მათთვის, ვინც ბავშვს გინებას ასწავლის!
ალბათ ბევრი ჩვენგანია მოწმე როგორი სიამაყით ასწავლიან მშობლები ჯერ კიდევ ახალენაადგმულ ბავშვებს გინებას. უფროსები ვერ აცნობიერებენ, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მათ მიერ შვილებში ჩანერგილმა ერთი შეხედვით, “უწყინარმა” სიტყვებმა.
წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს: „ჩვენს ქალაქში ერთი ცნობილი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ხუთი წლის შვილი ჰყავდა, უზომოდ უყვარდა და მიშვებული ჰყავდა თავის ნებაზე.
ბიჭს, დაბრკოლებისას, ჩვეულებად ჰქონდა ღვთის ძალმოსილების გინება. უეცრად ავად გახდა. მამას მომაკვდავი ბიჭი ხელში ეჭირა. ბავშვმა მისკენ მომავალი ბოროტი სულები დაინახა და შეშინებულმა იყვირა: – დამიცავი, მამიკოო თავი მშობლის მკერდში ჩამალა. მამა ჰკითხა, – რასა ხედავო? აკანკალებულმა ბიჭმა – შავი კაცები მოვიდნენ და ჩემი წაყვანა უნდათო. თქვა ეს, ღვთის ძალმოსილებას შეაგინა და სული განუტევა. ყოვლადძლიერმა ღმერთმა იმისთვის, რომ დაენახვებია ჩვენთვის რა დანაშაულისთვის მიეცა ბიჭი ასეთ სატანჯველს, დაუშვა, რომ მომაკვდავს გაემეორებინა ჩვეული სიტყვები, რისთვისაც მამა არ ტუქსავდა. მრავლის დამთმენმა ღმერთმა დაუშვა, რომ ღვთისმგმობელს ეთქვა გმობის სიტყვები სიკვდილის წინ, რათა მამამისი მიმხვდარიყო თავის დანაშაულს, რომ შვილის სულისადმი უყურადღებობით, მან პატარა ცოდვილი გაზარდა გეენიის ცეცხლისთვის,“ – ბრძანებს წმ. გრიგოლი დიალოღოსი.
აქვს თუ არა გამართლება ბავშვის გინებას? რა მიდრეკილებები შეიძლება ჩამოუყალიბდეს მოზარდს ბილწსიტყვაობით და როგორ განვაშოროთ პატარები ამ ცოდვას? „ამბიონს“ წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი ესაუბრა:
„ზოგიერთ მშობელს სურს, რომ შვილი გაზრდილი, ჩამოყალიბებული დაინახოს და თითქოს ამ მიზნით ბავშვებს საგინებელ სიტყვებს ასწავლიან, რათა დაამტკიცონ, რომ მათი შვილი დიდი ადამიანივით იქცევა. ეს არის დიდი შეცდომა. სამწუხაროა, რომ ბოლო დროს დამკვიდრდა ტენდენცია და უხამსი სიტყვების გამოყენება თითქოს მისაღებია. მასმედიის საშუალებით ყოველდღიურად გვესმის უცენზურო, თავშეუკავებელი გინება, რაც დაუშვებელია.
სიტყვას აქვს თავისი ენერგეტიკა და არ იკარგება. თვით ეკლესიაც აგებულია სიტყვაზე. ვიცით, რომ იესო ქრისტეს მეორენაირად სიტყვას უწოდებენ. მის მიერ ნათქვამმა სიტყვამ, ქადაგებამ მოიტანა ახალი აღთქმის ეკლესია და დღეს ადამიანები სწორედ ამ სიტყვის ძალით, ენერგიით ვცხოვრობთ მართლმადიდებლურად. როდესაც ვიღაცას სიკეთით ვესაუბრებით, ჩვენ გარშემო დადებითი ენერგია იქმნება და ურთიერთობაც სასიამოვნოა, ბილწსიტყვაობისას კი უარყოფითი ენერგია ვრცელდება.
თოთო სულში ჩადებული ბილწი სიტყვის ენერგია რჩება და აგრესიულობა, ცუდი საქციელი საზოგადოებაში, რომელსაც შემდგომში ეს ბავშვები დიდ ასაკში ავლენენ, მშობლებსაც უკვირთ. სამწუხაროდ, ასეთი მშობელი შემდგომში ხშირად სვამს კითხვას, თუ რატომ აგინებს მას შვილი და რატომ ბილწსიტყვაობენ ისინი თავშეუკავებლად საზოგადოებაში?! ამ კითხვის პასუხი მან უნდა ეძიოს ბავშვის აღზრდის პროცესში დაშვებულ შეცდომაში.
პატარა ბავშვის გინებას არავითარი გამართლება არ აქვს. პირიქით, უფრო მეტი ზიანის მომტანია. ის გაუაზრებლად იმეორებს სიტყვებს და თავისდაუნებურად, გარშემო უარყოფით ენერგიას ავრცელებს. ბილწსიტყვაობით პატარას სხვა მიდრეკილებები უყალიბდება. მაგ.: თავშეუკავებლობა, გაუაზრებელი საქციელი, უზნეო მოქმედებები, აგრესიულობა…
ადამიანს, რომელსაც ბუნებითად უნდა ჰქონდეს სულიწმინდის მადლი, თავისი ნებით, ამ შემთხვევაში გინებით, განეშორება. სულიწმინდის მადლის განშორება შემდგომში ძალიან ბევრ სულიერ თუ ფიზიკურ პრობლემებს აჩენს.“
კომენტარი