რამაზ საყვარელიძემ ალასანიას ვირეშმაკობა გაშიფრა...
„არ ვიცი გაჩეჩილაძე რას იზამს, მაგრამ ვიმეორებ: რომ დააყენოს თავისი კანდიდატურა, მას ვერ გავამტყუნებ. არ ვიცი ალასანიას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს თუ გაჩეჩილაძეს, მაგრამ, საერთოდაც მგონია, რომ ოპოზიციის კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, რადგან უგულავას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და მისი დამარცხება ოპოზიციის კანდიდატს გაუჭირდება.
დიახ, ხელისუფლებას არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, როგორც გითხარით, მის წარმომადგენელს საკმაოდ მაღალი რეიტიგი აქვს“, - განაცხადა „დრონი.ჯი“-თან საუბრისას ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ.
- ბატონო რამაზ, ოპოზიცია არჩევ¬ნებს ერთიანი კანდიდატით ვერ ხვდება, თქვენი აზრით, რატომ ვერ მოხერხდა გაერთიანება?
- თითოეულს სურს გაერთიანება, ოღონდ თავის ქვეშ. რაციონალურობა არც მათ აკლიათ, ხომ? ოპოზიციონერებმა რაღაც-რაღაცები ვერ დათმეს და იმიტომ ვერ შეძლეს გაერთიანება. მოდით, ამ რაღაცებს ამბიციები დავარქვათ. არადა, ერთიანი კანდიდატით გასვლა არჩევნებზე ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა მათთვის.
- გაჩეჩილაძემ განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გაცნობებთო, თქვენი აზრით, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან, ალასანიას ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, თუ თავისი კანდიდატურა დააყენოს?
- იმ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, რომ როდის უფრო ქმედითი იქნება ოპოზიცია, მაშინ, რა თქმა უნდა, ალასანიას გვერდით დადგომა უფრო უპრიანია. მაგრამ, მეორე მხრივ, გაჩეჩილაძის გაგებაც შეიძლება და ეს არ არის მარტო ამბიციის თემა.
დიახ, გაჩეჩილაძის გაგებაც შეიძლება და რატომ, იცით? ალასანია ვინმეს შეუთანხმდა თავისი კანდიდატურის წამოყენების დროს? არა ხომ, ხოდა, თუ ალასანია არავის შეთანხმებია და ისე წამოაყენა თავისი კანდიდატურა, მაშინ ლევანს რა მორალური ვალდებულება აქვს, რომ უარი თქვას თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე?
მას, ეჭვი არ მეპარება, სწამს, რომ თვითონ უფრო მაღალი რეიტინგი ექნება თბილისში, ვიდრე ალასანიას, რადგან ერთხელ უკვე ასეთი შედეგი მიიღო. ასე რომ, რა მორალითა და ლოგიკით ვთხოვთ გაჩეჩილაძეს, რომ უარი თქვას კანდიდატურის დაყენებაზე?
- „ალიანსი“ სთხოვს გაჩეჩილაძეს, მათი თქმით, ყველაზე რეიტინგული კანდიდატის - ალასანიას ირგვლივ გაერთიანებას, თქვენი აზრით, რომელი უფრო რეიტინგულია და რომელს აქვს არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი?
- თხოვნა ერთია, მაგრამ ხმების ერთიანობაზე რატომ არ იზრუნა „ალიანსმა“? „ალიანსმა“, გამოდის, რომ სხვებს დაასწრო და მერე მოითხოვა ერთიანობა, ანუ ეს არის ეშმაკობა და როცა ხედავს ადამიანი, რომ მეორე ეშმაკობს, აღარ უნდება იმის ხელშეწყობა, ეს გასაგებია.
არ ვიცი, გაჩეჩილაძე რას იზამს, მაგრამ ვიმეორებ, რომ დააყენოს თავისი კანდიდატურა, აი, ამ მოტივების გამო მას ვერ გავამტყუნებ. არ ვიცი, რომელს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს. საერთოდაც, მგონია, რომ ოპოზიციის კანდიდატი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. დიახ, ვერ გაიმარჯვებს, ჯერჯერობით ასეთი სურათია. უგულავას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და მისი დამარცხება ოპოზიციის კანდიდატს გაუჭირდება.
- უგულავს რომ მაღალი რეიტინგი აქვს, ეს „კონსერვატორმა“ კუკავამაც აღნიშნა, თუმცა ოპოზიცია მაინც აცხადებს, არჩევნების გაყალბება დაწყებულიაო და აქციებით და ხელ-ფეხის მომტვრევითაც კი იმუქრება.
- ხელისუფლებას არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, როგორც გითხარით, მის წარმომადგენელს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს.
და თუ მაინცდამაინც არჩევნებს მიტინგები მოჰყვება, მეეჭვება, რომ ამ აქციებმა მიიღოს ის მასშტაბი, რომლითაც რაიმე შთაბეჭდილებას მოახდენს ხელისუფლებაზე. 13 მარტს ხომ მოეწყო მიტინგი, რამდენი იყო რაოდენობა? შთამბეჭდავი არ იყო, ხომ? ანუ ხალხი ძალიან ბევრი ფაქტორის გამო აღარ გამოვა ქუჩაში. უნდობლობა იმისა, რომ ოპოზიცია მოახერხებს თუ არა რამეს, აი, ამ და სხვა ფაქტორების გამო, მეეჭვება, რომ სამიტინგო პოტენციალმა არჩევნების გაპროტესტების მიზნით, მიტინგების საშუალებით იმ დონეს მიაღწიოს, რომელიც ქვეყანაში რაიმე ცვლილებებს გამოიწვევს.
- როგორ შეაფასებდით ალასანიას ნაბიჯებს, ვგულისხმობ „ალიანსიდან“ ე.წ. პრაიმერისტების გუნდში გადასვლას და შემდეგ კვლავ „ალიანსში“ დაბრუნებას.…
- ჩემი აზრით, ალასანიამ გაერთიანების საკითხი დააყენა და გაერთიანებას თავის გარშემო ითხოვდა და ივარაუდება, რომ მან მიიღო ის წინადადება, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა პრაიმერის გზით მომხდარიყო, ოღონდ ისე, რომ შიგნით ჩართული იქნებოდა გაჩეჩილაძეც და აი, ასეთი პროცედურა, რომელიც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა თვითონ ალასანიას ბედ-იღბალს, ბუნებრივია, მას უკვე არ აწყობდა. ამიტომაც დაბრუნდა უკან, ამიტომ ამბობს `ალიანსი~, ჩვენ არანაირ სოციოლოგიასა და პრაიმერში არ მივიღებთ მონაწილეობასო. მათ არ სურთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მათი კანდიდატურა, რაც სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია. მათი ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ ეს იქამდე განაცხადეს, სანამ საუბრები ბოლომდე მივიდოდა.
- არ მიგაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯით ალასანია დაზარალდა, მას მერყევი პოლიტიკოსი უწოდეს და საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერაც კი დაკარგა...
- არა, ის ვერსია, რაც მე გითხარით, მერყეობას არ ნიშნავს. მე მგონი, მანდაც გათვლა იყო სხვა რამეზე. ჩემი აზრით, ალასანიამ იფიქრა, რომ, თუ ყველა საჯაროდ იტყვის, რომ არიქა, ერთიანი კანდიდატურა იყოს, საჯაროდ ნათქვამის უკან წაღება არ მოხდება და უფრო ადვილად დავიყოლიებ დანარჩენებსო. მაგრამ, როგორც ჩანს, უბრალოდ, ვერ დაიყოლია სხვები და ამდენად ეს ხერხი ჰაერში დარჩა.
- ამბობენ, ნოღაიდელს სურდა პროცესების მართვაო და სწორედაც ეს არ ესიამოვნა ალასანიასო.
- მე მგონი, ნოღაიდელი ამას არ ცდილობს და არც არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობდეს პროცესების ხელში აღებას. `ალიანსს~ რაღაც საბაბი ხომ უნდოდა, ხომ უნდა აეხსნათ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ დადგებიან პრაიმერისტების გვერდით და ამისთვის შეიქმნა ეს ვერსია, რომ აი, რუსეთში მყოფი ნოღაიდელი ჩვენთვის მიუღებელიაო.
- პრაიმერში მონაწილე პარტიები გაერთიანდნენ, როგორ აფასებთ მათ ნაბიჯს და ნოღაიდელთან „ალიანსი“ მათთვის რამდენად მომგებიანია, ნოღაიდელს ხომ რუსეთის აგენტსაც კი უწოდებენ?…
- მათ აქვთ ხაზგასმული ის პოლიტიკა, რომ ვინც ჩვენ გვერდით დავიყენეთ, იმას ზურგს არ შევაქცევთო. ეს პოლიტიკური და მოქალაქეობრივი თვალსაზრისით გამართლებულია. მათ რომ ეთქვათ, რადგან `ალიანსს~ არ უნდა ნოღაიდელი, მაშინ არც ჩვენ გვინდაო, მათი საქციელი მოგეწონებოდათ?
- კარგით, რაც შეეხება რუსეთში მოსიარულე პოლიტიკოსებს, როგორ აფასებთ მათ ნაბიჯებს, კრემლთან ურთიერთობის აღდგენა ხელისუფლების პრეროგატივაა და რატომ ჩადის და ელაპარაკება პუტინს ოპოზიცია?
- ხელისუფლებაში შეიძლება არ იყო, მაგრამ საქმის კურსში უნდა იყო, რა ხდება პოლიტიკაში. მათ, ნოღაიდელსაც, ბურჯანაძესაც და ვინც მომავალში წავა რუსეთში, რუსული პოლიტიკური წრეების რეალური დამოკიდებულება აინტერესებთ. რასაც ჩვენ ტელევიზორიდან გვეუბნებიან, ეს არის რეალობა, თუ სინამდვილეში იქ სხვა რეალობაა? ასეთი პოლიტიკური ინფორმაციის მიღება მასმედიიდან შეუძლებელია, ამის შესახებ პირადი კონტაქტებით უნდა შეიტყო.
- ეთანხმებით თუ არა ნოღაიდელის ნათქვამს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია და ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია?
- გადადგმულია თუ არა ნაბიჯები, ეგ ერთია, მაგრამ რუსეთის დამოკიდებულება ისეთად რომ აღარ გამოიყურება, როგორიც ადრე ჩანდა, ფაქტია. დარწმუნებული ვარ, რომ ამასობაში თვითონ რუსეთის დამოკიდებულებამ განიცადა გარკვეული ცვლილებები. ეს კი, ერთი მხრივ, დასავლეთის ზეწოლამ გამოიწვია, მეორე მხრივ, სირთულეებმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე.
ანუ ჩვენი ტერიტორიების აღიარება რუსეთს პრაქტიკულად არაფერში გამოადგა, აღიარება აღიარებად დარჩა. გარდა იმისა, რომ იქ ბაზები შექმნა, დანარჩენ სხვა მიმართულებებში ეს ნაბიჯი მარტო მინუსად დაეწერა. აღარ უნდა ეს ამდენი მინუსები. დემოკრატიის ტანსაცმლის მორგება რუსეთსაც სურს. ამდენად, რუსეთი ნელ-ნელა ეცდება იპოვოს ის გამოსავალი, რომელშიც თვითონ არ დაკარგავს, ასე ვთქვათ, თავის სახეს და, იმავდროულად, ამ ტვირთებისგან გათავისუფლდება. შენზე კი არ ზრუნავს, თავის თავზე ზრუნავს და ამიტომ.
კომენტარი