რუსმა მღვდელმსახურებმა წინასაარჩევნო ლოცვის ტექსტი შეიმუშავეს
რუსი მღვდელმსახურების ერთმა ნაწილმა, რომელიც შეშფოთებულია ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებული დაძაბული სიტუაციით, ლოცვებში „მთავრობისა და მხედრობის“ მოხსენიების ახალი მეთოდი - განცალკევებული ლოცვა შეიმუშავა, - ამის შესახებ დღეს „იტარ-ტასი“ იუწყება.
„არჩევნებს, თავისთავად, არ მოაქვს არანაირი შედეგი მოსახლეობისთვის არც ამერიკაში და არც რუსეთში. ხელშესახები ცვლილებები ხალხის სულიერი მდგომარეობის მიხედვით ხდება. თუკი ჩვენ გულით არ შევიწყნარებთ ხელისუფლებას, არ ვილოცებთ მისთვის და მხოლოდ ავსიტყვიანი ვიქნებით მის მიმართ, რატომ უნდა ველოდოთ უფალი ღმერთისგან სახელმწიფოსა და საზოგადოების კეთილმოწყობას?“ - ეს მღვდელმსახურთა იმ მიმართვის ნაწილია, რომელიც რუსეთში ფრიად პოპულარულმა საზოგადოებრივმა ვებ-გვერდმა „მართლმადიდებლობა და მსოფლიო“ გამოაქვეყნა.
მართალია, ყველა ლიტურგიაზე რუსეთში აღევლინება „ღვთივდაცული ქვეყნის, რუსეთისა“ და „მთავრობისა და მხედრობისთვის“ ლოცვები, მაგრამ ამ მღვდელმსახურთა აზრით, აუცილებელია, არსებობდეს ცალკე ლოცვა - „მამულის გადასარჩენად“.
ამ ინიციატივის განხილვა საერთოეკლესიური მასშტაბითაა დაგეგმილი.
კომენტარი