთის საექსტრადიციო ციხეში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100