სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლანა გალდავა: „საქართველოს მოღალატე უნდა იყო“...

არჩევნები მოახლოვდა და ცალკეულმა პარტიებმა და გაურკვეველმა ალიანსებმა საარჩევნოდ კანდიდატების დასახელება დაიწყეს. მართალია, ზოგიერთი პოლიტიკოსის ხშირი პოზიციის ცვლა თვალში საცემია, მაგრამ ეს მათ დისკომფორტს არ უქმნით. შესაბამისად, არჩევნებში კანდიდატების დასახელება და წინასაარჩევნო ფუსფუსი არ დავიწყებიათ.
„საქართველოს დემოკრატიული პარტიაც“ საარჩევნოდ ემზადება. ჩუღურეთში მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იურისტი ლანა გალდავაა. მას „დრონი.ჯი“ ესაუბრა.
ლანა გალდავა: მივმართავ ჟურნალისტებს: იმას, რასაც საკუთარ თავზე არ დაწერ და მორალური პრინციპებიდან გამომდინარე წარმოუდგენელია, რომ დაწერო, ნუ გაიმეტებენ სხვისთვის.
ჩემს და ინგა გრიგოლიას შესახებ ისეთი რაღაც დაწერეს, რაც ახლოსაც არაა რეალობასთან. ინგა, მართალია, ჩემი კონკურენტია და ჩუღურეთში იყრის კენჭს, მიუხედავად ამისა, ის მაინც ჩემი მეგობარია.
საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს მე კორტებთან მომხდარ სპეცოპერაციას ვესწრებოდი. იმ დროს მე ომბუდსმენის აპარატში ვმუშაობდი. საუბარი იყო იმაზეც, რომ ამის ფონზე ლანა გალდავამ დატოვა ომბუდსმენის აპარატიო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„დრონი.ჯი“: ბოლო პერიოდში ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხშირად იცვლის პოზიციას, რატომ?
ლანა გალდავა: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოლიტიკოსების უცნაური გადაბარგება-გადმობარგება მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ასე გაგრძელდა, იმ ელექტორატიდან, რომელიც ოპოზიციას ჰყავს, ადგილობრივ არჩევნებამდე ნახევარიც არ დარჩება. ხალხი დაიღალა პოლიტიკოსების ჩამოუყალიბებელი პოზიციებით.
- რას იტყვით ქართველი პოლიტიკოსების რუსეთში გახშირებულ ვიზიტებთან დაკავშირებით?
- იმ ხალხისგან განსხვავებით, რომლებსაც დღეს ძალიან გაუტკბათ რუსეთი, მე ნამდვილად მიყვარს რუსი ხალხი. კარგად ვიცნობ მათ ლიტერატურას. მეორე უმაღლესი განათლება მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში მაქვს მიღებული, ამიტომ ჩემი უახლოესი მეგობრები რუსები არიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველოში ანექსიურ პოლიტიკას ახორციელებს. საქართველოს მოღალატე უნდა იყო, დღეს რომ რუსეთში ჩახვიდე და შეხვდე იმ ქვეყნის პირველ თუ მეორე პირს.
- რას ჰპირდებით ჩუღურეთის ამომრჩევლებს იმ შემთხვევაში, თუ ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდით?
- ჩემი დაპირებები არ შემოიფარგლება მხოლოდ დაპირებების დონეზე, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ხოლმე. მე არა მაქვს და ვერც გამოვიყენებ ადმინისტრაციულ რესურსს. ამომრჩეველს ვეუბნები, რომ მაქვს ნორმალური რეპუტაცია და გამოცდილება.
მაქვს სამწლიანი სტაჟი ომბუდსმენთან მუშაობისა, სადაც ჩემი საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვით და პენიტენციალურ სისტემაში დარღვევების აღკვეთით შემოიფარგლებოდა. რომც არ ამირჩიონ ნაძალადევის დეპუტატად, ჩემს საქმიანობას მაინც ადამიანის უფლებების დაცვას მივუძღვნი.
- ძირითადად რა პრობლემებია ამ რაიონში?
- ჩუღურეთის მცხოვრებლები ჩვენს შტაბში ხშირად მოდიან და პარტიაშიც წევრიანდებიან. ძირითადად ამ რაიონში საყოფაცხოვრებო ხასიათის პრობლემებია. ასევე ინვესტორებია მოსაზიდი, რადგან ძველი უბანია და ბევრი ამორტიზებული სახლია. ძალიან ბევრ ოჯახს ჰყავს პატიმარი და ეს თემა უაღრესად ახლოსაა ჩემთან. ჩვენ მათ ვეხმარებით, რადგან პარტიაში იურისტები გვყავს და იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ მათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100