"ეს მოზარდებში სირცხვილს იწვევს და მათში თავდაჯერებულობას აზიანებს..." - ზაზა თელიას ეს პოსტი ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს
ექიმი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში აქტუალური თემის შესახებ წერს და მოქალაქეებს რჩევებს უზიარებს:
"არასასურველი თმის გაპარსვა/მოშორება - თემა, რომელიც არ ეხება მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემას.
ხშირად ბავშვებისთვის (10-13 წელი) და მომწიფების ასაკის თინეიჯერებისთვის კოსმეტიკურად მიუღებელი თმის ქონა სახეზე, ხელებზე, ტორსზე და ფეხებზე სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესის გამომწვევი ფაქტორია. მათში ეს სირცხვილს იწვევს და საკუთარ თავში თავდაჯერებულობას აზიანებს.
უპირატესად ამ ასაკში თმის მოცილების სურვილი მშობლების მხრიდან იბლოკება.
სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თმის გაპარსვა იწვევს მის გასქელებას, გაუხეშებას, ფერის ცვლილებას ან თმის ზრდის დაჩქარებას - არ არსებობს.
ასე, რომ თუ ვამჩნევთ, რომ ბავშვს რცხვენია, დისკომფორტს უქმნის ან თრგუნავს არასასურველი თმის არსებობა, უბრალოდ მოვაშოროთ ის - ან გაპარსვით ან სხვა მეთოდებით, მაგალითად ლაზერული ეპილაციით.
ლაზერული ეპილაციის დროს ტალღოვანი სიხშირის შერჩევა უნდა განხორციელდეს ადამიანის კანის ტიპის მიხედვით (Fitzpatrick Skin Types), განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებს ლაზერული ეპილაციის გაკეთებისას, რადგან არასწორმა ტალღოვანმა სიხშირემ შესაძლებელია გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორიცაა მაგალითად ჰიპერპიგმენტური ან ჰიპოპიგმენტური ლაქების განვითარება.
ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ლაზერული ეპილაციის შემდგომ კანის სწორი მოვლა, რაც გულისხმობს - რუჯის მიღებისგან თავის არიდებას, მზის დამცავის გამოყენებას, კანის დატენიანებას, გაღიზიანებისგან და დაზიანებისგან დაცვას.
შეგახსენებთ რომ ლაზერის ტალღოვანი სიხშირე აღიქვამს თმის მელანინს (პიგმენტს) აქედან გამომდინარე ლაზერული ეპილაცია ყველაზე ეფექტური იმ ადამიანებშია, რომლებსაც ღია ფერის კანის ტიპი და მუქი ფერის თმა აქვთ (ამ შემთხვევაში კანის მელანინი არ მოდის კონკურენციაში თმის მელანინთან, ანუ ლაზერი იჭერს მხოლოდ თმის მელანინს).
შესაბამისად გარუჯულ კანზე ეპილაციის გაკეთება არ არის რეკომენდირებული.
ღია ფერის ან თეთრ თმას ლაზერული ეპილაციის სხივი ვერ აღიქვამს აქედან გამომდინარე ამ ტიპის თმის შემთხვევაში ლაზერული ეპილაცია არაეფექტურია.
ყველაზე კარგ შედეგს იძლევა ლაზერული ეპილაციის შემდგომ - Eflornithine (Vaniqa) კრემის გამოყენება, რომელიც თმის ამოსვლის ინჰიბირებას (ბლოკირება) ახდენს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი", - წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.
კომენტარი