კონგრესმენის სექს–სკანდალს ობამა ეხმაურება
ამერიკელი კონგრესმენის სექს–სკანდალი გრძელდება. მოვლენებში თვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც ჩაერთო. პრეზიდენტმა „ენ–ბი–სი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონგრესმენ ენტონი უინერის ადგილას, რომელიც ინტერნეტ ფლირტში იქნა შემჩნეული, ის გადადგებოდა. ამ საშუალებით, სახელმწიფოს მეთაურმა პირველად შეაფასა წარმომადგენელთა პალატის წევრი თანაპარტიელის საქციელი.
ობამას აზრით, უინერმა საკუთარი თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ როცა პირადი საკითხები მუშაობის ეფექტურობას უშლის ხელს, სახელმწიფო მოხელემ თანამდებობა უნდა დატოვოს. თუმცა, საიმისოდ, რომ ეს განცხადება პირდაპირ ზეწოლად არ აღქმულიყო, ობამამ იქვე დასძინა, რომ უონერმა თავად უნდა გადაწყვიტოს გადადგება თუ არა. „ბი–ბი–სის“ ინფორმაციით, კოლეგას სავარძლის დატოვება რიგმა კონგრესმენებმაც ურჩიეს. წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, უინერი სასტიკად გაჯიუტდა და თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა, თუმცა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, როგორც ჩანს, საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წასვლა მოუწევს.
როგორც ცნობილია, მცირე ხნის წინ, ამერიკულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 46 წლის ცოლიანი კონგრესმენი უინერი, ინტერნეტში ქალებთან ფლირტაობდა და მათ უხერხულ ფოტოებს უგზავნიდა. პოლიტიკოსმა, თავდაპირველად, ბრალდება უარყო, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა სიმართლე ეღიარებინა და ცოლს პატიება სთხოვა. კონგრესმენი ირწმუნება, რომ ინტიმური მიმოწერა მას მუშაობაში ხელს არ უშლიდა, ამიტომ არც არის ვალდებული პოსტი დატოვოს.
დასავლური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ენტონი უინერი ნიუ–იორკის მერის 2013 წლის არჩევნებისათვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კანდიდატურად მოაზრებოდა. სკანდალის ფონზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნიუ–იორკის მერის პოსტზე, შესაძლოა, მსახიობმა ალეკ ბოლდუინმაც იყაროს კენჭი. მსახიობის გარემოცვა ადასტურებს, რომ ბოლდუინმა კენჭისყრა უინერის რეპუტაციის შელახვის შემდეგ გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ მას შანსები გამოჩნდა. თუმცა, არჩევნებამდე, შესაძლოა, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
კომენტარი