სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დასჯის თუ არა ძიძიგური ნოღაიდელს?

შესაძლოა, ოკუპანტ პუტინის კაბინეტის მორიგი სტუმარი „კონსერვატორების“ ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, ზვიად ძიძიგური იყოს. თავად ძიძიგური აცხადებს, რომ ამ თემაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა არაფერს გამორიცხავს. მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მზადდება მორიგი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და ამის თავიდან ასაცილებლად „ეროვნული საბჭო“ ყველაფერს გააკეთებს. როდის აპირებს ის ზურაბ ნოღაიდელისთვის ძველი ცოდვების მოკითხვას და მიაჩნია თუ არა, რომ ლევან გაჩეჩილაძე მასზე რეიტინგული პოლიტიკოსია? ზვიად ძიძიგურმა „დრონი.ჯი“-ს შეკითხვებს უპასუხა.
„დრონი.ჯი“: ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ძალიან ბევრჯერ ამბიციების გამო ოპოზიციამ ვერ მოახერხა შეთანხება, ის, რომ სუბარის გამო თავდაპირველად ვერ მოხერხდა კონსოლიდაცია, ალასანიამ არ დაუჭირა პრაიმერს მხარი და ა.შ. შეიძლება უკვე ღიად იმ ადამიანებზე საუბარი, რომელთა ამბიციების გამოც ვერ მოხერხდა ოპოზიციის გაერთიანება?
ზვიად ძიძიგური, თბილისის მერობის კანდიდატი: გაცილებით უკეთესი იყო, რომ ოპოზიცია სასტარტო პირობებში დამდგარიყო ერთიანი კანდიდატით. სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა. ეროვნულმა საბჭომ სცადა ყველაფერი ამისთვის, მაგრამ არაფერი გამოვიდა. თავდაპირველად პრაიმერის იდეა იყო „ახალი მემარჯვენეების“ მხრიდან წამოსული. ჩვენ ამას დავთანხმდით, მაგრამ მოგვიანებით თავადვე განაცხადეს უარი. ჩვენ თანამშრომლობისთვის დღესაც მზადა ვართ.

- თქვენ განაცხადეთ, რომ არ გსურთ ირაკლი ალასანიასთან თანამშრომლობა იმ მიზეზით, რომ იგი არის არამყარი პარტნიორი. რატომ ფიქრობთ ასე?

- ჩემი სტილი არ არის და არც სურვილი, რომ ოპოზიციონერები ვაკრიტიკო, მაგრამ ბატონი ალასანიაც, ბატონი გაჩეჩილაძეც და ჩვენც ერთად შევთანხმდით ჭადრაკის სასახლეში, რომ ერთიან კანდიდატზე აუცილებლად შევჯერდებოდით. ეს ერთობა მაინც არ შედგა. ერთობაზე გაუთავებლად საუბარი და ამომრჩევლის კიდევ უფრო დაბნევა, როდესაც ვიცით, რომ ეს ერთობა არ იქნება, უარესია. ამიტომ ღიად ვამბობთ, რომ ჩვენი მერობის კანდიდატთან ერთად ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ და წავალთ ბოლომდე.

რაც შეეხება ალასანიას, დაუშვა თუ არა შეცდომა... თავად ალიანსის წევრები ამბობდნენ, რომ მან დაუშვა სერიოზული შეცდომა და შემდეგ ეს გამოასწორა. ამიტომ ჩვენი მხრიდან რაც იყო საუბარი, იყო ალასანიას თანაგუნდელების გამონათქვამებზე დაყრდნობით.

- მუდმივად მიდის საუბარი როლების გადანაწილებაზე მერობის კანდიდატებს შორის. არის თუ არა შესაძლებელი და მოსალოდნელი, რომ თქვენი კანდიდატურა რომელიმე ოპოზიციონერი კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნათ?

- რა გინდათ გითხრათ, რომ 30 მაისს დანიშნული არჩევნების წინა დღეებში როგორ მოვხსნი ჩემს კანდიდატურას, ამაზე ვისაუბროთ?

- კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ თუკი დავრწმუნდები, რომ სხვა ჩემზე რეიტინგული კანდიდატია, მე მოვხსნი ჩემს კანდიდატურასო.

- კი ბატონო, ჩვენ საარჩევნო კამპანია გვაქვს კიდევ წინ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ შემართებით და ამ სიტუაციით, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ნაკლებად მოსალოდნელია ეს მოხდეს.

- ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია ნოღაიდელის მისამართით აყენებს ბრალდებას, რომ იგი ხელისუფლების თამაშს თამაშობს. გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ შესაძლოა თქვენ ხელისუფლების თამაშს თამაშობდეთ?

- მე ადვილად ვცნობ შეგზავნილ და არაშეგზავნილ ადამიანებს. გარწმუნებთ, რომ არავითარი შეგზავნა და შემოგზავნილი ჩვენს ბლოკში, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ, არ იქნება. ჩვენთან იქნებიან ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი კულუარული გადაწყვეტილებების, ფარული შეხვედრებისა და გარიგებების გარეშე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.

- თუმცა ნოღაიდელის ოპოზიციურ სპექტრში გამოჩენის შემდეგ ოპოზიცია ორ ფლანგზე გადანაწილდა და დღეს მათი ერთობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. თქვენ არ მიიჩნევთ, რომ ეს ნოღაიდელის დამსახურებაა?

- ნოღაიდელის გამოჩენამდეც არ იყო ოპოზიციაში სრული ერთობა. უბრალოდ, დღეს ის პარტიები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ რუსეთთან დიპლომატიური გზით უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა, არიან ცალკე და დანარჩენები - ცალკე. ეს ბუნებრივი და ლოგიკურია და ამომრჩეველსაც უნდა ჰქონდეს ამორჩევის საშუალება.

- თქვენ აცხადებდით, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელს ძველი ცოდვები მოეკითხებოდა. მაშინ რატომ ხართ დღეს ამ ადამიანთან, რომელსაც „მოსაკითხი“ აქვს?

- მე ვფიქრობ, რომ ადამიანების ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წასვლა - ეს არის ნორმალური მოვლენა. ის, რომ ნოღაიდელის მისამართით აქვთ ჟურნალისტების დიდ ნაწილს კრიტიკული დამოკიდებულება, ის, რომ პოლიტწრეებში და მით უფრო სახელისუფლებო გუნდში არის კრიტიკული დამოკიდებულება ნოღაიდელის მიმართ, ეს ჩემთვის არ არის არგუმენტი, რომ ის ცუდი პოლიტიკოსია, ან მის გვერდი-გვერდ არ უნდა ვიბრძოლო. მე არ მესმის, რატომ არ უნდა იყოს ნოღაიდელი ოპოზიციაში და რატომ უნდა იყოს ბურჯანაძე? რატომ უნდა იყოს ალასანია და რატომ არ უნდა იყოს ნოღაიდელი? ან რატომ უნდა იყოს ოქრუაშვილი და რატომ არ უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი? მე მომწონს, რომ ის არის გაბედული კაცი. ოპოზიციაში გაბედულების დეფიციტი ნამდვილად არსებობს.

ჩვენ ბევრჯერ შევედით ბრძოლის დროს გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლებასთან, მაგრამ ოპოზიციამ გაუბედაობის გამო ბევრჯერ სწორედ გადამწყვეტ დროს ვერ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, ამიტომ ვარ იმ კაცის გვერდით, რომელსაც არ ეშინია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების და არის ძალიან გაბედული ადამიანი.

- ნოღაიდელთან თუ გქონიათ ამ თემებზე საუბარი, რომ მას მოსაკითხი აქვს ცოდვები. როდესაც ოპოზიციონერები ითვლიან სხვადასხვა ჩინოვნიკების ქონებას, შეგახსენებთ, რომ ქართველ მილიონერთა სიაში ნოღაიდელი მეოცე ადგილზეა და ეს სწორედ მისი პრემიერობის დროს მოხდა, იჯდა ბიზნესის წილებში და მისი ჯიბე დღითი დღე ივსებოდა. ამ თემებზე გქონიათ საუბარი?

- მინდა გითხრათ, რომ ახლა თქვენ რა ბრალდებებსაც ახმოვანებთ, ეს არის ყურით მოთრეული ჭორები, რომელსაც ყველანი ხალისით იმეორებთ. ამას ყველაფერს სჭირდება დასაბუთება.

- ის, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 2007 წლის 7 ნოემრის ღამეს, ეს დასაბუთებული არ არის? „ფოთის პორტი2“ მშენებლობის პროექტი, რომ ჩაშალა, რადგან მისი და ჯემალ ინაიშვილის ბიზნესინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ეს ხომ დადასტურებული ფაქტებია?

- ყველა დამნაშავე, რომელმაც დააშავა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აგებს პასუხს. ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის სამართლიანი სასამართლო. ამიტომ, თუკი პორტის მშენებლობა ჩაშალა ზურაბ ნოღაიდელმა, არსებობს ამ ამბავში დაზარალებული მხარე და მათ შეუძლიათ, რომ იჩივლონ და სასამართლოს გზით დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე.
- თქვენ დებთ პირობას, რომ თუკი მოხვალთ ხელისუფლებაში, ამ შეკითხვებს სასამართლო დონეზე დაუსვამთ ზურაბ ნოღაიდელს?

- ჩვენ თუკი ოდესმე მოვალთ კი არა, აუცილებლად მოვალთ, ეს ერთი შესწორება და მეორე, ყველას ვაძლევთ პირობას, რომ საქართველოში იქნება დამოუკიდებელი სასამართლო. ყველამ მიიტანოს ის საკითხი, რომელიც სურს გინდათ ნოღაიდელს, გნებავთ ბურჯანაძეს და ვისაც გინდათ იმას უკავშირდებოდეს. მე ასე მჯერა და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას.

- „ეროვნული საბჭო“ აპირებს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის დარეგულირებას. როგორ მოახერხებთ ამას, რა გზით?

- ის, რომ დიპლომატიური თანამშრომლობა უნდა აღდგეს რუსეთთან, ეს უწმინდესმაც დაადასტურა თავის სააღდგომო ეპისტოლეში. არაფერი განსაკუთრებული ჩვენი მხრიდან არ იგეგმება და მოლოდინიც ნუ გექნებათ.
ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ იმ ძალებთან რუსეთში, ვისაც რეალური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, რათა დაიძრას ყინული. არ შეიძლება ამხელა სახელმწიფო, შენი მეზობელი ვერ შეამჩნიო და არ ჩათვალო არაფრად. მე არ მილაპარაკია ამ საკითხზე საჯაროდ, მაგრამ ვიცი, რომ კიდევ მზადდება ახალი პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენ ამის თავიდან აცილება უნდა მოვახერხოთ. კიდევ რაღაც მოხდება უბედურება და მერე გამოვა სააკაშვილი და იტყვის, აი, ხომ ვამხილეთ რუსეთი, ხომ დავანახეთ მსოფლიოს მათი რეალური სახე? ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები და სამი თვე უნდა გვიმტკიცონ, რომ წაგებული ომი მოვიგეთ.

- რა პროვოკაციებზეა საუბარი, რა ინფორმაციას ფლობთ?

- ახლა არ ვისაუბრებ ამაზე. რუსეთში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ღია მუქარებს აგზავნიან საქართველოს მისამართით და აცხადებენ, რომ საქართველოს დავტოვებთ ისეთს, როგორიც იყო ჩვენთან შემოერთებამდე. ეს არის არა ჰაერზე მუქარა, არამედ ამ მიმართულებით ნაბიჯებიც იდგმება.

- თქვენ აცხადებთ, რომ თუკი მერის არჩევნებში გაიმარჯვებს სახელისუფლებო კანდიდატი, ქუჩაში მხარდამჭერებთან ერთად დაიცავთ თქვენს ხმებს, ანუ ისევ საპროტესტო აქციებს უნდა ველოდოთ?

- ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები დარბაზების დაქირავებასთან დაკავშირებით, არ გვითმობენ დარბაზებს, ზედიზედ ხუთი სტაბმა დახურეს იმის გამო, რომ ჩვენ გვიბეჭდავდა სარეკლამო პლაკატებსა და ბუკლეტებს. ასევე ბილბორდებთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ხომ უკვე არის არჩევნების დარღვევით ჩატარების წინაპირობა? ეს ხომ ერთი მთლიანი ჯაჭვია წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები. გაყალბება ხომ არ ხდება არჩევნების ბოლო დღეს? ის ხდება წინასწარვე, როდესაც ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსის გამოყენება ხდება.

ამიტომ ვამბობთ, რომ გაგვიყალბებენ არჩევნებს? ჩვენ ხალხთან ერთად დავიცავთ ქუჩაში ჩვენს ხმებს. ჩვენ ამას ვაპირებთ და პირდაპირ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არანაირ უკანონობას და არავის დახმარებას (სხვა სახელმწიფოს ვგულისხმობ) ჩვენი ხმების დაცვაში, არც ვინმეს წინ გამოძღოლას და არც ავტომატების ხელში აღებას, მაგრამ ხმების დაცვას ნამდვილად ვაპირებთ და დავიცავთ კიდეც.

- ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ თუკი ხელისუფლებისგან არჩევნების გაყალბების მცდელობა მაინც იქნება, ყირგიზეთის ამბები მოგენატრებათო. თქვენი აზრით, რატომ გაახმაურა ასეთი მუქარა თქვენმა თანაგუნდელმა?

- მოდით, რეალურად ვიმსჯელოთ, რა მოხდა ყირგიზეთში. ყირგიზეთის ამბები დაიწყო ხელისუფლების უხეში შეცდომების გამო. ყირგიზეთის ხელისუფლებამ დანიშნა საკუთარი ნათესავები ყველა წამყვან თანამდებობაზე, დაიწყო საბიუჯეტო რესურსების სათავისოდ გამოყენება, დაიწყო პრივატიზაციის პროექტები, რომელიც იყო ანგარებიანი და მოსახლეობა გააცურეს.

საქართველოს ხელისუფლებაც სერიოზულ შეცდომებს უშვებს და ეს არის საფუძველი იმისა, რომ შესაძლოა პროცესები ისე შეიცვალოს, რომ ყველაფერმა მშვიდად და წყნარად ვერ ჩაიაროს. არჩევნებს რომ გააყალბებენ, ხომ ყველას გვინახავს, რომ ამას სერიოზული დაპირისპირება ახლავს თან? რა გგონიათ, რომ არჩევნებს გაგვიყალბებენ და ჩვენ გულზე ხელს დავიკრეფთ და ამას მშვიდად შევხვდებით?

- თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს ლევან გაჩეჩილაძეზე მაღალი რეიტინგი გაქვთ?

- ამ „ჩამჭრელ“ შეკითხვას ხშირად მისვამენ ჟურნალისტები. იცით რა? ხალხმა გადაწყვიტოს ვის ენდობა და ვის - არა, არჩევნებზე ხომ გამოჩნდება, ვის აქვს მაღალი რეიტინგი და ვის - არა? თქვენ გგონიათ, რომ ტრაგედიად ჩავთვლი, თუკი გაჩეჩილაძეს ჩემზე მაღალი რეიტინგი ექნება? მთავარია სახელისუფლებო კანდიდატზე მაღალი რეიტინგი გვქონდეს.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100