RMG-ის თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფს მხოლოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე შეხვდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისაღებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ბესო აბაშიძე და პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც ისინი საინიციატივო ჯგუფს შეხვდნენ.
ბესო აბაშიძე RMG-ის თანამშრომლებს იმ მიზნით შეხვდა, რომ გაერკვია, თუ რას ითხოვდნენ ისინი, შემდეგ კი აუხსნა, რომ მოთხოვნები წერილობითი ფორმით უნდა ჩამოეყალიბებინათ და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ოფიციალურად მიემართათ, თუმცა მის ამ შეთავაზებაზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უარი თქვეს. მათ პრეზიდენტის წარმომადგენლებს აუხსნეს, რომ უკვე რამდენიმე თვეა, პრეზიდენტთან შეხვედრას ცდილობენ, თუმცა შეხვედრა აქამდე არ შედგა.
მათ ბესო აბაშიძეს ისიც განუმარტეს, რომ საყდრის-ყაჩაღიანი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არ შეიძლება საკითხის პოლიტიზირება.
მათივე თქმით, კომპანია RMG-ის უამრავ თანამშრომელს სამსახურის დაკარგვა ემუქრება.
„გადაეცით პრეზიდენტს, რომ ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ პრეზიდენტი შეგვხვდეს. ჩვენი იმპერატიული მოთხოვნაა მასთან შეხვედრა“, - განუცხადეს RMG-ის თანამშრომლებმა პრეზიდენტის წარმომადგენლებს.
პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
რაც შეეხებათ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ისინი განცხადების დაწერას არ აპირებენ. ისინი პრეზიდენტის მისაღებში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ აქვე დაელოდებიან, სანამ პრეზიდენტი არ მიიღებს.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომპანია RMG-ის თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით შეიკრიბნენ.
კომენტარი