სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალიკო, „გამაოცე და თუმანს მოგცემ“...

თუ გაკვირვების შეგრჩენია შნო და უნარი, ამ ქვეყანაში ნამდვილად არ მოიწყენ. არ მოიწყენდი არც გასულ კვირას. მოდი და, ნუ გაგიკვირდება, როცა ახლადგახსნილ მაგისტრალზე ლოდი ჩამოვარდება, მიმავალ მანქანას დაეცემა და ვიღაცას ეს გაუხარდება, აიოოო, მაგათი მაგისტრალიო...
ვიღაცას ეს ნიშნის მოგების ჟინი გააკვირვებს, ვიღაცას კიდე ის, უგულავას უფლებებს ზრდიან მშენებლობებთან დაკავშირებითო. მამაძაღლი, რომ აიჩემეთ პირდაპირი წესით არჩეული მერი გვინდა, პირდაპირი წესითო, ამ პირდაპირი წესით არჩეულ მერს რომ გაცილებით მეტი უფლებების ქონის უფლება ექნებოდა, ვიდრე დანიშნულს, რა, არ იცოდით? მოკლედ, ტრადიციულად უცნაური პროცესები მიდის ქართულ პოლიტიკაში. უცნაური – წესით, მაგრამ ჩვენთვის მუდამ საცნაური – აგერ ბატონო, სუბარმა დიდის ამბით მიატოვა ალასანია, საარჩევნო კამპანია დაუწუნა, გამარჯვება არ გინდოდა და მიტომო. მაგრამ რა გამოირკვა?
თურმე ჩვენი ერის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ბრძოლისაკენ არ მიუწევდა გული? აკი წამოაყენა ქართული იდეა, აკი ბრძანა, ჩემი კონცეფცია ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ითვალისწინებსო. რა, "ალიანსი" ქართულ თვითმყოფადობას ებრძვის? თუ ქართული თვითმყოფადობის ბრძოლა არ მიაჩნიათ პრიორიტეტულად? თუ ეს ასეა, რა საარჩევნო კამპანიის სისუსტე აიკვიატა, გამოსულიყო და ეთქვა, ხალხნო და ჯამაათნო, ამ თქვენს ალასანიას ქართული თვითმყოფადობა ცალ ტუჩზე ჰკიდია და მე ვტოვებ "ალიანსსო".

ეს ერთი და კიდე მეორე, განა ასეთი რა საფრთხე ემუქრება ქართულ თვითმყოფადობას? და ვისგან, ამ ხელისუფლებისგან?
ნუ კაი, თუ სჯერა გაიაროს და თან წაიყოლოს ისინი, ვისაც ამგვარი გაზვიადებული ამბების სჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლება სისხლხორცეულად არის დაინტერესებული ქართველობის ძირფესვიანად ამოსაგლეჯად. ემანდ მამა ბასილადაც არ მოგვევლინოს.

მოკლედ, სუბარი განუდგა ალასანიას, ქართული თვითმყოფადობისთვის სურს, რომ იბრძოლოს და ვის ეკედლება? ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. აგანგალა-განგალა. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ვიმსჯელეთო.
ისე, ძალიან მაინტერესებს, სუბარი რომ ბურჯანაძეს ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, ქართული იდეის აღმავლობაზე ესაუბრებოდა, ერთი-ორი სიტყვა თუ მაინც თქვეს ქართული ენის როლზე ამ "თვითმყოფადობაში"? ახლა, ეგენი ქართული თვითმყოფადობის და ქართული ენის შენარჩუნებას ამ ენის უკიდურესად გაღარიბებით (საკუთარ ლექსიკონში) თუ აპირებენ და მხოლოდ "აღშფოთებულნი" არიან, თქვენ ნუ აღშფოთდებით და კარგად ყოფილა მათი საქმე. მოკლედ, ასე, სუბარს ალასანიას საარჩევნო კამპანია არ ეპიტნავა და ახალი სულიერი მისიის ძებნას მიჰყო ხელი. დავით ზურაბიშვილი გაექილიკა, წინასაარჩევნო კამპანიაში შეიძლება ბევრი რამ მეც არ მომწონდა, მაგრამ ქართული სულიერი მისიის ახალი ვარიანტის ძებნა არ დამიწყიაო.
ზურაბიშვილმა არ დაიწყო? აგერ სუბარმა დაიწყო. სადაც ეგ მაგან ბურჯანაძესთან იპოვნოს, იქ ლასკალაში ჩემი საოპერო წარმატების ამბავიცა თქვას... მე მგონი, არც ბურჯანაძეს ეიმედება დიდად სუბარი, თორემ ამხელა ნაომბუდსმენარი კაცის შემატების იმედი რომ ჰქონდეს, მთელ თავის სასოებას თემურ ლომსაძეზე არ დააფუძნებდა. აკი, ასე გააცნო კიდეც თავისი პარტიის ახალი წევრი – თემურ ლომსაძე – ომბუდსმენის მოვალეობას ორჯერ ასრულებდა და ჩვენს პარტიაში ადამიანის უფლებებზე იმუშავებსო.
ნინო ბურჯანაძე – ორჯერ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. თემურ ლომსაძე ორჯერ ასრულებდა ომბუდსმენის მოვალეობას. უნდა ახლა ბურჯანაძეს ერთ დროს ნამდვილი ომბუდსმენი სუბარი?
სუბარი სტრასბურგში ჩივის. 7 ნოემბერს მცემესო. მედია იუწყება, სახელმწიფოს 150 ათასი ევროს გადახდა მოუწევს სუბარისთვის, ნიშნად კომპენსაციისაო. ეს მართლაც ასეა, თუკი სტრასბურგი მის სარჩელს საფუძვლიანად ცნობს, საქართველოს ბიუჯეტს მართლაც მოუწევს ამ კომპენსაციის გადახდა, იმიტომ რომ ადგილზე არ გამოიძია წესიერად ეს ფაქტი, არ დასაჯა დამნაშავეები. ეს მართლაც ასეა, მაგრამ სტრასბურგი იმათ ნამდვილად არ გამოეკიდება, ვინც სოზარს სცემა უშუალოდ. ეს მის კომპეტენციაში არ შედის, მათ საქმე სახელმწიფოსთან აქვთ და არა ცალკეულ ბიჭ-ბუჭებთან თუ ჩინოვნიკებთან. ფულის გადახდა მას კი არ მოუწევს, ვინც სუბარს სცემა, არამედ ჩვენ – ბიუჯეტს, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან ივსება.
"თეთრებმა" ხელისუფლების მამხილებელი ანგარიში გამოაქვეყნეს. ხელისუფლების მხილება უნდოდათ და აქეთ თავიანთი თავი ამხილეს არითმეტიკის უვიცობაში. მართლა ვერ გავიგე, რა ფერის ბუღალტერია აქვთ ამ თეთრებს? თეთრი ნამდვილად არა. აგერ ბატონო, გამოდიან და გაიძახიან, ბოლო პერიოდში, რევოლუციური მთავრობის მოღვაწეობის შედეგად ცხოვრება გაძვირდაო. კი, ნამდვილად გაძვირდა. ძაანაც რომ მალო, ამას ვერ დამალავ, მაგრამ "თეთრების" კვლევა რომ აცა-ბაცა-ბუცაა, ფაქტია.
ამბობენ, პურის, შაქრის, ხილის ფასი ორჯერ გაძვირდაო. რა გამოდის? ამ ბოლო პერიოდამდე ორჯერ ნაკლები ღირებულა პური, ე.ი. დღეს რომ შოთი 70 თეთრი ღირს, ბოლო პერიოდამდე 35 თეთრი ღირებულა. აი, ეს ბოლო პერიოდი სადამდე ჩადის, ეგ ვეღარ გავიგე... ხორცის, დენის, გაზისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ღირებულება – ოთხჯერო. მუნიციპალური ტრასნპორტი დღეს 40 თეთრია. ოთხჯერ ნაკლები – 10 თეთრი ბოლოს როდის იყო? ან 2-3 ლარი ბოლოს როდის ღირდა ხორცი? ბენზინის ფასი 8-ჯერ გაიზარდაო. ეტყობათ, ნამდვილად ეტყობათ, მაგათ თავიანთი "კალონკა" რომ ჰქონდათ და მუქთად რომ ისხამდნენ ბენზინს, თორემ დღევანდელზე რვაჯერ იაფი ბენზინით, მე მგონი, ლენინი და კრუპსკაია კატაობდნენ თივის ზვინის გარშემო. აი, ლეიბორისტებზეა ნათქვამი, გამაოცე თუმანს მოგცემ...
გამოვიდნენ და ბრძანეს, სააკაშვილსაო, 2013 წლის მერეც უნდა ხელისუფლებაში დარჩენა, როგორც პრემიერ-მინისტრსაო. ამაში საკონსტიტუციო კომისიის გამოყენება უნდაო და კომისიასაც მიმართეს, ნუ გახდებით მიშას "კანსტიტუციონი" ლაქიები და ხელს ნუ შეუწყობთ მის დიქტატორულ ზრახვებსაო. და ამ კომისიამ რა ქნას ერთი? კონსტიტუციაში ჩაწერონ, რომ მიშას პრემიერ-მინისტრობა და ყველაფერი ეკრძალება? სუნთქვაც? თუ ის, რომ ორი საპრეზიდენტო ვადის მოხდის მერე ნებისმიერმა პოლიტიკოსმა მოძუძგოს ქვეყნიდან და ხელისუფლებას სულაც აღარ გაეკაროს, სულაც რომ მისი პარტია იყოს ხელისუფლების სათავეში ისევ? ზუსტად აი, ეს სურთ "ლეიბორისტებს", "ნებისმიერი ფორმით აუკრძალეთ ხელისუფლებაში დარჩენაო".
ჯერ ერთი, რომ თხოვნაა აბსურდული და კიდევ, თუ მაინც აყენებ, ასეთ თხოვნას შესაბამისი გამომხატველობა სჭირდება – ასეთი თხოვნები უნდა წამოაყენო იმგვარად, როგორც ელენე ყიფშიძის კინოგმირი ემუქრება ქმარს _ "მოხვალ სახლში ჭიპილიააა"...

აი, შალვა ნათელაშვილისგან მართლა არაფერი არ უნდა გიკვირდეს, მაგრამ ძაან ნიჭიერია, მაინც ახერხებს. პრესაში უთხრეს, თქვენი წინასაარჩევნო პროგნოზი გამართლდაო და რა ბრძანა? რაიმე ზებუნებრივი ნიჭით და წინასწარმეტყველების უნარით კი არ მომდის ესაო, უბრალოდ, პრეზიდენტის გარემოცვიდან ინფორმაცია მეხივით გამოდისო.
ბატონ შალვას ის აღარ დაუკონკრეტებია, მარტო მას რატომ ეცემა ხომლე ეს მეხი... როგორც ჩანს, ჩვენი პრეზიდენტის გარემოცვა მას მუდამდღე წყევლას პირდაპირი გაგებით უსრულებს და მეხს აყრის. თვითონ შალვა კი ვის აყრის მეხს და ქოქოლას? ალასანიას საქციელს – გიგი უგულავას რომ შეხვდა, სამარცხვინო უწოდა, აი, გია ჭანტურიას კი სულ გათახსირებული ეძახა. თურმე არ იტყვით და რატომ? იმიტომ კი არა, მუქთა წყლით რომ გვპირებდა გაგრილებას, არაა... იმიტომ რომ ვარდების რევოლუციის წინ შალიკო გადაუგდია.
ჰო, აი ასე, დაპირებია, "ნი ნერვიჩაი, შალიკო", დღე-დღეზე "ბრიტიშ პეტროლიუმის" დირექტორი ჩამოვა და თქვენი დაფინანსება გადაწყვეტილიაო. ამ ტყუილებსა და მკვდარ დაპირებებში შამოგვეპარა 2003 წლის სექტემბერი, ჩვენ სულ უფინანსოდ ვიყავით და ამიტომ გაიმარჯვა მიშამაო. და არ იცით თურმე რას იზამდა შალიკო, ფული რომ ჰქონოდა? გადაკეტავდა რიკოთს და წალენჯიხიდან მიშას წამოყვანილ ავტობუსს უკან გააბრუნებდა. კაი, რიკოთს ჭანტურიას დაპირებული ფულებით გადაკეტავდა, მაგრამ ისტორიის ლოგიკას, ისტორიის მსვლელობას ვისი მაყუთით გადაკეტავდა?
აი, ბურჯანაძე კიდე თავისას არ იშლის, ისევ დგას და გაიძახის, გამოვიდეს ქუჩაში მილიონი კაცი და თუ არ წავა სააკაშვილი, მაგასაც ვნახავ, ისე წავა, რომ მზე მაღლა იქნებაო. ჯერ ერთი, მზე სულ მუდამ მაღლა იქნება, მიშა წავა თუ ნინო, მზე მიშას ნაჩუქარი წყნეთი არაა, რომ ცას ვინმემ წაართვას მზე, და კიდევ მეორე და უმთავრესი, რომ აუხირებია, გამოვიდეს მილიონი და მიშა წავაო, მეც მჯერა, რომ თუ მილიონი ქართველი იტყვის, მიშა მართლა წავა და გაეცლება ხელისუფლებას, მაგრამ ამ ხალხმა რით ვერ გაიგო, რომ არ უნდათ ამ მილიონებს არც ქუჩაში გამოსვლა, არც მიშას წასვლა, არც ნინოს მოსვლა და ძალაზეა? რით ვერ გაიგეს, რომ ვერ გამოჰყავთ ეს მილიონი კაცი?
მაგრამ მაინც აპირებენ ისევ აცქა-ცუცქის მოწყობას. სწორედ ამ ნიშნით მიმდინარეობს დღეს გადალაგება ოპოზიციაში – ბურჯანაძის გარშემო სწორედ ქუჩაში გამოვარდნის მომხრეები ლაგდებიან, ალასანიასა და ქდკ-ს სახით კი ისინი, ვისაც კონსტრუქციული გზებით, არჩევნებით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ზოგი ჯერ კიდევ აქეთ-იქით დარბის, ჯერაც სიტუაციას ყნოსავს, აინტერესებს, სად უფრო მომგებიანი იქნება გამაგრება.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ - ყოველ ორშაბათს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100