ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია - საგანგებო მდგომარეობა და ომონი ქუჩაში
ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია - საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ოპოზიციას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს.
რაულ ხაჯიმბა სოხუმში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიღმა გარკვეული ძალების მთავარი მიზანი გამოიკვეთა, რომელიც სახელმწიფო მეთაურის ვადაზე ადრე გადადგომას და ტურისტული სეზონის ჩაგდებას გულისხმობს.
ხაჯიმბას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში ჩატარდება. ოპოზიცია კი მის შემოდგომაზე გადატანას მოითხოვს და მეორე დღეა, აქციებს მართავს.
საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა არჩევნების გადავადებას მხარი არ დაუჭირა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციონერი კანდიდატი - ასლან ბჟანია, რომელიც აპრილში მოწამლეს, გამოჯანმრთელებას და არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
ისინი ხელისუფლებას პოლიტიკური ტერორის მოწყობაში ადანაშაულებენ. პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ სოხუმში საყოველთაო გაფიცვა და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. ქალაქში არ მუშაობს ტრანსპორტი, ბლოკირებულია გზები სოფელ ტამიშთან და ბზიფთან.
კომენტარი