თიბისი გალერეა GIPA-ს სტუდენტების გამოფენას მასპინძლობს
თიბისი გალერეა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტების გამოფენას, „ანბანოგრაფია 33“ მასპინძლობს.
ექსპოზიციაზე სტუდენტების მიერ ქართული ანბანის თემატიკაზე შექმნილი 100-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინა, მათ შორის: სტუდენტების თვალით დანახული ანბანური ფოტოკადრები, სიუჟეტური, მხატვრული, კონცეპტუალური ფოტოები და ინსტალაციები.
„ანბანოგრაფია 33-ის“ ფარგლებში ოთხი პროექტია წარმოდგენილი: „რას ვწერთ”, „რას ვხედავთ“, „რას ვამბობთ“ და „რას ვფიქრობთ“.
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი სტუდენტების გამოფენით თიბისი ბანკის პროექტს, #წერექართულად უერთდება და ამ ფორმით ახალგაზრდებში ქართული ენის, როგორც ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილის პოპულარიზაციას ცდილობს.
გამოფენაზე თიბისი ბანკმა ქართული ანბანის თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრი გამოავლინა და მის ავტორებს, ბექა კერესელიძეს და რეზი ბოლქვაძეს #წერექართულად პროექტის ფარგლებში, სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ელექტრონულმა წიგნების სახლმა „საბა“ კი გამოფენის ყველა მონაწილე ელექტრონული წიგნებით დააჯილდოვა.
„ანბანოგრაფია 33-ის“ ფარგლებში GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების ბაკალავრიატისა და ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულების ნამუშევრები გამოიფინა.
ექსპოზიცია თიბისი გალერეაში 22 იანვრამდე დარჩება.
კომენტარი