ლუდზე აქციზის გაზრდის საკითხებზე ილიაუნიშიც იმსჯელეს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლუდზე აქციზის გაზრდის საკითხებზე შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. ლუდზე აქციზის გაზრდის მიზეზებზე, თუ რა კავშირი აქვს აღნიშნულ ცვლილებებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს კომპანია ”ნატახტარის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და კომპანია „ზედაზენის“ კომერციულმა დირექტორმა კახა პაიჭაძემ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის უარყოფითი მხარეები, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ლუდზე აქციზის გაძვირებამ. დასწრება თავისუფალი იყო და დისკუსიაში მონაწილეობას ყველა დაინტერესებულმა სტუდენტმა მიიღო.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური კვლევის პრეზენტაციაც. ანალიტიკური კვლევის მიზანს ლუდის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებზე აქციზური გადასახადის გაზრდის ეფექტის, მომხმარებლის ქცევისა და საქართველოში ლუდის ბიზნესის განვითარების შეფასება წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა, რომელიც მომზადებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიპის“ მიერ, არ წარმოადგენს სექტორში მოღვაწე რომელიმე კონკრეტული კომპანიის ინტერესებს. აღნიშნული კვლევა საქართველოს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის შეკვეთით მომზადდა.
„ეს არის ლუდის ინდუსტრიის ერთობლივი აქცია. ჩვენი მიზანია ამის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირება . ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტუდენტებს ვესაუბრეთ ლუდზე აქციზის გაზრდის მიზეზებზე, ასევე იმ უაყოფითი შედეგეზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ,“ - აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა
"ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორის განაცხადებით, მთავრობის მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებაზე აპილირება შეცდომაა. ხელშეკრულება აქციზის ზრდას არ ითვალისწინებს, მაგრამ ითვალისწინებს მწარმოებლებთან კონსულტაციების, ბიზნესისთვის საგადასახადო ცვლილებებზე ადაპტირებისთვის მეტი დროის მიცემის რეკომენდაციას და გაცილებით დაბალ აქციზს.
შეგახსენებთ, რომ ფინანასთა სამინისტრომ ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან კონსულტაციები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ რაც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციზის გაზრდის თაობაზე. თუმცა კონსულტაციების შედეგად გადაწყდა აქციზის 50%-ით გაზრდა, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 100%-სა.
კომენტარი