სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვისთან და რატომ ვაჭრობს იანუკოვიჩი?

იანუკოვიჩის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, კრემლს დიდი იმედები ჰქონდა. გამართლდა თუ არა ისინი? ინაუგურაციიდან ჯერ ერთი სრულად ერთი თვეც არ გასულა, თითქოს, რაიმე გამოკვეთილ კურსზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ გარკვეული ტენდენციები მაინც შეინიშნება. ისინი რამდენიმე მიმართულებით ჩანს. დავიწყოთ, პირველი საერთაშორისო ვიზიტებით. პირველი-ბრიუსელში, მეორე-მოსკოვში.
ევროკავშირის დედაქალაქში, ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტი ხაზგასმით საუბრობდა იმის შესახებ, რომ უკრაინა ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისკენ ისწრაფვის.
ასევე, მან ევროპას პირობა მისცა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, უკრაინა გაზმომარაგების საკითხებში აღარ დააღალატებს. მათი მიზეზით, ენერგომომარაგება კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგება. ბრიუსელი ნატოს დედაქალაქიცაა და ცხადია, იანუკოვიჩი ამ თემასაც ვერ გაექცეოდა.
მან ვრცლად და უარყოფითად ისაუბრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ. სულ რაღარც რამდენიმე დღის წინ კი, უკრაინის პარლამენტში უკვე მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, უკრაინა არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი არ გახდება. ასე რომ უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ უკვე ოფიციალურად, სამართლებრივად შეჩერდა.
კრემლში ძალიან არ მოეწონათ, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროპას ეწვია და არა, მოსკოვს. იქ მას, `რბილად~ შეახსენეს, რომ თვით იუშჩენკოც კი, პირველი ვიზიტით რუსეთს სტუმრობდა და უკრაინელ სტუმარს მოუწოდეს, არ აკეთოს არჩევანი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის.
თუმცა, იანუკოვიჩის რუსული „კონფუზები“ ამით დასრულდა. მას ყური მეტად აღარ აუწიეს და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ ვიზიტით, უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობათა ახალი ეტაპი დაიწყო. ცუდ ნოტაზე ახალი საქმის დაწყება კი, არც კრემლს სურდა და არც, კიევს.
უკრაინის ახალი პრეზიდენტის მიერ ამ არასრული ერთი თვის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებს თუ შევაჯამებთ, ნათელი გახდება, რომ ის აშკარად ცდილობს, რომ ერთგვარ, შუალედურ რგოლად იქცეს რუსეთსა და დასავლეთს შორის. თუმცა, თუ კრემლის მმართველთა მტაცებლურ ბუნებას გავითვალისწინებთ, საეჭვოა, რომ მან თავისი ამ სურვილის გახორციელება წარმატებით შესძლოს.
დავიწყოთ ცნობილი თემით, რომელიც წინასაარჩევნო რბოლის ბოლო პერიოდში იანუკოვიჩმა როგორღაც, მიივიწყა: რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება კონსტიტუციით.
ჯერჯერობით, იანუკოვიჩი ამის შესახებ ან დუმს, ან თუ ჟურნალისტები პირდაპირ ეკითხებიან, ამბობს, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს. არადა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სწორედ იანუკოვიჩი იყო ამ საკითხის ყველაზე დიდი ლობისტი.
თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორიოდე დღის წინ გავრცელდა მისი ყველაზე უფრო დიდი ნდობით აღჭურვილი პირის, ანა გერმანის განცხადება, რომ რუსულ ენას სასწრაფოდ უნდა მიენიჭოს მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანე, იანუკოვიჩის ნდობით აღჭურვილი პირია, ადვილად სავარაუდოა, რომ ეს განცხადება მისი მხრიდან სწორედ უკრაინის პრეზიდენტის მითითებით გაკეთდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსული ენის სტატუსი იქნება ერთ-ერთი იმ თემებიდან, რომლებითაც იანუკოვიჩი დიდ ხანს და სერიოზულად ივაჭრებს მოსკოვთან.
უკრაინის ახალი პრეზიდენტის არსენალში კიდევ ერთი თემაა, რომელიც მეტისმეტად მგრძნობიარე და მტკივნეულია კრემლისთვის - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზირება.
აქამდე მოქმედი შეთანხმებით, რუსეთის ფლოტს სევასტოპოლში დარჩენის უფლება 2017 წლამდე აქვს. იმ შემთხვევისთვის, თუ ვადის გასვლის შემდეგ, უკრაინული მხარე შეთანხმების გაგრძელებას არ მოისურვებს, კრემლი ფლოტის გადაყვანას ნოვოროსიისკში გეგმავს. იქ უკვე შენდება სამარქაფო ნავსადგომი, დოკები და ა.შ.
ცხადია, გაწერილია მშენებლობის გრაფიკი. მცირე ხნის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ მშენებლობა თითქმის შეჩერებულია და გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებს ძალიან ჩამორჩა. პრობლემა - ფინანსებია. რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს სულ უფრო და უფრო უჭირთ ასეთი მასშტაბური პროქტებისთვის საჭირო თანხების მოძიება.
მოსკოვში ყოფნის დროს, იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ „პრობლემას“ მოაგვარებს~. თუმცა, დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. ყველაზე უფრო შემაშფოთებელი კრემლისთვის ალბათ ის უნდა იყოს, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „პრობლემის გადაჭრის გზები ორივე მხარის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს“.
შავი ზღვის ფლოტის ბაზირების მომავალთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე გასათვალისწინებელია: უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, 2017 წლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე არც ერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა არ უნდა დარჩეს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ იანუკოვიჩის პირველი ვადა 2015 წელს იწურება. ასე რომ ადვილი შესაძლებელია, საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის წინ მან სულაც არ მოინდომის ანტირუსულად განწყობილი უკრაინის დასავლეთის მოსახლეობის ხმების დაკარგვა და ათასგვარი ხერხებით თავი აარიდოს შავი ზღვის ფლოტის შემდგომი განთავსების საკითხის რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტას.
სავარაუდოდ, ის უბრალოდ გაყინავს ამ თემას, თუმცა, ყოველ მოსახერხებელ შემთხვევაში ამასაც - ისევე როგორც, რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების საკითხს - მოხერხებულად გამოიყენებს მოსკოვთან სავაჭროდ. თუმცა, გულის მოსაოხებლად მოსკოვს ის მაინც ექნება, რომ უკრაინამ უკვე საბოლოოდ თქვა უარი ნატოზე.
არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, ერთგვარი, კატალიზატორის როლს შეასრულებს იანუკოვიჩისა და მოსკოვის ურთიერთობებში: ენერგეტიკა. ადვილი მისახვედრია, რომ პრორუსულად შეგულებული იანუკოვიჩის დროს შეეცდება რუსეთი, რომ ბოლოსდაბოლოს ჩაიგდოს ხელში ის, რასაც პროდასავლური იუშჩენკოს პირობებში ვერაფრით ჩაავლო ბრჭყალები: უკრაინის გაზსადენის ინფრასტრუქტურა.
გამოუვათ თუ არა მათ ეს? სავარაუდოდ, ყველაფერი ევროპის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული. თუ ისინი უკრაინას პირისპირ არ დატოვებენ კრემლის წინაშე, თუ გააქტიურდება და გაღრმავდება უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხი, მაშინ, შესაძლოა, იანუკოვიჩმა არც დათმოს გაზსადენი - მისი მცირე ნაწილიც კი.
ხოლო თუ მხარდაჭერა ისევ მხოლოდ სიტყვებით იქნება გამოხატული - ისევე, როგორც ამ ბოლო წლებში - არ არის გამორიცხული, რომ იანუკოვიჩს მოუწიოს კიდეც კრემლის სურვილის შესრულება. თუმცა, ეს ყველაფერი ისე ადვილი არ იქნება როგორც ეს, შესაძლოა, უკრაინის ახალი პრეზიდენტის წინასაარჩევნოდ დეკლარირებული პრორუსული კურსიდან გამომდინარეობდა.
უკვე დღეს, აშკარაა, რომ იანუკოვიჩი რუსეთისთვის ყოველი მტკივნეული საკითხის შესახებ ივაჭრებს და თანაც, დიდ ხანს. მას შესაძლებლობას მისცემს, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილის მოსახლეობის თუნდაც მცირე მხარდაჭერა მოიპოვოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100