სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოდარ მელაძე საქართველოდან მიდის

ტელეკომპანია "იმედის" ცნობილი ჟურნალისტი, გადაცემა "100 გრადუსი ცელსიუსის" წამყვანი ნოდარ მელაძე საქართველოდან მიდის. სამომავლო გეგმები ტელეწამყვანმა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) სტუდენტებს ერთ-ერთ ლექციაზე გააცნო.

როგორც "ივერონს" სტუდენტებმა განუცხადეს, ნოდარ მელაძე ტელეკომპანია "იმედიდან" და შემდეგ უკვე საქართველოდან წასვლას ზაფხულამდე აპირებს. "გვითხრა, რომ პროექტიდან წასვლასა და საქართველოს დატოვებას აპირებს. პროექტი ალბათ, დაიხურებაო.

თქვა, რომ ამერიკაში სასწავლებლად წავა და შეიძლება, საქართველოში აღარც დაბრუნდეს. მისი გადაცემის მიმართ საზოგადოებაში არსებული განწყობის გამო საკმაოდ გულნატკენი ჩანდა", - აცხადებენ სტუდენტები.

თავად ნოდარ მელაძე "ივერონთან" საუბარში საქართველოდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების არსებობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვებას მხოლოდ ერთი თვით აპირებს.

"ზაფხულში საზღვარგარეთ სტაჟირების მხოლოდ ერთთვიან კურსებზე ვაპირებ წასვლას", - აღნიშნა ჟურნალისტმა. რაც შეეხება "იმედიდან" წასვლასა და "100 გრადუსი ცელსიუსის" შესაძლო დახურვას, ცნობილი ჟურნალისტის თქმით, იგი "იმედიდან" არ მიდის და არც გადაცემის დახურვა იგეგმება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100