სავიზო რეგულაციები გამარტივდა
უცხოელი მოქალაქეებისთვის აქამდე არსებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, - სავიზო რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ცვლილებებით, რომელიც დეტალური ანალიზის საფუძველზე განხორციელდა, იმ ქვეყნებთან, ვისთანაც საქართველოს უკვე ჰქონდა უვიზო მიმოსვლა, 90-დღიანი ლიმიტი 180 დღის განმავლობაში გაუქმდა და ამ ქვეყნებთან დადგინდა ერთწლიანი ლიმიტი.
„ჩვენ დავამტკიცეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 90 დღის ვადით ნებისმიერ 180 დღის პერიოდში. ამ ნუსხაში შედიან მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი ხარისხით გამორჩეული ქვეყნები. კერძოდ, ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები, ასევე ავსტრალია, აშშ, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი, კანადა და სამხრეთ კორეა. ასევე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს და ე.წ. მე-3 ქვეყნების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ შენგენის, ევროკავშირის ან მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 50 ქვეყნიდან ერთ-ერთი ქვეყნის ვიზა ან ბინადრობა მაინც, საქართველოში ვიზის გარეშე შემოვლენ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სავიზო რეგულაციების გამარტივება, რაც ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას.
კომენტარი