გველის კბენამდელი და კბენის შემდგომი რჩევები
დედოფლისწყაროს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, ქალაქის სხვადასხვა უბანში შხამიანი გველები მომრავლდნენ.
რამდენიმე დღის წინ ლესელიძის ქუჩაზე, ერთ–ერთმა მცხოვრებმა საკუთარ ეზოში მეტრნახევარი სიგრძის გიურზა შენიშნა, რომელიც მეზობლების დახმარებით მოკლა. ასევე, დედოფლისწყაროს მიკრორაიონის დასახლებაში მაცხოვრებლებს ერთი დღის მანძილზე ორი გველის მოკვლა მოუხდათ. მომხდარის გამო ადგილობრივები პანიკაში არიან და ბავშვების ეზოში გაშვების ეშინიათ.
ბოლო დროს იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამი წლის ბავშვს გიურზამ უკბინა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მიზეზად კი საავადმყოფოში გველის შხამის საწინააღმდეგო ვაქცინის უქონლობა დასახელდა.
ამ შემთხვევის შემდეგ, დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ორი ვაქცინა ,,ანტიგიურზინი“ მოიტანეს, რომელიც ინახება და მისი საჭიროების შემთხვევაში პრობლემა აღარ შეიქმნება.
გველმა ათი წლის გოგონა დაკბინა ასევე თბილისში. ლალი სუბელიანი სამგორის დასახლებაში, კაიროს ქუჩაზე სტუმრად იყო. ბავშვი რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდა, როდესაც მას გველმა ფეხზე უკბინა. ლალი სუბელიანი ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და დაკვირვების მიზნით ის საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება. კაიროს ქუჩის მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო პერიოდიში ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობენ.
როგორც ცნობილია, დედამიწაზე გველის სულ 2700 სახეობაა. ამათგან საქართველოში 20-22 სახეობა გვხვდება. ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი და, შესაბამისად, საშიშიც, გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა.
გიურზა გველგესლების ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 130-160 სმ-ს აღწევს, მასა - 3-6 კგ-ს. შეფერილობა სხვადასხვაა - ღია ნაცრისფრიდან მუქ ნაცრისფრამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო. ზურგზე მოზრდილი ლაქები აქვს, გვერდებზე - შედარებით მომცრო. სანადიროდ უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე და ზაფხულში დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს. მისი შხამი ტოქსიკურობით პირველობას მხოლოდ კობრას შხამს უთმობს. გიურზას ნაკბენი მომაკვდინებელია.
გიურზაც და გველების სხვა სახეობებიც აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენენ. ადამიანს თავს პირველი არ ესხმიან და მხოლოდ მაშინ კბენენ, თუ გააბრაზებენ, მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს წამოსდებენ ან დაადგამენ. ასე რომ, თუ სადმე გველს გადაეყარეთ, ნუ მიეცემით პანიკას - თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ, არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.
ადვილად შეიძლება იმის გამოცნობა, გველმა გიკბინათ თუ არა. შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას - მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ნაკბენის ტკივილი და წვა, ის მიდამო წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზიანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები (გული, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა). შემდგომი პროგნოზი დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე. მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კიდურებზე კბენისას.
იმისთვის, რომ თავი გველებისგან დავიცვათ, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეწარმავლები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია. იმ ადგილებში, სადაც გველები ბინადრობენ, ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი; ერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს; მოთიბული ბალახი მიწაზე არ დატოვოთ. ნურც მიწაზე დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს; ღამეს ნუ გაათევთ გამოქვაბულში, ფუღუროიანი ხის, დამპალი კუნძის ახლოს. თუ გამოღვიძებულმა საკუთარ საწოლში გველი დაინახეთ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ, როდის წავა; სახიფათო ადგილას აუცილებლად გააყოლეთ ხელს შრატი.
სიფრთხილის მიუხედავად, გველმა მაინც თუ გიკბინათ, მიზანშეწონილია პირველადი დახმარების ჩატარება. ტოქსიკოლოგები გვირჩევენ, რომ აუცილებელია ნაკბენის სასწრაფოდ ჩამობანა ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. სასურველია ეს რეზინის ხელთათმანებით გაკეთდეს. ნაკბენი ადგილი ოდნავ უნდა გაიხსნას და შხამი ხელის დაჭერით უნდა გამოიდინოს. ჭრილობა სწრაფად გავიმშრალოთ, დავიფაროთ სტერილური ბინტი და შევიხვიოთ. მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე, მაგ. ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს. აუცილებელია მიმართოთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ. თუ კლინიკაში დაადასტურებენ, რომ გიურზას ნაკბენია, აუცილებელია გაგიკეთებენ ,,ანტიგიურზინს“.
დაიმახსოვრეთ, არ შეიძლება გველის ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა, მისი მოწვა, გაკვეთა ან ლახტის დადება.
კომენტარი