სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 მაისი - 100 წლის წინ

ყოველდღიური ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, საქართველოს სოციალ-ფედერალისტების პარტიის ცენტრალური ორგანო „სახალხო გაზეთი“, 1912 წლის 3 მაისს იუწყება:

„ახალი ამბავი

ტფილისი

სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩეველთა სიის შესადგენ ხარჯად ქალაქის გამგეობა საბჭოს 8,000 მან. სთხოვს. სამუშაოდ დროებით მოწვეული იქნება 30 კაცი თვეში 35 მან. ჯამაგირით. კვირაუქმე დღეების მუშაობაში მანეთნახევარი მიეცემათ. საარჩევნო კომისიის წევრებს დღეში ოთხ–ოთხი მანეთი მიეცემა. უნდა იმუშაონ დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე. მიცემულია 300 თხოვნა. მუშაობა დაიწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულების მიღების შემდეგ.

პირველმა მაისმა ტფილისში მშვიდობიანად ჩაიარა.

ახალი პიესა. ნამესტნიკმა ნება დართო, კავკასიის სცენებზე ქართულად წარმოადგინონ ლადო ახობაძის ერთ მოქმედებიანი დრამატ. ესკიზი „ირმების ბრძოლა“.

ტრამვაის ვაგონები პირველი მაისიდან ღამის 12 საათამდე დადიან.

ნამესტნიკის თანაშემწე სენატორი ვატაცი დაღესტნის ოლქიდან ტფილისს დაბრუნდა.

პირველ მაისს, თამარ დედოფლის გარდაცვალების დღეს დიდუბის ეკლესიაში, ყოველწლიურ ჩვეულებისამებრ, წირვა იყო, გრ. ჩარკვიანის მგალობელთა გუნდი ქართულად გალობდა. ხალხი ბლომად დაესწრო. დღის შესაფერი სიტყვები წარმოითქვა.

გუშინ საღამოს, ამაღლების წინა დღეს ტფილისში აკრძალულ იქნა წარმოდგენები და ყოველგვარი საზოგადო გასართობი.

ცეცხლი. გუშინ, გათენებისას მოზდოკის მისახვევში ცეცხლი გაუჩნდა ტფ. მეორე გილდის ვაჭარ იაკობ არტემის ძე ფარსადანოვის სახლს N2. ცეცხლმა ზემო სართულის იატაკი და ჭერი იმსხვერპლა. ზარალი დიდია, სახლი მოსკოვის დამზღვევ საზოგადოებაშია დაზღვეული.

სომეხთა ცხოვრება

რამოდენიმე კვირის წინად პეტერბურგის სომეხთა ახალ–შენმა დაადგინა, რომხურ ბეჭდვითი სიტყვის 400 წლის შესრულების გამო დაარსოს ეროვნული ფონდი; ამ ფონდის საშუალებით უნდა შეგროვდეს, გადაითარგმნოს და გამოიცეს სომხური, ბერძნული, ქართული, ხალდური, სპარსული, არაბული და სხვა ერთა ისტორიული წყაროები, რომლებშიაც მოხსენებულია რაიმე სომხის ერის შესახებ. ამ მიზნის განსახორციელებლად უკვე შემდგარა განსაკუთრებული კომიტეტი.

ტფილისის საქალაქო საკრედიტო ბანკის წევრთა კრებამ 3000 მანეთი შესწირა სომეხ მასწავლებელთა და სასკოლო მოღვაწეთა უძლურობის დროს დასახმარებელი ფონდის სასარგებლოდ.

პირველი მაისობა რუსეთში

პეტერბურგი. ქარხანათა, სახელოსნოთა და სტამბების მუშებმა დილითვე დაიწყეს გაფიცვა. არ გაფიცულან მხოლოდ მთავრობის სტამბათა მუშები. დილის თორმეტ საათამდე გაფიცული იყო უკვე 100 ათასი მუშა. პუტილოვისა, ნობელისა, პალისა და ნევის გემთა ასაგებ ქარხნის მუშები, როდესაც ქუჩაში გამოდიოდნენ, სცდილობდნენ სარევოლუციო სიმღერები ეთქვათ. ამისთანავე ამბავი მოხდა სხვა ქუჩებშიაც რომელიც პოლიციამ და ჟანდარმებმა ჩქარა მოსპო. დემონსტრაციაში მონაწილეობას ღებულობდნენ უმეტეს ნაწილად მუშები. უმაღლეს სასწავლებელთა მოსწავლეებს მონაწილეობა თითქმის სულ არ მიუღიათ. ორმოცამდე წამქეზებელი დააპატიმრეს.

მოსკოვი. პირველმა მაისმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ქარხანათა და სახელოსნოთა მუშებს არ უმუშავნიათ.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100